სოხუმის დაცემიდან 28 წლის შემდეგ - აფხაზეთის ომის ვეტერანების ტრაგიკული მოგონებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა... ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა, საქართველოსთვის ტრაგიკულად დამთავრდა - აფხაზეთი დაკვაგრეთ... დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშები დაშვებულია სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად... შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. „ვერსია“ აფხაზეთის ომის მონაწილეებს ესაუბრა, რომლების ომის ტრაგიკულ ისტორიებს იხსენებენ...

ვიცეპოლკოვნიკი გელა ათაქიშვილი:

„დღეს მე სინანულით ვიხსენებ 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად ამ დღეს, 28 წლის წინ ქალაქ სოხუმის დაცვისას, რკინიგზის სადგურის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დამჭრეს. ჩვენ მეომრებმა, ფაქტობრივად, განიარაღებულმა ქართულმა შენაერთებმა მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ დაეცვათ ქალაქი სოხუმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით იმიტომ, რომ სოჭის ხელშეკრულების შედეგად მძიმე ტექნიკა გავიდა აფხაზეთიდან და ფაქტობრივად, შიშველი ხელებით მოგვიწია ბრძოლა. ჰაერიდან, ზღვიდან, ხმელეთიდან, ყოველი მხრიდან მოგვაქციეს ალყაში და საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სოჭის ხელშეკრულება რომ არა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ შევძლებდით ქალაქ სოხუმის დაცვას, მე ამ პერიოდში ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დავიჭერი, სოხუმი უმოწყალოდ იბომბებოდა ყველა მხრიდან, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა და დასანანია რომ ჩვენ სოხუმი დავკარგეთ.

1992 წლის 14 აგვისტოს ჩვენ შევედით აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ეშელონებში რომ დაგვეცვა, რკინიგზის ტვირთი, რომელიც იძარცვებოდა. პირველ შესვლისთანავე მოგვიკლეს ჯარისკაცი და ამგვარი შეტაკებები ფართომასშტაბიან ბრძოლაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია უამრავი მსხვერპლი ორივე მხრიდან.

ჩემს გვერდით მებრძოლი ერთ-ერთი ჯარისკაცი კობა ხეჩიკაშვილი, კასპის რაიონის სოფელ „დოესიდან“ იყო, ის ტანკიდან გამოსროლილი ჭურვის აფეთქების დროს გარდაიცვალა. გარკვეული წლების შემდეგ ჩვენ „წითელი ჯვრის“ დახმარებით ჩამოვასვენეთ სამების ეკლესიაში და ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ.

1993 წლის 26 სექტემბერს ჩვენ გადავფრინდით სოხუმში იმიტომ, რომ სოჭის ხელშეკრულების შედეგად აგვისტოს თვეში უკვე ე.წ. შეთანხმება დაიწო, რომლის თანახმადაც, ბავშვები 1-ელ სექტემბერს ქალაქ სოხუმში სკოლაში წავიდნენ, მაგრამ ვგრძნობდით, ეს დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა და მზადყოფნაში ვიყავით, რატომღაც 50%-ით გვჯეროდა, რომ მშვიდობიან პერიოდს მივაღწევდით. გვინდოდა მოლაპარაკებების შედეგად ხალხი დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო, მაგრამ ხელშეკრულების უამრავჯერ დარღვევის ფაქტის გამო, მეომრებს მოწინააღმდეგის ნდობა აღარ გვქონდა.

21 სექტემბერს გადავფრინდით თბილისის აეროპორტიდან და სოხუმში ჩაფრენამდე კატარღებიდან გვესროლეს, თუმცა როგორღაც დაზიანებული თვითმფრინავი ბევრი წვალების შედეგად დაჯდა მშვიდობით. ჩვენს შემდეგ კიდევ ერთი თვითმფრინავი გამოფრინდა 22-ში, მას უნდა გამოვყოლოდით, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მოგვიწია წინა დღით ასვლა, მომდევნო დღეს კი გავიგეთ, რომ ის თვითმფრინავი, რომლითაც ჩვენი მგზავრობა უნდა განხორციელებულიყო, ჩამოაგდეს და უამრავი ადამიანი დაიღუპა.

