„მელია რაც უფრო ბევრ ოპოზიციურ პარტიას შემოიკრებს, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ პირველივე ტურში დამარცხდეს“ - რატომ არ მოსწონს ვახო მეგრელიშვილს ნიკა მელიას კანდიდატურა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი „ვერსიასთან“ აცხადებს, რომ ისინი უკვე ფიქრობენ თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატის წარდგენაზე. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების სტრატეგია, რომ შეარჩიოს ერთი კანდიდატი და მის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიცია არჩევნებში, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად არასწორია:

  „ნიკა მელიას მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ვიფიქრებთ, რომ ამით ხელისუფლების კანდიდატის კახა კალაძის დამარცხება შეიძლება. მელია რაც უფრო ბევრ ოპოზიციურ პარტიას ან ოპოზიციურ ლიდერს შემოიკრებს თავის გარშემო, მით უფრო დიდი ალბათობაა იმის, რომ პირველივე ტურში დამარცხდეს „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, ჩვენი აზრით, ეს არასწორი სტრატეგიაა და ამიტომ არ ვუჭერთ ამ სტრატეგიას მხარს.

ვფიქრობთ, რომ თითოეულმა პარტიამ თავისი კანდიდატი უნდა წარადგინოს, ვისაც შეუძლია, რომ ჰყავდეს მერობის კანდიდატი, როგორიც არის - 

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასე ბევრად მეტი შანსი იქნება მეორე ტურისა და ამ შემთხვევაში გამარჯვება ხდება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია პროპორციულ ნაწილში მიღებული შედეგი. თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღო და ჩვენ მეორე ტურში გადავედით, მაშინ სხვა სურათი იქნება. არ მოგვწონს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ოპოზიციური ლიდერების გაერთიანების სტრატეგია და ამიტომაც გავაკრიტიკე.

ჩვენ აქამდე ვფიქრობდით, რომ კანდიდატი არ გვყოლოდა და მხოლოდ პროპორიციულ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩვენი დამუნათება დაიწყეს, იმის გამო, რომ არ დავუჭირეთ ოპოზიციის სტრატეგიას მხარი. რაც უფრო მეტი ოპოზიციური პარტია შეუერთდება ნიკა მელიას ამ ბრძოლაში, მით უფრო ცუდი იქნება შედეგი. არ მგონია რომ მათ სტრატეგიას წარმატება ჰქონდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დადებითი შედეგი ექნება, ჩვენც მოგვიწევს კანდიდატის მოძებნა“, - აცხადებს ვახო მეგრელიშვილი. 

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი