„ოპოზიცია არ უნდა გათამამდეს... ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ქუჩაში გამოსული პროტესტი სახლში არ შებრუნდეს“- ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„დიდ მოთამაშეებს შორის კომპრომისი საქართველოს კი არა, უკრაინის საკითხზე უფრო მოხდება!

 ავტორი: თათია გოჩაძე

 20 და 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა. ამ აქციებს ზოგი 1989 წლის აპრილის მოვლენებს ადარებს. აქ „თავების დათვლა“ აზრადაც არავის მოსვლია, რადგან ისედაც თვალნათლივ ჩანდა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსული ათიათასობით ადამიანი ქმნიდა მუხტს, რომელიც ბოლო 30 წელია, საქართველოში არავის უნახავს. 20 და 24 ივნისს, საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში იმის დასამტკიცებლად გამოვიდა, რომ ჩვენ - ქართველი ერი ვირჩევთ ევროპას და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ჩვენც ვიმსახურებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სამოქალაქო მოძრაობამ - „შინ ევროპისკენ“ მორიგი მასშტაბური აქცია 3 ივლისისთვის დააანონსა. მანამდე კი, როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მთელი ქვეყნის მოსახლეობას შეხვდებიან, რათა საპროტესტო მუხტი გაცილებით მასშტაბური გახდეს. აქციების ორგანიზატორები ითხოვენ, გადადგეს პრემიერ-მინისტრი; შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი „ტექნიკური მთავრობა“ და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ ჩატარდეს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. რამდენად რეალურია ეს  მოთხოვნები და რა შედეგს გამოიღებს ზაფხულის აქციები? - „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციების ორგანიზატორების მხრიდან უფრო რეალურად მისაღწევი იქნებოდა, თუ ხელისუფლებას ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას აიძულებდნენ, რადგან მისი თქმით, უფრო მეტი შანსია, ხელისუფლებამ ეს პუნქტები შეასრულოს, ვიდრე ძალაუფლება დათმოს...  

 

- ბატონო ვახტანგ, 20 ივნისს, რუსთაველზე უამრავი ადამიანი გამოვიდა, ამ მასშტაბის აქცია მე არ მახსენდება... თქვენ რაზე მიგანიშნებთ ეს ფაქტი?

- გეთანხმებით, ხალხის დიდი რაოდენობა გამოვიდა. იყო რამდენიმე მომენტი, როცა საზოგადოება მართლა გამოვიდა ქუჩაში, არ ვლაპარაკობ ბოლო ათწლეულზე, მაგრამ პროტესტის ასეთი მასშტაბი და სხვადასხვა ჯგუფისგან შემდგარი საზოგადოება, ბოლო წლებია, რუსთაველზე არ ყოფილა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ცნობილი იყო, რომ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებდა. ეს არის საქართველოს მოსახლეობა იმ გამოკითხვებით, რომ 85% ევროპისკენ მიისწრაფვის და ეს დადასტურდა ამ აქციითაც.

რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ ევროპისთვის განკუთვნილი აქცია იყო და საზოგადოება იმიტომ გამოვიდა, რომ ევროპას დაენახა ჩვენი მისწრაფებებიო, მთლად ასე არაა. კი, იყო ეს მოტივი, მაგრამ არის მეორეც - ეს იყო საპროტესტო აქცია. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ჩვენი მომხრეებიც იყვნენ აქციაზეო, ძალიან ცუდი, თუ ასეა, ე.ი. უნდა ჩათვალონ, რომ ეს ხალხი მათი მომხრე უკვე აღარაა. ხელისუფლებისთვის უკეთეს შემთხვევაში, ისინი პატარა პარტიებში გადანაწილდებიან, უარეს შემთხვევაში კი ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდებიან. 24-ში მომეჩვენა, რომ აქცია ცოტა შემცირებული იყო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან 24-ში დადასტურდა ის, რაც 20-ში უკვე ვიცოდით. ვნახოთ, რა მოხდება 3 ივლისს. თუ დაიწყება მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღის, მაშინ 3-ში, ნამდვილად იქნება ძალიან დიდი აქცია. ვფიქრობ, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ამაზე და დაიწყოს გამოსავლის ძებნა.

მეორე მხრივ, ოპოზიცია არ უნდა გათამამდეს, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და სასწრაფოდ არ უნდა მოინდომოს რაღაცების შეცვლა, რადგან ასეთი რაღაცებიც გვახსოვს, როცა ოპოზიციამ იჩქარა და სიჩქარეში ისიც დაკარგა, რაც ჰქონდა...

- რას გულისხმობთ?

- მახსენდება საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცია, როდესაც 2009 წელს, რუსთაველის გამზირი კარვებით იყო სავსე. მაშინაც დიდი აქციები იყო, ოღონდ ოპოზიციამ გამოსავალი კარვებიდან ვერ იპოვა, უფრო სწორად, იპოვა ძალიან ცუდი გამოსავალი - ჯერ იპოდრომზე შეიკრიბნენ, მერე პატრიარქთან წავიდნენ და ფაქტობრივად, მოსთხოვეს ლიგიტიმურობა სახელისუფლებო ორგანოების შტურმის აღებისა და ა.შ. ახლა, ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია, როცა ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს და აცხედებს, თუ არ გადადგება პრემიერ-მინისტრი, არ დავიშლებითო, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სახიფათო განცხადებებია, გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა ეროვნული მოძრაობის პიკშიც კი.

ამასთან, თუ გაიხსენებენ აქციის დღევანდელი ორგანიზატორები, თუ მათ ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალები, მაშინ კარვების აქციების დროს, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სამი თვე რუსთაველი გადაკეტილი იყო, მაგრამ მშვენივრად გრძნობდნენ თავს. თუ იმ სცენარზე ფიქრობენ, რაც 2003 წელს განხორციელდა, ესეც საკმაოდ არაზუსტია, აქაც ცოტა მეხსიერების დაძაბვაა საჭირო, რომ გაიხსენო, შევარდნაძის გადადგომას წინ უძღვოდა ბეიკერისა და ივანოვის ვიზიტები თბილისში. ეს ბურჯანაძეს უნდა ახსოვდეს კარგად, ხოლო რაც 2012 წელს მოხდა, ეს სააკაშვილს უნდა ახსოვდეს. 2003-შიც და 2012-შიც თუ რაღაცნაირად მოხდა კომპრომისებზე წასვლა არა ქვეყნის შიგნით, არამედ, ქვეყნის გარეთ, დღეს ეს კომპრომისები შეუძლებელია.

- რატომ?

- თუ კომპრომისებია საძებარი დიდ მოთამაშეებს შორის, ეს უკრაინის საკითხზე უფრო მოხდება, ვიდრე - საქართველოზე. მოკლედ, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ქუჩაში გამოსული პროტესტი სახლში არ შებრუნდეს.

- ამ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა მთავრობის გადაყენება, დროებითი „ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, ეს მოთხოვნები, ამ პირობებში, რეალურად მისაღწევია?

- ხელისუფლებას მოუწოდო, გადადექი და მე შემომიშვიო, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლების გადაბარებას ითხოვ. იმიტომ გავიხსენე 2009 წელი, რომ მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ თვითონ და არ გააკეთეს ის, რასაც დღეს ხელისუფლებისგან ითხოვენ და ეს ხელისუფლება რატომ გააკეთებს, უბრალოდ, არ მესმის. თუ სხვა სცენარს მოიაზრებენ, დღევანდელი ვითარება კარდინალურად განსხვავდება 2003 წლის პერიოდისგან, ამიტომ ეს მოთხოვნები არარეალურია. კარგი, დავუშვათ, ხელისუფლება თანახმაა, მაშინ უმრავლესობამ უნდა მოახდინოს ამ „ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმაცია? რატომ გააკეთებს ამას, იქნებ, არგუმენტი მითხრან... ამიტომ ვამბობ, სანამ რაღაცას გადაწყვეტენ, გაიხსენონ 2009 წელი, იქნებიან ქუჩაში და იქნებიან...  მაშინ სამი თვე იყვნენ ქუჩაში და არაფერი მოხდა.

- როგორი მოთხოვნა უნდა წააყენოს ოპოზიციამ, რომ რეალურად მისაღწევი იყოს?

- მზად არაა არც საზოგადოება, არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება რადიკალური ცვლილებებისთვის, მაგრამ მზადაა იმისთვის, რომ იმ 12 პუნქტის შესასრულებლად იბრძოლონ. ამიტომ ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეს ამას. იმის იმედი თუ აქვს ოპოზიციას, რომ შეუძლია „ტექნიკური მთავრობის“ დანიშვნა აიძულოს, იმის იძულება უფრო ადვილი და სწორი იქნება, რომ თითოეული პუნქტის შესრულება აიძულოს მმართველ ძალას. მოითხოვოს არა მთავრობის გადადგომა, არამედ, მთავრობის მიერ გაწერილი გეგმა - რას და როგორ აპირებს. შემდეგ ყველა პუნქტზე იყოს პირდაპირი ზეწოლა პარლამენტში და მის გარეთ... ხალხისთვის, ჩემი აზრით, სჯობს, ეს 12 პუნქტი შესრულდეს და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამას თავი დავანებოთ, ლაპარაკი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა. რა სჯობს - ვაიძულოთ ხელისუფლება და ვნახოთ, საით წაგვიყვანს ეს გზა - ეს სხვა თემაა. როცა დარწმუნებული იქნები, რომ ყველაფერი გააკეთე, რათა 12 პუნქტის შესრულება გეიძულებინა ხელისუფლებისთვის და ვერ გააკეთა ეს, მაშინ, შესაძლოა, უფრო რადიკალურ ნაბიჯზე იფიქრო, მაგრამ როცა ხელისუფლება ამბობს, ვიწყებ ამ პუნქტების შესრულებასო, გასაგებია, რომ არ გჯერა, არც მე მჯერა და მეტიც, დარწმუნებული ვარ, ყველანაიარად ეცდება, რაღაცნაირად გვერდი აუაროს ან შეალამაზოს, მაგრამ მუშაობაა საჭირო. იმის უფრო არ მჯერა, რომ პერმანენტული აქციებით რამე შედეგი დადგება. ისტორიაა ასეთი, 30 წელი მაინც უნდა გახსოვდეს, თუ პოლიტიკაში აპირებ რაღაცის გაკეთებას. გარდამტეხი მომენტები მაინც უნდა გააანალიზო.