56 ახალი სტატია

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია!“ - ინტერვიუ მიხეილ სარჯველაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ოპოზიცია ადამიანებს დესტრუქციულ დღის წესრიგს სთავაზობს!"

2 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მმართველი ძალა ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობს. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 43%-იანი ბარიერისა და აქედან გამომდინარე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც, თუმცა ოპოზიცია მტკიცედ აცხადებს, რომ ამ დოკუმენტს დასავლეთის მხარდაჭერა აქვს და უწინდებურად ძალაშია... რეალურად ასეა თუ არა? – „ვერსია“ უმრავლესობის წარმომადგენელს, მიხეილ სარჯველაძეს ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, მმართველ ძალაში აცხადებთ, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომი არეულობისთვის ემზადება. კონკრეტულად, რა ინფორმაციას ფლობთ?

- ეს შეფასება იმაზე დაყრდნობით კეთდება, რა ნაბიჯებსაც ოპოზიციისგან ვხედავთ. ბევრი ნიშანდობლივი ფაქტორია ზედაპირზე - აშკარა და თვალშისაცემი ნაკლებაქტიურობა წინასაარჩევნო პროცესებში; ასევე, განცხადებები, მთლიანად ფაბულა ერთმანეთს ემთხვევა და მიანიშნებს, რომ ოპოზიცია შარშანდელი სცენარის განმეორებას ცდილობს - ფიქრობს, შეიძლება, მეტი ძალით რაღაც გამოუვიდეს. თუმცა არ მგონია, რომ მოცემულობა ოპოზიციისთვის „უკეთესია“, ვინაიდან მიმაჩნია, რომ „გაყიდული“ სცენარია და მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება.

- ხუთთვიანი უარყოფის შემდეგ ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და ახლა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ანულირებული არაა, რადგან დასავლეთის მხარდაჭერა აქვს. რას აპირებს მმართველი ძალა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია 43%-იანი ბარიერის საკითხს კვლავ დააყენებს?

- ამაზე მტკიცე პოზიცია გვაქვს - რაც იყო მითითებული მიშელის დოკუმენტში, როგორც ოპოზიციისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, უბრალოდ, უსაფუძვლო მოთხოვნაა, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

- თუ უსაფუძვლო იყო, მაშინ რატომ დასთანხმდა მმართველი ძალა, როცა ამ დოკუმენტს ხელს აწერდით?

- ეს ყველასგან მოიაზრებოდა, პირველ რიგში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ მედიაციაში, ხოლო მეორე მხრივ, ხელმომწერი პარტიების მხრიდან და მართლაც აღქმულ იქნა, როგორც კარგი შესაძლებლობა პოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად. ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობა იყო ფაქტორი და იმ პათოსით წარიმართებოდა დოკუმენტზე ხელმოწერა, ამასთან, დოკუმენტის შესრულება მეტად მნიშვნელოვანიც იყო. ეს რომ კარგი მექანიზმი გახლდათ პოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად, უდავოა იმის გათვალისწინებით, რომ ის საბოტაჟი უნდა შეწყვეტილიყო, რომელსაც ახსნა არ გააჩნდა. თავსაც აღარ იწუხებდა ოპოზიცია იმის ასახსნელად, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები და ამას მოსახლეობასაც აღარ ეუბნებოდნენ, უბრალოდ, განცხადებებს ისროდნენ. ამ ფონზე, ეს დასკვნა კარგი მოვლენა იყო, მაგრამ შემდეგ ვიხილეთ, რომ სრულიად საპირისპირო მოვლენები განვითარდა, რისი პროგნოზირებაც არავის შეეძლო.

- რას გულისხმობთ?

- ამ ფონზე, აღიჭურვნენ შესაძლებლობით, რომ პირიქით - გაეზარდათ პოლარიზებისა და დესტრუქციის ხარისხი. ვერ ვიხილეთ პარლამენტი, რომელიც აქტიურად იმუშავებდა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე. ამ პრობლემამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩვენი მხრიდან. უფრო მკაფიოდ, მტკიცედ იყენებდნენ ამ დესტრუქციულ ინტერესს ნაციონალური მოძრაობის ხელში იმ ფონზე, როცა ხელს არ აწერდნენ დოკუმენტს, მაგრამ ითხოვდნენ დოკუმენტის შესრულებას სხვა აქტორების მიერ. ისინი ცდილობდნენ, ხელშეკრულ მდგომარეობაში ჰყოლოდათ ოპონენტები, თავად კი თავისუფლად ემოქმედათ დესტრუქციული დღის წესრიგით. ეს სამართლიანი არ იყო და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დოკუმენტის ანულირების შესახებ, თუმცა იქვე ავხსენით, რომ პოზიტიურ ცვლილებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო იმ დოკუმენტით, რასაკვირველია, გაგრძელდება მუშაობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. რეალურად, ეს ისედაც გვქონდა გათვალისწინებული დღის წესრიგში - სასამართლო, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და ა.შ., მაგრამ რაც შეეხება 43%-იან ბმას, რომელიც მხოლოდ პოლარიზების ხარისხის შესამცირებლად ჩაიდო, არ მგონია, რომ სამართლიანი და სწორი პირობა იყო. ამის უკუშედეგი მივიღეთ, პოლარიზება უფრო გაიზარდა. დააკვირდით მათ რიტორიკას, დაიწყეს საუბარი რეფერენდუმზე და დაძაბვისკენ წაიყვანეს პროცესი. გამახსენეთ ერთი კონკრეტული პრობლემა მოსახლეობისა, რომელზეც უსაუბრია ნაციონალურ მოძრაობას და პოლიტიკური პარტიების დიდ უმრავლესობას, თუმცა ჩვენ კი გვიკიჟინებენ ხშირად, რომ აუცილებელია კონკრეტული პრობლემების მოგვარებით ვიყოთ დაკავებულნი.

