სისხლიანი 7 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე - რითი იმართლებს თავს ექსპრეზიდენტი და როგორ მზადდებოდა ხალხის დარბევა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

ავტორი: ნინო დოლიძე

 

იმ დღეს, როცა სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა, ყველა ან თითქმის ყველა ის ადამიანი ელოდა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის სისხლიანი მოვლენების მონაწილეა. ისეთებიც არიან, რომლებიც მაშინ დაზარალდნენ, თუმცა დღეს ყველაფერს სხვა თვალით უყურებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან გამოშვებას ითხოვენ. რას ფიქრობს თავად მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერზე? ალბათ, ვინმეს ეგონა, რომ ექსპრეზიდენტი რაღაცებს გადააფასებდა და იტყოდა, რომ მისმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, თუმცა რეალობა ისაა, რომ სააკაშვილი ისევ ძველ ჩვენებას „აწვება“ და ამბობს, 14 წლის წინ, საქართველოში, პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, რომლის უკანაც კრემლი იდგა. მეტიც, სააკაშვილი 7 ნოემბერსა და 20 ივნისს ადარებს და ამბობს, რომ 20 ივნისს უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა, ვიდრე - 7 ნოემბერს.

 

***

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს. ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად 7 ნოემბრის კადრებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით, მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლოტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში.

ქართველო მიდიოდა ნატო-სკენ, 2006-ში პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს, ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშნკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი, ოლმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ჩემთან უნდა ჩამოსვლაო და ითხოვს ნებართვას, რომ მე შემხვდეს. მე ვუთხარი, როგორც გინდა, ქენი-თქო, მაგრამ არაფერი სარფიანი მაგ საქმიდან არ გამოვა, ნუ, არ მიიღო. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო - დამირეკა პუტინმაო და მითხრაო, ბიჭები მოვლენ და დაელაპარაკებიან პატარკაციშვილს, შენთვის არ არის აუცილებელი მათთან შეხვედრაო. „ეფ ეს ბე-ს სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი და პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდნენ და პუტინმა გამოუცხადა, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.

ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები, პატარკაციშვილის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. სუს-ში უნდა ინახებოდეს აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს 2007 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით, ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ჩამოსულები იყვნენ ერევანში კანონიერი ქურდები“ - უსოიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქცია იყო არეულობის ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს არის ეფ ბი აი-ს გამაფრთხილებელი წერილი.

2007 წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია. ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის ელჩი ნატო-ში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე და კონფერენცია, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე, გაშუქდა ძალიან ფართოდ... პრაქტიკულად, გადაწყდა, საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებებით, რა მაგარი ქვეყანაა. წავიდნენ, თუ არ ვცდები, 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა, დემონსტრაცია თბილისში.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთი დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი, მაგალითად, დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია მაგ დროისთვის იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალი. მართალია, ეკონომიკური განვითარება იყო უფრო დიდი, ვიდრე ახლა, მაგრამ შემოსავალი ვიღაცას ჰქონდა უფრო მაღალი, ვიღაცა კი გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური მიზეზი, რომ ჩვენზე ყოფილიყო გაბრაზებული. ამიტომ, მართლაც იყო დიდი მიტინგი, ჩვენ ეს მივიღეთ, როგორც სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი, წარმოთქვა სიტყვა და ამით ყველაფერი ნათელი იყო, რისთის და როგორ ეწყობოდა ეს.

შემდეგ, გაგრძელდა პატარა საპროტესტო აქციები. 7-ში, დილას, მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ პოლიციას პატარა შეტაკება მოუვიდა იმასთან, მერე გადაიზარდა იმაში, დაახლოებით, ის მოხდა, რაც დღეს, სასამართლოს წინ. ამის შემდეგ ბევრი ხალხი გამოვიდა და ავანსცენაზე იყო შს მინისტრი. მე ამას ვუყურებდი ტელევიზორით, მე არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია და ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი.

ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმის აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკების. ამის შემდეგ გავაკეთე ის, რასაც, პრაქტიკულად, ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში. მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან, რატომ გავაკეთე ეს? - იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო, არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატო-ში ინტეგრაცია. შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია თებერვალში და მითხრა, ეს რა მაგარი რაღაცები გაგიკეთებიაო და მითხრა, რომ შენ რაც გააკეთე, რომ გადადექი, ამიტომ ხარ აქ და ამიტომ გიჭერ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე“, - განაცხადა 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასმართლოში მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. 30-ში კი, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდა.

იმის თქმა, რომ 7 ნოემბრის გამოსვლები რუსეთის ინტერესში არ შედიოდა, რასაკვირველია, ხელაღებით არ შეიძლება და ისიც ფაქტია, რომ მაშინ მაპ-ი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც დავშორდით, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ვერავინ უარყოფს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, სახელმწიფომ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

და მაინც, რა ხდებოდა და რა პროცესები უძღოდა 2007 წლის 7 ნოემბერს? - „ვერსია“ 14 წლის წინანდელი მოვლენების მოკლე ქრონოლოგიას გთავაზობთ.

