ვინ არის მიშა - ეშმაკთან წილნაყარი, გიჟი, ავანტურისტი თუ ახალი სახელმწიფოს შემქმნელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რა საიდუმლო საქმე დევს ტარას შევჩენკოს ნაციონალურ უნივერსიტეტში სააკაშვილზე

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. ზოგისთვის ეშმაკთან წილნაყარია, ზოგისთვის - თავისუფლებისთვის მებრძოლი, ზოგისთვის გიჟია და ზოგისთვის - ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. ყველა ეს შეფასება, ცხადია, სუბიექტურია, მაგრამ ამ სუბიექტურობის მიღმა არსებობს გარკვეული ობიექტურობა ანუ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის ერთგვარი მოტორია. დიახ, გვინდა თუ არა, სჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოში დაბრუნებით ქართული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. ყოველ შემთხვევაში, თითქმის 50 დღეა, მთავარ პოლიტიკურ ამბებს ის ქმნის ანუ ყველა - გავლენიანი თანამდებობის პირებიდან დაწყებული, მედიითა და რიგითი ადამიანებით დამთავრებული, სააკაშვილზე ლაპარაკობს. მინიმუმ, ის მაინც აინტერესებს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. და მაინც, ვინაა მიხეილ სააკშვილი? - ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. შესაბამისად, „ვერსია“ ძველი ამბების გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ და მესამე პრეზიდენტის ბეგრაუნდიდან მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცებს გაგახსენებთ.

 დავიწყოთ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, ესე იგი, გასული საუკუნის 90-იანები წლების შუახანებიდანვე, მედიისა და შესაბამისად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს გასაკვირიც არ გახლდათ, რადგან ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსების მსგავსად არ ლაპარაკობდა და იგივე ლექსიკაც სხვანაირი ჰქონდა. ამიტომაც, ხალხმა იმთავითვე ჩათვალა, რომ მიშას ნდობა შეიძლებოდა. ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილი, ერთგვარად, „არსენა მარაბდელობას“ თამაშობდა. აი, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ვერტიკალის წევრი იყო, მაღალჩინოსნებს მედგრად ამხელდა და მათ კორუფციულ ვნებებზეც პირდაპირ სამთავრობო ტრიბუნებიდან ლაპარაკობდა.

ყველაფერ ამის პარალელურად კი, საზოგადოების ნაწილში მიშაზე ცუდი ამბებიც ვრცელდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ზოგი ამბობდა, ეს ხომ სოროსის ლეკვია, სოროსს კი ქართველობის წართმევა უნდა. პარალელურად, ის ხმაც დადიოდა, რომ მაშინდელი მმართველი პარტიის სახე ჩრდილოეთის თამაშებს თამაშობდა.

სხვათა შორის, სააკაშვილისა და ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის რუსულ კვალზე დღევანდელი ხელისუფლებაც აპელირებს და „ოცნების“ უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, საჯარო კომენტარებისას, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველში რუსულ ინტერესებს ყველაზე მეტად წინა ხელისუფლება ატარებდა.

ბუნებრვია, ამის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ მიშას პრორუსულობის მომხრეებს არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ „კა გე ბე“-ს ჯარში მსახურობდა და სწორედ მაშინ „დაავერბოვკეს“.

„საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, რომ იცოდეს მისი პრეზიდენტის ბიოგრაფია მთლიანად და შელამაზების გარეშე. მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა „კა გე ბე“-სთან, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე, რომ 1980-იან წლებში, საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და „კა გე ბე“-ს ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. არადა, ეს ინფორმაცია ჟონავს. მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის სრული ბიოგრაფია და ახლა, როცა მისი მომხრეები, აქეთ სხვებს ადანაშაულებენ ათას რამეში, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს - ამ ბიოგრაფიის კაცს რამდენად შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკაში საქართველოში. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მათ შორის, 2008 წელს, მიშას მიერ საქართველოს მეხუთედის ჩუქებას რუსეთისთვის. ეს ახსნა მის ბიოგრაფიაშია“, - ეს სიტყვები 2013 წლის მაისში, სოციალურ ქსელში, მწერალმა და უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ დაწერა.

ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია, თუმცა ძალაუფლება, შეიძლება ითქვას, აღარ აქვს, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებას უკვე „ოცნება“ აკონტოლებს. ამიტომ, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ კაკაბაძემ მიშას ბრალდება „ნაურაზე“ წაუყენა, თუმცა იგივეს ვერ იტყვიან ჟურნალისტ ბონდო ქურდაძეზე, რომელმაც ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი, 2012 წლის სექტემბერში, შემდეგი ინფორმაცია ქვეყნდება:

„სააკაშვილი КГБ-დან იწყება?! ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გთავაზობთ ფაქტებს, რომელთა გაანალიზების შემდეგ, დასკვნა თავადვე შეგიძლიათ გააკეთოთ და ერთ საინტერესო ისტორიაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს დამთავრებული აქვს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (კომუნისტური მმართველობისას, ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც  КГБ-ს „საბაზისო მიმართულების სასწავლებელი“ და ცხადია, მისი სტუდენტობისდროინდელი პირადი საქმე ამავე უნივერსიტეტში ინახება).

ვინაიდან ქვეყნის პრეზიდენტი საჯარო პირია, წესით და რიგით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიას. ალბათ, სწორედ ამ მოტივით, გაზეთ „შანსის“ რედაქტორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ, 2010 წლის აპრილში, თხოვნით მიმართა ხსენებული უნივერსიტეტის რექტორს, მიეცათ მისთვის საშუალება, გასცნობოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის ქსეროასლებს.

ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის რექტორის პასუხი ასეთი იყო: საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციებს და სააკაშვილის ნებართვის გარეშე არ გაიცემაო (?!). ბონდო ქურდაძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. დღეს ის, ოჯახთან ერთად, ლევილში ცხოვრობს და მინიჭებული აქვს პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი“.

ერთი სიტყვით, მიშას დასავლურ თუ ჩრდილოეთურ სპეცსამსახურთან ურთიერთობა ბურუსითაა მოცული. შესაბამისად,შეიძლება, ეს ჩვეულებრივი მითიც იყოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მითები ხალხისთვის ყველაზე კარგი იდეოლოგიური საკვებია.

ახლა, რაც შეეხება ახლანდელ მიშას, როგორც წეღან ვთქვით, პოლიტიკურ ნარატივებს ციხიდანაც ქმნის და „გმირობას“ „იჩალიჩებს“. არადა, ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება - გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და წერტილი.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე, თუ დავაკვირდებით, ერთ გავლენიან დასავლეთელ პოლიტიკოსსა თუ უფლებადამცველს არ უთქვამს, რომ უდანაშაულოა ანუ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას კი არ ითხოვენ, არამედ, ყველა ამბობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეთო. ესე იგი, რა გამოდის? - მსოფლიოს, რომელსაც 2013 წლის ანუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსჯავრდებული და ძებნილი იყო, მაგელანივით უვლიდა და ყველა რანგის პოლიტიკოსი რევერანსებით ხვდებოდა, სააკაშვილის უდანაშაულობის არ სჯერა?

ისე, ამ კონტექსტში, ისიც საკითხავია, მსოფლიო ლიდერები ძებნილს ფიანდაზებს რატომ უგებდნენ?

ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკას თავისი უცნაური წესები აქვს და აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, პრაქტიკულად, ერთადერთი იყო, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისა და რეფორმების ანტურაჟი შექმნა.

რაც შეეხება ოპოზიციის ჰიპოთეტურ განცხადებას, ცოცხალი სააკაშვილი ხელისუფლებას არ სჭირდებაო, ესეც იმ „ოპერიდანაა“, მიშამ ქართული სახელმწიფო რომ შექმნა.

ქართული სახელმწიფო მიშამდეც არსებობდა და მიშას მერეც იარსებებს, თუმცა იმის უარყოფა, რომ ენმ-ს მმართველობის დროს, სახელმწიფო ინსტიტუტები ევროპულ ყაიდაზე გადავიდნენ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

ამასთან, ისიც ნათელია, თუ ვინმეს არ უნდა, რომ მესამე პრეზიდენტის ამბავი ფატალურად დამთავრდეს, ეს სწორედ სახელმწიფოა, რადგან ამ სცენარის შემთხვევაში, საერთაშორისო თვალსაზრისით, პრობლემები მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას კი არა, ქართულ სახელმწიფოს შეექმნება, თან ეს ისეთი პრობლემა იქნება, რომლის მოგვარებასაც ერთი-ორი თვე კი არა, დიდი ალბათობით, წლები დასჭირდება.

ერთი სიტყვით, სააკაშვილი საპატიმროშიც სააკაშვილია ანუ პოლიტიკურ ამინდს ქმნის. პოლიტიკოსის პოლიტიკოსობაზე კი, ძალიანაც რომ არ მოეწონოს ვინმეს, სწორედ ეს „ჟილკა“ მეტყველებს.

დიახ, პოლიტიკაში ცხოველური ჟინი გადამწყვეტია!