რა მიზანს ემსახურება პატრიოტთა ალიანსის მიერ შექმნილი 40-სუბიექტიანი პოლიტიკური გაერთიანება - ინტერვიუ გოჩა ჯოჯუასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

(ო) პოზიცია

 გოჩა ჯოჯუა: „დასავლეთის საქართველოსადმი მხარდაჭერა არაჯეროვანია!“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 პატრიოტთა ალიანსის ინიციატივით, საქართველოში ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა, რომელშიც 40 ორგანიზაცია გაწევრიანდა: 1. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი; 2. ქრისტიან-დემოკრატები - გოჩა ჯოჯუა; 3. დემოკრატთა ალიანსი - სალომე მოსიძე; 4. მემარცხენე ალიანსი - სოსო შატბერაშვილი; 5. ეროვნული ერთიანობის პარტია - გიორგი ჭინჭარაული; 6. მონარქისტული პარტია - ირაკლი კობრავა; 7. ნეიტრალური საქართველო - ვალერი კვარაცხელია; 8. სოციალური სამართლიანობისთვის - მამუკა ტუსკაძე; 9. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - ავთანდილ ველითაური; 10. სამეფო გვირგვინი - ვაჟა აბაშიძე; 11. ქართული მარში - სანდრო ბრეგაძე; 12. მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსი (მალე გარდაიქმნება ქართველ ემიგრანტთა პარტიად) - ნანა გოგალაძე; 13. საქართველოს პარლამენტარები - თამაზ დაუშვილი, ოთარ ჭითანავა, ზურაბ ქველაძე, ამირან ტაკიძე, ნანა დევდარიანი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი; 14. გენერალიტეტი - გურამ ნიკოლაშვილი; 15. ვეტერანთა ლეგიონი - მალხაზ თოფურია; 16. ვეტერან სამხედრო ექიმთა კავშირი - ლაშა ქოიავა; 17. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია - ირაკლი შიხიაშვილი; 18. ჟურნალისტები სამართლიანობისათვის! - გიორგი კასრაძე; 19. ახალგაზრდა პატრიოტები - დავით აბაშიძე; 20. ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა - ანა სახვაძე; 21. ახალი თაობა პოლიტიკაში - ირაკლი ცხადიაშვილი; 22. საქართველოს განათლების ლიგა - მანანა ნიკოლაიშვილი; 23. პროფესორთა ლიგა - მამუკა კარტოზია; 24. დევნილთა სამოქალაქო ორგანიზაცია - ნაურ ჯიქია; 25. ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა - ურუზმაგ ქარქუსოვი; 26. ოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - იზოლდა ტიგიევა; 27. მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად - არჩილ ლეკიშვილი; 28. მთის განვითარების კავშირი - მარინა მოლოდინი; 29. მოძრაობადიპლომატები მშვიდობისათვის“ - ოთარ ჭითანავა; 30. სახალხო დიპლომატია - ნინო ანდრონიკაშვილი; 31. მოძრაობა სამართლიანობისთვის - სამველ პეტროსიანი; 32. ანტიმონოპოლური კავშირი - ხვიჩა წკეპლაძე; 33. ექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი - ჯუმბერ ბოლღაშვილი, ნინო კვარაცხელია; 34. მწერალთა და პოეტთა კავშირიდიაოხი“ - ერეკლე საღლიანი, ეკა კვანტალიანი; 35. მხატვარ-მოქანდაკეთა გაერთიანება - ბუდუ სირბილაძე, ნიკო ხერკილაძე; 36. საზოგადოებრივი გაერთიანება შემოქმედთა უფლებების დაცვის კავშირი - იმედა კახიანი, ოთარ მაღრაძე; 37. ქართული კულტურის ცენტრი - ნათია გამრეკლიძე; 38. სპორტსმენთა ლიგა - მამუკა აფციაური; 39. საქართველოს პარაკარატეს ეროვნული ფედერაცია - გიორგი კაკაბაძე; 40. კიოკუშინ კარატეს ფედერაცია - გოჩა კაკაბაძე.