 

როგორ მზადდებოდა 7 ნოემბერი

2007 წლის 12 სექტემბერი - შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობას ტოვებს. ქარელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ გორის გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

14 სექტემბერი - ოქრუაშვილთან დაახლოებული ორი დეპუტატი - თეო ტლაშაძე და ქეთევან მახარაშვილი მმართველი პარტიას, ესე იგი, ნაცმოძრაობას ტოვებენ.

25 სექტემბერი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი ქიტოშვილს, რომელიც ასევე, ოქრუაშვილის გარემოცვის წევრია, გამოძალვის ბრალდებით აპატიმრებენ. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახური ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესსაქმიანობის შესწავლას იწყებს.

25 სექტემბერსვე, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელსაც „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერქმევა. პარალელურად, თავდაცვის ექსმინისტრი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში, სააკაშვილის კარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

სომბოლური დამთხვევა - 27 სექტემბერს, ესე იგი, სოხუმის დაცემის დღეს, ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ფულის გამოძალვის, გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით აპატიმრებენ.

28 სექტემბერი - პარლამენტის წინ, ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით, ათასობით ადამიანი იკრიბება.

29 სექტემბერი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ექსმეგობარ ოქრუაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რასაც ოქრუაშვილი მაბრალებს, სიცრუეაო..

8 ოქტომბერი - ოქრუაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს უარყოფს და აცხადებს, მინდოდა, ამ ბრალდებებით, მე და ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური დივიდენდები მიგვეღოო.

ამასთან, ოქრუაშვილი ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობასაც აღიარებს. რამდენიმე დღეში, თავდაცვის ექსმინისტრი 10-მილიონიან გირაოს იხდის და საპატიმროს ტოვებს. ისე, საინტერესოა, სახელმწიფო მოხელეს ამდენი ფული საიდან ჰქონდა?!

10 ოქტომბერი - ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში ღიად ერთვება და აცხადებს, ქვეყანაში არსებულმა რთულმა სიტუაციამ, შესაძლოა, მაიძულოს, რომ პოლიტიკაში მოვიდეო.

11 ოქტომბერი - ოქრუაშვილის მხარდამჭერები საზოგადოებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნობენ.

17 ოქტომბერი - ათი ოპოზიციური პარტია, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, 12-პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს.

19 ოქტომბერი - ქუთაისში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი იკრიბება. ქუთაისის მიტინგი 2 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო აქციის ერთგვარი რეპეტიციაა.

22 ოქტომბერი - ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტულ აქციებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

23 ოქტომბერი - ბათუმში, ოპოზიციის ორგანიზებით, რამდენიმეათასიანი აქცია იმართება.

25 ოქტომბერი - საქართველოს გზის, თავისუფლებისა და რესპუბლიკელების ლიდერები - სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ხავიერ სოლანას ხვდებიან.

28 ოქტომბერი - ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას დააფინანსებს, რათა აქციები „ცივილიზებული გზით“ გამართოს.

იმავე დღეს, ზუგდიდში, ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები ორ ოპოზიციონერ დეპუტატსა და ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს სცემენ.

30 ოქტომბერი - დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება, არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

1 ნოემბერი - რეგიონებიდან თბილისში, 2 ნოემბრისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ათასობით ადამიანი ჩამოდის.

2 ნოემბერი - პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათიათასობით ადამიანი იკრიბება.

იმავე დღეს, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ხვდებიან. მოგვიანებით, ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება, არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

3 ნოემბერი - პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია განახლდა. ოპოზიცია ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაა.

7 ნოემბერი - დღის პირველ ნახევარში, პოლიცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ცრემლსადენი აირით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური თოფებითა და წყლის ჭავლით შლის.

დაბინდებისთანავე, ნიღბიანი სპეცრაზმელები ტელეკომპანიების - „იმედი“ და „კავკასია“ - სტუდიებს არბევს, რის გამოც, ორივე ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს.

გვიან ღამით, პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში, საგანგებო ვითარებას აცხადებს.

8 ნოემბერი - დილის 11.00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმი სტუდენტურ აქციას არბევს.

ამასთან, ოფიციალური თბილისი საქართველოდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ოფიციალური კრემლი საპასუხი ნაბიჯს დგამს და რუსეთიდან სამ ქართველ დიპლომატს აძევებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნებსა და, ასევე, რეფერენდუმს  ნიშნავს.

16 ნოემბერი - საქართველოს მასშტაბით, 7 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა  უქმდება.

„ხალხი დაიღალა გაუთავებელი ექსპერიმენტებით - ოქრუაშვილი-პატარკაციშვილი. ერთი, არქიფო სეთურივით, ლონდონიდან გვიგზავნის ეპისტოლეებს და გვმოძღვრავს, მეორე კი აქციის დაშლა-არდაშლაზე გველაპარაკება“, - ამბობს საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერი, გიგი უგულავა.

