რა საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით - ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ქართული არჩევნები პოლიტიკური კორიდაა!“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აქტუალური ისევ ფარული ჩანაწერები და კომპრომატებია... ყველაფერ ამას მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც ემატება - არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვალო. ექსპრეზიდენტის ეს დაპირება არაერთ კითხვას აჩენს... „ვერსია“ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუ საარჩევნო კამპანიის შეფასებით დაიწყო:

- საქართველოში პოლიტიკოსებმა და ამომრჩევლებმა ნაკლებად იციან და მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც უნდათ, ჰქონდეთ რეალური თვითმმართველობა. სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად განსხვავებულ კამპანიას ვნახავდით, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ასევე, ოპოზიციის მხრიდანაც. როცა თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, რეფერენდუმსა და ხელისუფლების ცვლილებაზე, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში გაეღიმებათ იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები სულ სხვა რამაა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ წყდება დემოკრატიისთვის, რადგან თვითმმართველობის გარეშე, დემოკრატია არ არსებობს და ესეც ჩვენი დღევანდელი ყოფის დიაგნოზია.

- ეს, ალბათ, იმიტომ ხომ არ ხდება, რომ საზოგადოებას არ აქვს განცდა, ცალკეულ თვითმმართველ რეგიონში, არსებული სიტუაციით, საერთო პოლიტიკური სურათი შეიცვლება...

- ამ შემთხვევაში, განწყობას არ ვგულისხმობ. ჩვენთან არჩევნები შინაარსობრივად არაა გამიჯნული - ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ინსტიტუციურად სხვადასხვა მნიშვნელობისაა. რაც შეეხება აქტივობას, ქართული დემოკრატიული მდგომარეობის დიაგნოზია, როცა ამომრჩეველი ყველა არჩევნებში დაპირისპირებას ეძებს და პოლიტიკური სპექტრიც ამ მოთხოვნას პასუხობს. ერთმანეთის გაშავება, ქიშპობა, სიძულვილის ენა - ბოლო რამდენი წელია, ქართული არჩევნები პოლიტიკური კორიდაა. ეს ჩვენი დემოკრატიის ის ეტაპია, რომელიც უნდა გავიაროთ და იქამდე მივიდეთ, რომ არჩევნები უკეთესი გადაწყვეტილებისთვის გამოვიყენოთ და არა - ერთმანეთის გასანადგურებლად.

- ბატონო ლევან, კი ამბობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან რეფერენდუმი ახლოსაც არ დგას, მაგრამ ოპოზიცია საკითხს სწორედ ასე აყენებს...

- მე ჩემი ახსნა მაქვს, ასე რატომაც უწოდებს - რაში გაცვალა ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები ამერიკელებისა და ევროკავშირის მონაწილეობით არსებულ მოლაპარაკებაში ისე, რომ საკუთარ ამომრჩეველს არც კი დაეკითხა? - მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პლებისციტის, ე.წ. რეფერენდუმის საკითხი. სწორედ პლებისციტში გაცვალეს თვითმმართველობის არჩევნები და ეს იყო არსებითი შეცდომა იმიტომ, რომ თუკი პლებისციტის დროს არსებობს ორი არჩევანი - „დიახ“ და „არა“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ასეთი არჩევანი არ არსებობს. ამიტომ, რეალურად, პოლიტიკური თვალსაზრისით, პლებისციტის არჩევნებში გაცვლა წაგება იყო. შესაბამისად, ახლა ოპოზიციონერები საკუთარი მძიმე შეცდომის მძევლები არიან და ამ არჩევნებს რეფენერენდუმსაც ამიტომ არქმევენ!

- გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს დააყენებს. ასეთ შემთხვევაში, მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებთ?