„ვერსია“ გაერთიანების ერთ-ერთ მონაწილეს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერ გოჩა ჯოჯუას ესაუბრა:

 - გაერთიანების მიზანი იმას ეხება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება - პოლიტიკა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის ურთიერთობის გარკვევამდე დავიდა. ამიტომ ყველა ხვდება, რომ აუცილებელია გარკვეული ცენტრის შექმნა, რადგან ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს არ ძალუძთ ძირეული ცვლილებების გამოწვევა, საჭიროა გაერთიანება, რასაც მივესალმები და ვეცდები, ხელშემწყობი გავხდე.

- ეს მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის მცდელობა ხომ არაა?

- რამდენად შეძლებს ამას ეს გაერთიანება, გამოჩნდება. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რათა გარკვეული ველი შეიქმნას რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტიკურ ქმედებებთან დაკავშირებით, გასაერთიანებლად. თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ზავის მდგომარეობაშია და რომელიც არ ცნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, ამ ქვეყანასთან რა ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს - ეს საკითხი შეიძლება, გარკვეულად წყალგამყოფი იყოს ამ გაერთიანებაში, თორემ ყველა იმ საკითხზე ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, პოლიტიკურ კრიზისში ვიმყოფებით და არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი.    

- როგორც ამბობთ, ამ გაერთიანების წყალგამყოფი საგარეო კურსი ანუ რუსეთთან ურთიერთობაა. პირადად თქვენი პოზიცია როგორია?

- ჩემი ხედვა ისაა, რომ დღეს რუსეთთან აუცილებლად სალაპარაკოა და დროშიც შეზღუდულები ვართ. სანამ უკრაინის პრობლემა არ მოგვარდება, ისე ვართ, როგორც ჯონჯოლი სუფრაზე. საქართველო უკრაინასთან ერთად მხოლოდ დამატებით, მეორეხარისხოვან კონტექსტში მოიხსენიება, თორემ პრობლემა უკრაინასა და რუსეთს შორისაა და ასეთი სიტუაცია, შეიძლება, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყოს, რადგან საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთთან იომა და საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, კარგად გადახარშა და დასკვნები გამოიტანა რუსეთმა. ამ ომიდან დიდი გაკვეთილი გამოიტანა უკრაინამაც, ერთადერთი, ვინც ვერ იხეირა, მარტო საქართველოა. პარტნიორებისგან მეტს მოვითხოვდი და დღესაც, როცა ასეთი დაძაბული სიტუაციაა, თუკი პარტნიორი ხარ, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთო ჩვენთვის. ეს გაკვეთილი უკრაინამ, რუსეთმა, აშშ-მა და ევროპამ კარგად გამოიყენეს, ჩვენ კი ვერაფერში წაგვადგა. დღეს არის შანსი, რომ რუსეთთან სწორი პოზიცია დავიკავოთ. დღეს საუბარია ნეიტრალურ ურთიერთობაზე, რუსეთი ამბობს, რომ არ მოხდეს ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით. სინამდვილეში, საქართველო არც ერთ სამხედრო ბლოკში გაერთიანებული არაა და ნეიტრალურია, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი...

- სხვათა შორის, რუსეთის ამ ულტიმატუმის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, სწორედ ახლა გაწევრიანდეს საქართველოს ნატო-ში...

-  რას ლაპარაკობთ? არ ვიცი, ამას საქართველოს გარდა, სადმე თუ ამბობენ.

- დასავლეთიდან ოპტიმისტური განცხადებები კეთდება ამ საკითხზე, რუსეთის მიმართ კი მკვეთრად გამწვავდა აშშ-ისა და ნატო- წარმომადგენლების პოზიცია...