 

სისხლიანი 7 ნოემბრის ქრონიკა

2007 წლის 7 ნოემბერის ალიონს თბილისი წვიმით შეეგება - თითქოს, დედაბუნებას ავი წინათგრძნობა ჰქონდა და იმას გლოვობდა, რაც რამდენიმე საათში უნდა მომხდარიყო.

10.00 საათზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ოფიციალურად განახლდება. დაახლოებით, ერთ საათში, დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას დაიწყებენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვება.

მედია ელბაქიძის დაღმართსა და „ვარდების მოედანზე“, სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ იუწყება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები მთაწმინდის პარკშიც განლაგდნენ.

ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ პატარკაციშვილის კუთვნილი მთაწმინდის პარკი დალუქულია.

პარლამენტის წინ არსებული ვითარება კულმინაციას 12:30 საათზე აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია აქციის დაშლას ხელკეტებით იწყებს.

12:50 საათზე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი გამოჩნდება, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს... მოწამვლის, ნევროლოგიური შოკისა და რესპირატორული გზების დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებებს 250-მდე პაციენტი მიმართავს.

16:00 საათისთვის, საპროტესტო აქცია რიყეზე გადაინაცვლებს, სადაც ხალხს ოპიზიციის ლიდერები მიმართავენ. ამასობაში, აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი პარლამენტისკენ იძვრება.

რიყეზე სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერთა სატელეფონო საუბრებსა და მათი შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. ფარულ კადრებში შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, ასევე, გოგა ხაინდრავა ფიგურირებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერები რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინირებდნენ.

საქართველო, რუსეთიდან ელჩს, ირაკლი ჩუბინიშვილს იწვევს. ამასთან, საგარეო უწყებაში რუს დიპლომატ ვიაჩესლავ კოვალენკოს იბარებენ.

17:40 საათზე, რიყეზე აქციის დარბევა იწყება. სპეცრაზმი კვლავ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

მოგვიანებით, ბადრი პატარკაციშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხდარს „ბოლშევიკური პუტჩს“ უწოდებს:

„სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს, 7 ნოემბერს, ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე, საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის.

ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალ-ღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი - უკანასკნელი თეთრის ჩათვლით, გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად. საქართველოს გაუმარჯოს!“

მმართველი გუნდი პატარკაციშვილის ამ განცხადებას ხელისუფლების დამხობის პირდაპირ მოწოდებად აღიქვამს.

20:55 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შედის. ტელევიზიასთან მოქალაქეები იკრიბებიან. საპატრულო პოლიცია ხალხს ხელკეტებითა და წიხლებით უსწორდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს... მოგვიანებით, „იმედის“ ჟურნალისტები იტყვიან, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები სასტიკად ექცეოდნენ - იატაკზე დააწვინეს და იარაღი დაადეს...

სხვათა შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის ამბებზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი ის, რაც ახლა თქვა, მაშინ არ უთქვამს. უბრალოდ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, მომხდარზე სინანული გამოთქვა:

„შვიდმა ნოემბერმა ჩვენ, ყველას გვასწავლა დიდი გაკვეთილი. დაგვანახა ის შეცდომები, რომელსაც მანამდე ვუშვებდით ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება. დაგვანახა, რამდენად მეტად უნდა უსმინოს მთავრობამ და პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს, რომ არ ჩაწყდეს ხიდი და არ გაწყდეს დიალოგი მთავრობასა და საზოგადოების თუნდაც ყველაზე პატარა ჯგუფს შორის“.

ასეა თუ ისე, სჯობს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ენმ-ს, როგორც მმართველი ძალის დასამარებაში ერთ-ერთი აგური, სწორედ სისხლიანი 7 ნოემბერი იყო და ახლა, მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერ იმის უკან ვინ იდგა.

სხვათა შორის, 7 ნოემბერმა ისიც კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა, რომ ჩვენს ოპოზიციას, განსაცდელის მიუხედავად, ერთ მუშტად შეკვრა არ შეუძლია ანუ 7 ნოემბრის შემდეგ, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია კი შეიქმნა, მაგრამ როგორც იმხანად კულუარებში ამბობდნენ, ამ გაერთიანებაში შემავალ ყველა სუბიექტს კერძო ინტერესები ამოძრავებდა, რაც გამოჩნდა კიდეც: გაერთიანებულმა ოპოზიციამ იმდენი ვერ შეძლო, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ბადრი პატარკაციშვილისთვის დაეჭირა. ამიტომ, ცხონებული ოლიგარქი, რომელიც, პრაქტიკულად, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების მოტორი იყო, ვადამდელ არჩევნებზე, მარტოხელა მგლის ამპლუაში მოგვევლინა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელსაც, როგორც ამბობენ, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას სწორედ პატარკაციშვილი უწევდა, ოლიგარქს კონკურენტად ლევან გაჩეჩილაძე „ჩაუსვა“. გაჩეჩილაძე კი, როგორც მოგვიანებით ბადრი ბიწაძემ განაცხადა, ფარულად, თურმე, სააკაშვილს ხვდებოდა.

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზებით, სურათი ასეთია: ქართულ პოლიტიკურ ელიტას ჭირიც ვერ აერთიანებს.