- უპირობოა და მახარებს, რომ ძალადობრივი გზით გაგრძელების ალბათობა არ იქნება, ამას არც ქართველი ამომრჩეველი დაუშვებს და არც - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია, ამიტომ ნაკლებად შიშით ვუყურებ პოსტსაარჩევნო პერიოდს. ამის შემდეგ, თუ ოპოზიცია წარმატებას მიაღწევს და გააკონტროლებს გარკვეულ რაოდენობას თვითმმართველობისას, ეს ცვლილებების გარემოს შექმნის, პოლიტიკური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით და აქ უკვე ოპოზიციის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს პროცესებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში.

- მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდგომ არეულობისთვის ემზადება...

- ეს არის „ქართული ოცნების“ ტაქტიკა - „მგელი მოდის, მიშა მოდის“... ამის რესურსი არ არის და ძალადობრივი განვითარება არ დაიშვება.

- მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად მაინც რომ შეასრულოს პირობა და ჩამოვიდეს საქართველოში, პროცესები როგორ განვითარდება?

- საუბრობენ, რომ ვიღაც ჩამოდის, მაგრამ რისთვის ჩამოდის, ამ კითხვას აღარავინ სვამს. აბა, დავუსვათ ეს კითხვა - რისთვის ჩამოდიხარ? - სააკაშვილს ან ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ქვეყნის გარეთაა. როცა ამ კითხვას სვამ, იქ ყველაფერი ის გაიფანტება, რაზეც „ოცნება“ ან ნაციონალური მოძრაობა საუბრობს... დავუშვათ, რომ მასზე არაა აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და არც განაჩენია გამოტანილი, უკრაინის მოქალაქე საქართველოში რისთვის ჩამოდის? - ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერ იქნება პოლიტიკური პარტიის წევრი, არც აგიტაციის უფლება აქვს ანუ ტურისტად ჩამოდის? - კი, ბატონო! როგორც აწყობთ ჩვენს პოლიტიკოსებს, მხოლოდ ისე შლიან თემას...

- და თუ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისთვის ჩამოდის?

- მაშინ კანონს დაარღვევს და პასუხს აგებს, როგორც კი აგიტაციაში ჩაერთვება, ამისთვის სანქციებია გათვალისწინებული. გაგახსენებთ 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა და იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა შეუწყვიტა, შემდეგ შიდა და საერთაშორისო ზეწოლით, მისთვის გაკეთდა ჩანაწერი კონსტიტუციაში, რათა პოლიტიკურ პროცესში, აგიტაციაში ჩართულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერც პარტიის წევრი გახდება, ვერც აგიტაციაში მიიღებს მონაწილეობას, ვერც კანდიდატი იქნება ანუ პოლიტიკური უფლებები შეზღუდული აქვს და თუკი ამას დაარღვევს, მის წინააღმდეგ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.

- კანონი გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, სააკაშვილის ჩამოსვლით, ქვეყანაში პოლიტიკურად რა შეიძლება შეიცვალოს?

- საქართველოში პოლიტიკა კონსტიტუციის ფარგლებში უნდა წარიმართოს და თუკი კონსტიტუციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყველაფერი ზემოთქმული შეზღუდული აქვს, კონსტუტუციას უნდა დაექვემდებაროს.

- ენმ-ში ამბობენ, რომ სააკაშვილის დაკავება გამორიცხულია. ამაზე რას იტყვით?

- არ ვფიქრობ, რომ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, საქართველო შეძლებს იმ საერთაშორისო სკანდალის, რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება გველოდეს. სააკაშვილი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ზელენსკიმ ამას ხაზი გაუსვა. წარმოიდგინეთ, იმ ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დაკავება რას ნიშნავს? - მინიმუმ, ორ სახელმწიფოში ურთიერთობის დაძაბვას, რაც გავლენას იქონიებს რეგიონულ თუ საერთაშორისო პოლიტიკაზე. ასე რომ, ეს არაა ადვილი და შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, სახელმწიფოებრივად და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საკითხს, ჩვენი სამშობლოს პერსპექტივის თვალსაზრისით.