- გთხოვთ, ჩვენ რაც გვსურს, ის კი არ მოვისმინოთ, არამედ, ის გავაანალიზოთ, რასაც რეალურად ამბობენ. უკრაინაზე როცა მიდის საუბარი, ნატო-ში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი აშშ ამბობს, რომ თუკი მოხდება რუსეთის მსხვილმასშტაბიანი შეჭრა ანუ საუბარია არა ლუგანსკსა და დონეცკზე, არამედ, მსხვილმასშტაბიან ოპერაციაზე სხვა რაიონებშიც, ამ შემთხვევაში, სანქციებს ავამუშავებთო...

- ბატონო გოჩა, ბოლო გამოსვლისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება და ამასთან, დასავლეთმა რუსეთის მიმართ ტონი მკვეთრად გაამწვავა. ამაზე მარტო მე კი არა, თითქმის მთელი მსოფლიო საუბრობს...

- და რა რეაქცია მოჰყვება დასავლეთის მხრიდან რუსეთის შეჭრას? სანქციები?

- მათი განცხადებით, რეაქცია იქნება იმის შესაბამისი, თუ რა მასშტაბის ქმედებას განახორციელებს რუსეთი... მოდით, ისევ შიდაპოლიტიკურ საკითხს დავუბრუნდეთ...

- გეუბნებით, რომ ასეთ სიტუაციაში, აქვს შანსი საქართველოს, რომ პროცესი პრობლემების მოგვარებისკენ დაიძრას...

- რა ნაბიჯებს გულისხმობთ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს და რუსეთს შორის საუბრის დაწყება?

- სწორედ ამ პირობებში უნდა ხდებოდეს, ოკუპირებული რომაა, თორემ ჩვენს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს, სულ სხვა იქნებოდა... პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი, რომ დიალოგი შედგეს. მინსკის ხელშეკრულებაში იმაზეა საუბარი, რომ ლუგანსკსა და დონეცკს მიენიჭოს ფედერაციის სტატუსი ანუ ავტონომიები იგულისხმება. ჩვენთან რომ ამაზე იყოს ლაპარაკი, უდიდესი მიღწევა იქნებოდა, არადა, ესეც კი სანატრელია.

ჩვენ, შეიძლება, იმაზე დავიწყოთ ლაპარაკი, ჩვენს ტერიტორიაში, პირდაპირ იმ სტატუსით თუ არა, ყოველ შემთხვევაში, როგორ შეიძლება, აფხაზეთი და ცხინვალი აღმოჩნდეს ანუ გარკვეულ სამართლებრივ სივრცეში, ჩვენთან ურთიერთობაში...

- რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის დათმობა რომ უნდოდეს, საქართველოს ნაბიჯს დაელოდებოდა საუბრის დასაწყებად?

- და ჩვენ ვწყვეტთ რამეს?! აკრძალული გვაქვს საერთოდ რუსეთთან ლაპარაკი, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. აგვისტოს ომის მერე, აგვიკრძალეს ეს...

- ვინ აგვიკრძალა?

- აკრძალული გვაქვს საუბარი რუსეთთან ამერიკელების გარეშე. შეგვიძლია, ამერიკელებს ვუთხრათ1, რომ თუნდაც „3+3“ ფორმატში, სადაც ნატო-ს ერთი ქვეყანაა - თურქეთი, იქ დავსხდეთ, მოლაპარაკება დავიწყოთ და მათგან იმედი გვქონდეს, რომ ისინი დაგვეხმარებიან?

- ბატონო გოჩა, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, საქართველო რუსეთთან პირისპირ შეიძლება დაჯდეს მოლაპარაკებაზე, დასავლეთის თანდასწრების გარეშე? ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს არ შეიძლება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და სწორედ ამიტომ არ ურჩევენ საქართველოს „3+3“ ფორმატში მონაწილეობას...