- მოკლედ, ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს მმართველი ძალა გამორიცხავს?

- დიახ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას გამორიცხავს კონსტიტუცია. სულ რომ ყველას ნება იყოს ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარება, ამას დასჭირდება საფუძვლის შეთხზვა კონსტიტუციის მიხედვით. არაა პარლამენტი ასეთი რამ, რომ უბრალოდ, აღარ მოგინდეს და ხვალიდან არჩევნები გამოცხადდეს. მიშელის დოკუმენტის მიხედვითაც ასე უნდა ყოფილიყო, უნდა შეთხზულიყო საფუძველი ხელოვნურად და ამის ნება ნამდვილად არ გვაქვს.

- ბატონო მიხეილ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საარჩევნოდ ჩამოსვლა დააანონსა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ზოგზე განაჩენიც გამოტანილია. გარდა ამისა, კანონი საქართველოს არამოქალაქეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას უკრძალავს. ამ ფონზე, სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, სცენარის როგორ განვითარებას პროგნოზირებთ?

- ტრადიციულად, დამახასიათებელი გახდა ბატონი სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარი სურვილისამებრ აარჩიონ კანონები, რომლებს დაემორჩილებიან და რომლებს - არა. ეს ხომ ვინმეს იძულებითი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგალითად, მოქალაქეობის დათმობა? - წავიდა ეს ადამიანი და სხვა ქვეყნის სამსახურში ჩადგა. გადასარევად იცოდა, რა შედეგთან იყო ეს დაკავშირებული იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მისი ხელისუფლების პერიოდშიც მოქმედებდა და ამ ფონზე, სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობა ნათელი მაგალითია იმისა, როგორ აბუჩად იგდებს საკანონმდებლო ნორმებს და როგორია მისი დამოკიდებულება სამართლებრივი წესრიგის მიმართ. ეს არაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ქმედებები მიუსადაგოს მოქმედ სამართალს, მას ყოველთვის, ყველა ვითარებაში აქვს ამბიცია და სურვილი, რომ უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე მოქმედი სამართალია. ამის დემონსტრირება იყო, მაგალითად, ბატონი მელიას სრულიად ალოგიკური და კონტექსტს აცდენილი ნაბიჯი, როცა მოიხსნა სამაჯური და ისროლა. ეს იყო გამოწვევა სახელმწიფოსი, სხვა არაფრის დემონსტრირება ეს არ ყოფილა. ხელს მტკენს და მაწუხებსო, ეს მაინც ეთქვა, უბრალოდ, გამოიწვია სახელმწიფო - მაგალითად, როგორც ხელთათმანი უსვრიათ შუა საუკუნეებში, დაახლოებით, ასეთი გადაწყვეტილება იყო. ასეთია მათი დამოკიდებულება და როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალას აქვს განცდა, რომ ადამიანების ხმების მობილიზებისთვის ეს საუკეთესო ნაბიჯია, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ. ყველაფერს აკეთებენ პროცესების დასაძაბად და შემდეგ, მღვრიე წყალში, თევზის დაჭერას ცდილობენ. აქ უკვე ლოგიკაში ჯდება, რომ გააკეთებს განცხადებას, ჩამოვალო, რათა შიშისა და ეიფორიის განცდა შეუქმნას ვიღაცას...

- მმართველი ძალა მზად არის ყველანაირი სცენარისთვის?

- რასაკვირველია. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს - სააკაშვილის შეცდომა ისაა, რომ ჰგონია, საქართველოში ის ეპოქაა, რაც იყო 2003 წლის ნოემბერში, ან ის ეპოქაა, რომელიც მან დატოვა 2012 წელს. ყველას გასაგონად ვამბობ, ეს მდგომარეობა აღარ არსებობს და ყველა სახელმწიფო დაწესებულება, მიუხედავად მათი მხრიდან ძალიან ცუდად და აუგად მოხსენიებისა, მოწოდების სიმაღლეზე დგას! დღეს, საქართველოს ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო დაწესებულებები აქვს, რომლებიც კანონთან არათავსებად ყველა სცენარს გამორიცხავენ.