26-ში მოვიდა ბრძანება, რომ სოხუმი უკვე მძიმე მდგომარეობაშიაო და სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით მის დასაცავად, მშვიდობიან მოსახლეობაში და მებრძოლებშიც იყო ძალიან დიდი მსხვერპლი. ნაღმტყორცნის ჭურვისას აფეთქების დროს კიდევ ერთხელ მძიმედ დავიჭერი და თანამებრძოლებმა გამიყვანეს ბრძოლის ველიდან, მოვხვდი „აგუძერის“ ჰოსპიტალში, სადაც სასწრაფოდ გამიკეთეს ოპერაცია, რადგან აქაც იწყებოდა ევაკუაცია. როდესაც გადამიყვანეს თავშესაფარში, ჩემმა მეომრებმა მოიყვანეს ტყვე და მის დახვრეტას აპირებდნენ, მაგრამ გარკვეულმა ადამიანურმა ფაქტორებმა ჩემზე იმოქმედა და იმის მიუხედავად, რომ სოხუმის დაცემას უკვე ვგრძნობდით, არ გავიმეტე მოწინააღმდეგე, იარაღი წაართვეს და ვთქვი, რომ ესეც საკმარისი იყო, არ უნდა დაგვეხვრიტა. მეომარი თუ ხარ, მოწინააღმდეგესაც პატივი უნდა სცე.

ჩემი თვალით ვნახე რკინიგზის ვაგზალზე მხედრიონი და 23-ე ბრიგადის მებრძოლები გააფთრებულები იბრძოდნენ. ჩვენი დამარცხება იმის შედეგია, რომ არათანაბარი ძალებით მიმდინარეობდა ომი, ამიტომ კბილებით დაცვას ვცდილობდით, მაგრამ მძიმე ტექნიკა ჩვენ არ გვქონდა.

საშინელება იყო, როდესაც ვხედავდით, როგორ გარბოდა მოსახლეობა, მათი მზერიდან ჩანდა, რომ მათთვის ჩვენ ერთადერთი მაშველი ძალა ვიყავით. ბოლომდე ვიცავდით სოხუმს, იმედი გვქონდა, რომ უფრო მეტი ძალები შემოვიდოდა ოჩამჩირის ხაზიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, შემოსვლა ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ გზა გადაუკეტეს, მათ მხარეშიც ბრძოლები მიმდინარეობდა, ტანკები აუფეთქეს და ა.შ. სოხუმის დაკარგვა თითოეული მებრძოლისთვის უდიდესი ტრაგედია იყო.

ჟიულ შარტავა და იქ მყოფი მებრძოლები ძალიან დაგვენანა. მინისტრთა საბჭომდე ვეღარ მივედით იმიტომ, რომ უამრავი მებრძოლი დაგვეჭრა, დაიღუპა და ჩვენ მათ ვეღარ ვუშველეთ. მე დავინდე აფხაზი ტყვე, მის მოკვლაზე უარი ვთქვი და წარმოიდგინეთ, ამ დროს განიარაღებული შარტავა და მასთან ერთად მყოფი მეომრები წაიყვანეს და ასე უმოწყალოდ დახვრიტეს, იარაღი ჩამოართვეს და დაჰპირდნენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნედებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოატყუეს და უიარაღო ხალხი დახოცეს. ბრძოლა 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა“, - ამბობს გელა ათაქიშვილი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

 

ფხაზეთის ომის მონაწილეს, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, ლევან ასათიანი:

„მე 23 სექტემბერს დავიჭერი მძიმედ სოხუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერე უკვე ვიყავი აგუძერის ჰოსპიტალში და 26-ში გადმომიყვანეს თბილისში. ასე რომ, სოხუმის დაცემის მომენტის მომსწრე ფიზიკურად არ ვარ. მე რომ არ დავჭრილიყავი, ალბათ, ჩავრჩებოდი სოხუმში და ვერ გამოვიდოდი. ფაქტობრივად, დაჭრამ გადამარჩინა. ჩვენი განწყობა კი იყო ასეთი, რომ მე და ჩემი ბატალიონის მებრძოლები არ დავტოვებდით სოხუმს. ეს იყო ემოციური ტაბულა ჩვენი იქ ყოფნის. სოხუმს არ დავტოვებდით არაფრის დიდებით. რაკი მე დავიჭერი, შემდეგ უკვე მოხდა ბატალიონში არეულობა. მეთაური დაჭრილია და გაუგებრობები იყო... ძირითადი ასმეთაურები  კი სხვადასხვა ოპერაციაში წინა დღეებში დაიღუპნენ, ამიტომ მართვა უკვე დარღვეული იყო იმ დროისთვის ამ ბატალიონის შემადგელობაში. შესაბამისად, ჩემმა დაჭრამ გამოიწვია ამ ბატალიონის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. შესაბამისად, მორალური ფაქტორიც გახდა დაცემის მიზეზი, ჩვენი განწყობა იყო ისეთი, რომ სოხუმს არ დავტოვებდით...“

 

ავტორი: სალომე ნოზაძე

 

აფხაზეთის ომის მონაწილე, მამუკა ჭანუყვაძე:

"პირველ გვარდიელი ვარ და სოხუმის დაცემამდე სამი დღით ადრე დამჭრეს. ჩემზე ბევრი საუბარი არ მინდა. დღეს სურვილიც არ მქონდა რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა მიმეღო. მგონია, რომ ცოტახანში სამშობლოს მცველი არ გვეყოლება. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დიდი მუხტი იყო ქართულ საზოგადოებაში. ომის პერიოდში ძალიან პატარა ბიჭები მოდიოდნენ და თავს წირავდნენ, დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ დიდი განსხვავებაა მათში. ისინი ნამდვილი კაცები იყვნენ, არც ამ ახალგაზრობას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მგონია, პატრიოტიზმის და სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან. დღესდღეობით უამრავი სექტა და ორგანიზაცია პირდაპირ ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას და გაერთიანებული ძალების შექმნის საკითხს.

სახელმწიფოსთან მაქვს გარკვეული პრეტენზია, რომ ვეტერინარებს არ აქცევენ ყურადღებას. ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა ამ ადამიანებისთვის. ზოგი შრომობს და თავისით რაღაცას ახერხებს, მაგრამ ბევრი უკიდურესად გაჭირვებულია. ადამიანებს კიდურები არ აქვთ და თანხა არ ჰყოფნით, რომ პროტეზები შეიძინონ. სახელმწიფო ვითომ რაღაც ნაწილს უფინანსებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ადამიანი როდესაც დგას ქვეყნის სადარაჯოზე, მან უნდა იცოდეს, რომ მის უკან დგას სახელმწიფო და საზოგადოება. ასეთი ადამიანების ოჯახები მშივრები არ უნდა იყვნენ. თითქოს დამცინავადაც კი იყურებიან ვეტერანების მიმართ. ხალხს უნდა აცნობდნენ გმირებს, შეიძლება ქუჩაში მიდიოდე და ვიღაცამ დამცინავად შემოგხედოს. ჩვენ აქ ერთმანეთის ლანძღვას ვუნდებით და როგორ მოუნდებათ აფხაზეთში მცხოვრებლებს ურთიერთობის აღდგენა, როდესაც ამას ხედავენ. მე მაქვს იქით მხარეს კონტაქტი რამდენიმე პიროვნებასთან და როგორც ვატყობ, აქ არსებულ მდგომარეობას რომ ხედავენ აღარ უჩნდებათ სურვილი, რომ რაიმე დადებითი ნაბიჯები გადადგან. თუმცა, მიხვდნენ რომ რუსეთმა დიდ აბლაბუდაში გაგვახვია და ერთმანეთს გადაგვკიდა, რაც არაფრით არ შეიძლებოდა. აფხაზეთში მალე ვერ დავბრუნდებით, რადგან ქართველები ერთმანეთში ცუდათ ვართ, არ გვაქვს ერთიანობა. სანამ არ შეიცვლება ურთიერთობები და გაგება არ იქნება აფხაზეთშიც ვერ დავბრუნდებით."

 ავტორი: ია გრიგალაშვილი