- და რატომ ვერ დაჯდება, რა უშლის ხელს? იმის არ იყოს, ნატო-ში იმიტომ არ გვიღებენ, რომ ნაკლები დემოკრატია გვაქვსო. იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რომლებიც მათი მხარდაჭერილი იყო, პასუხისმგებლობა არ აქვთ, გნებავთ, სააკაშვილზე და გნებავთ, ივანიშვილზე? - მათი პასუხისმგებლობა აქ საერთოდ აღარაა?! რა მივიღეთ საერთოდ, თურქეთში მეტი დემოკრატიაა, თუ ავღანეთში უფრო მეტი იყო?! 800 მილიონი დაიხარჯა ავღანეთში, გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემნაირი პარტნიორი ამერიკისთვის, რთულად ჯდება სალაპარაკოდ, რადგან მიმაჩნია, რომ მათ მაქსიმუმი არ გაუკეთებიათ. ქვეყნის ეკონომიკა ჩამონგრეულია, აღარ არსებობს და რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი?! რაზეა საუბარი, რომ არ დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ და რას ვხედავთ, ამ ქვეყანას რამეში ეტყობა, რომ ფეხზე დგას?! დამექცა ქვეყანა, საქართველოდან ადამიანები გარბიან და ვიღაც მეტყვის, რომ სუვერენიტეტია ეს?! სუვერენული სახელმწიფოსთვის შეიძლება მოითმინო გარკვეული პერიოდი, თორემ სუვერენულად მკვდარი და დაქცეული თუ ვიქნები, ამის აზრი მითხარით! დასავლეთის მხარდაჭერა არაჯეროვანია და ისეთი, რაც ჩემს ქვეყანას მისცემდა საშუალებას, რომ გაეძლო რუსეთის ზეწოლისთვის და ვერც ვუძლებ!

- მოდით, შიდაპოლიტიკას დავუბრუნდეთ, რას უნდა ველოდოთ თქვენი გაერთიანებისგან, საპროტესტო აქციებს, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით?

- ჯერ ვერ მოიძებნა შემაკავშირებელი მომენტი, ალბათ, მომწიფდება პროცესი... ლიბერალური ფრთა ცალკე გაერთიანდება და რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი იქნება... იგივე პროცესები მიდის, რაც მსოფლიოშია.

- მოკლედ, აქციებით არ აპირებთ პოლიტიკური გაზაფხულის გახსნას?

- ჯერ ვერა იმიტომ, რომ აქ სოციალური პრობლემები არაა მხოლოდ, ეს სიცოცხლისთვის ბრძოლაა ანუ უნდა მომწიფდეს სიტუაცია, რომ გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც არის, როგორ უნდა შევცვალოთ პოლიტიკოსებმა. როცა ვამბობთ, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით გამოდით ქუჩაში, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს გააზრებული არ აქვს და ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ მათი ცხოვრების შეცვლას. ჯერჯერობით, ამას ვერ ხედავენ. ვფიქრობ, თანდათან წამოვა ის სოციალური პრობლემები, რის გამოც ურთულეს მდგომარეობაშია ეს ქვეყანა.

- მიზეზი, რის გამოც ოპოზიციას ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავს, ისიც ხომ არაა, რომ წლების განმავლობაში, ოპოზიციური პარტიები ვერაფერს ცვლიან და ადამიანებს ნდობა და იმედი უქრებათ? ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ახალ პოლიტიკურ ძალას ითხოვს?

- ჰქონდათ ეს დაკვეთა და მგონი, მიიღეს... ახალი პარლამენტის თავმჯდომარეები და ლიდერები... ახალი რითი განსხვავდება ძველისგან? მივიდნენ იქამდე, რომ ახალი არაფერს ცვლის. მერე, საერთოდ პოლიტიკოსები არ უნდოდათ. ერთი პერიოდი, ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ახლა თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა საქმის გაკეთებაო! ესეც დამთავრდა და სჯობს, ამ ხალხმა ისევ ძველებს მიხედოს და უკეთ შეარჩიოს...