56 ახალი სტატია

ლექSOSთვის ანუ დღე, რომელმაც მომავალი შეცვალა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლიანი ივლისის ანატომია

 „მონებო, მონებო“-ს, „გადადექი, გადადექი“-სა და „მკვლელებო, მკვლელებო“-ს ძახილის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივი კოშმარია. კოშმარია იმიტომ, რომ მავანთა პოლიტიკურ თამაშებს ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. დიახ, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მხოლოდ ხელისუფლების, ან მხოლოდ ოპოზიციისა თუ რომელიმე სამოქალაქო ჯგუფის კი არა, მთელი პოლიტიკური ელიტის კისერზეა! დიახ, ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა და სამოქალაქო ინსტებლიშმენტმა ერთნაირად უნდა აიღოს! რატომ? - იმიტომ, რომ იმის აღკვეთა, რაც 5 ივლისს, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის „მზიურ“ დედაქალაქში ხდებოდა, ჩველებრივი ბარბაროსობა იყო, მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ეს არ მომხდარიყო, არავინ არაფერი გააკეთა!

 

მეტიც, ხელისუფლებამ ცეცხლზე ერთგვარად ნავთი დაასხა, როცა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარებას მხარს არ უჭერდა.

ცეცხლზე ნავთი ოპოზიციამაც დაასხა, რადგან იგივე 5 ივლისს, როცა შუა რუსთაველზე, ვიღაც გაურკვეველი ადამიანები ჟურნალისტებზე ნადირობდნენ, გაყურსული იყო.

ცეცხლზე ნავთის დამსხმელის როლში გამოვიდა არასამთავრობო სექტორიც, რადგან ზემოხსენებულ ბარბაროსობას მხოლოდ განცხადებებით გამოეხმაურა და იგივე სახალხო დამცველს აზრადაც არ მოსვლია, ქუჩაში გასულიყო და ბრბოს ალყაში მოქცეული მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამბრაზურასავით გადაფარებოდა!

ჰო, სიმართლე მწარეა, მაგრამ ყველა ზემოხსენებულ ინსტიტუციას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა რომ გამოეჩინა, დღეს ლექსო ლაშაქარავა ცოცხალი იქნებოდა. ცოცხალი იქნებოდა იმიტომ, რომ  გამხეცებული ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს, თბილისის ქუჩებში, „ქართველობისა“ და უფლის დაცვისთვის დაძრწოდნენ, ვერ გაბედავდნენ, რომ ვინმესთვის, თუნდაც პანჩური ამოერტყათ, მაგრამ დღეს, როცა ეს ჯოჯოხეთი უკვე წარსულია და დასკვნების გამოტანაც მეტ-ნაკლებად საღი გონებით შეიძლება, თვალნათლივ იკვეთება, რომ ბრბო წახალისებული იყო. წახალისებული იყო ყველასგან და იმის გარანტიაც ჰქონდა, რომ „უპარდონოდ“, „მამალ ბუზსაც“ ვერავინ აუფრენდა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება და ახლაც, სამწუხაროდ, მოვლენები დაუგეგმავად განვითარდა - სრულიად უდანაშაულო ბიჭი, რომელიც 5 ივლისს, უბრალოდ, საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, უსასტიკესად სცემეს და თავდასხმიდან მეექვსე დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა!

როგორც ამბობენ, ლექსოს მხეცურად 20-მდე ადამიანი სცემდა, თუმცა ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი, ვინმე დავით კუტალაძეა დაკავებული. ეს ის დავით კუტალაძეა, რომელიც სიყმაწვილეში „ლიბერალი“ იყო. ყოველ შემთხვევაში, თურმე, ფერად ტანსაცმელსაც იცვამდა და ლიბერალური ტელევიზიების გასართობ შოუებშიც მონაწილეობდა, მაგრამ დღეს ის „ჩვეულებრივი“ ორკია, ორკი, რომელიც ლექსოს მხეცურად ცემის შემდეგაც, „ფეისბუქში“ გულზე მჯიღს იცემდა და გაჰყვიროდა, ორგანიზაცია „არწივი“ უნდა შევქმნა, აი, დააკვირდით, „არ წივისო“...

ჰო, დღეს, „ორკები“ აღარ „წივიან“. სამაგიეროდ, წივის სიმართლე, სიმართლე, რომელიც იმთავითვე ნათელი იყო - ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ისე იცხოვროს და ისე ჩაიცვას, როგორც თავად მოსწონს და, სხვათა შორის, ეს უფლება მხოლოდ კონსტიტუციით კი არ აქვს გარანტირებული, არამედ, უფლისგანაც!

დიახ, ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა და არა - ის, რასაც „ორკები“ და მათი „სულიერი მოძღვრები“ გვიკიჟინებენ!

ისე, მთელ ამ უბედურებაში, თავისი წილი ცოდვა ეკლესიის ადმინისტრაციას, ესე იგი, საპატრიარქოსაც და განსაკუთრებით, ცალკეულ რიგით თუ გავლენიან სასულიერო პირებსაც მიუძღვით. აი, იმათ, რომლებიც ამბიონიდან ამბობენ, რომ ქრისტეს სახელით ძალადობა გამართლებულია!

სხვათა შორის, ჩვენ რომ წესიერ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, გურამ ფალავანდიშვილს, რომელიც მთელი ამ აპოკალიფსის მთავარ რეჟისორად მოგვევლინა, ლექსოს გარდაცვალების მერე მაინც დააკავებდნენ. არადა, ფალავანდიშვილი, რომელიც ქართველობასაც „ცეცხლითა და მახვილით“ იცავს, წესით, 4 ივლისსვე უნდა მომხვედრილიყო გისოსებს მიღმა.

რატომ? - იმიტომ, რომ ღიად განაცხადა, შესაძლოა, ხვალ, ესე იგი, 5 ივლისს, მსხვერპლი იყოსო ანუ რა გამოდის? - ვინმეს მოკვლა სცენარით იყო გათვალისწინებული?!

თუ ასეა, მაშინ ეს ის ვითარებაა, რომელზეც ამბობენ ხოლმე, მიზანმა საშუალება გაამართლაო, მაგრამ რა იყო მიზანი?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ვერსიით შეიძლება. ეს ვერსია კი ასეთია:

სისხლი, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში, დრამატულია ანუ ნებისმიერი ადამიანი, ყველაზე უემოციოც კი, სისხლზე იძაბება. შესაბამისად, მასობრივი აქციების დროს, სისხლი საპროტესტო მუხტს მაღლა სწევს. ასე იყო, მაგალითად, 20 წლის წინაც, როცა იმდროისთვის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი, გიორგი სანაია მოკლეს.

მაშინაც არსებობდა ვერსია, რომ სანაიას მკვლელობა ვიღაცებს პოლიტიკური მუხტის ასაწევად აწყობდათ. პრინციპში, ასეც მოხდა - სანაიას მკვლელობის გამო, ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვიდა. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ში უშიშროება შევიდა. ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა და ყველაფერი ეს, იმით დასრულდა, რომ პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ, შს იმდროინდელ მინისტრს, კახა თარგამაძეს, რომელიც „რკინის კაცის“ მეტსახელით იყო ცნობილი, ერთგვარი „ჩელენჯი“ შესთავაზა, გადადექი და გადავდგებიო.

თარგამაძემ, უფრო სწორად, შევარდნაძემ ეს გამოწვევა მიიღო და თარგამაძე გადააყენა. ჟვანიამაც უკან არ დაიხია და პარლამენტის სპიკერის პოსტი დატოვა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თარგამაძის მოხსნით, შევარდნაძის ხელისუფლებამ ძლიერი საყრდენი დაკარგა. ბოლო აკორდი კი, ამ კუთხით, ნუგზარ საჯაიას თვითმკვლება იყო - საჯაიას მოცილებით, შევარდნაძის ხელისუფლება საბოლოოდ დასუსტდა და...

ამასობაში, 2003 წელიც დადგა და, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „მოქკავშირმა“ გამარჯვება იზეიმა, ეს გამარჯვება მყიფე აღმოჩნდა და „ვარდების რევოლუციის“ სცენარი გათამაშდა.

ზოგი ამბობს, რომ ახლაც, მოვლენები, სწორედ ამ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, მაგრამ ისიც ცალსახაა, რომ რევოლუცია არ მოხდება. არ მოხდება, რადგან მეორე მხარეს, ესე იგი, ქუჩაში, ოპოზიციის ოდიოზური ფიგურები დგანან, ფიგურები, რომელთა მიმართაც ხალხის დამოკიდებულება არცთუ დადებითია.

ისე, ოპოზიცია პრემიერის გადადგმას ითხოვს. ეს მოთხოვნა, ერთი შეხედვით, შესაძლოა, სამართლიანია, მაგრამ აბა, დავფიქრდეთ: პრემიერობა არჩევითი თანამდებობა არაა და ამიტომ, გადადგომის მოთხოვნაც არცთუ რელევანტურია.

ამას გარდა, გასაგებია, რომ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ იგივე 20 ივნისის მოვლენებისგან განსხვავებით, ახლანდელ პრემიერს ბრალს პირდაპირ, ვერავინ, ვერაფერში დასდებს ანუ 20 ივნისის აქციის დარბევაზე, პირდაპირი პასუხისმგებელი გახარია იყო, მაგრამ იმაზე, რაც წელს, 5 ივლისს მოხდა, ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირი პასუხისმგებელი არ არის. მას შეიძლება, პრეტენზია იმის გამო წავუყენოთ, რომ 5 ივლისის დილით, საკუთარი განცხადებით, მოძალადეებს ერთგვარი მწვანე აუნთო, მაგრამ პრინციპში, რა თქვა ტყუილი პრემიერმა? - ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრვალესობისთვის „ღირსების მარში“ მიუთებელია ანუ იდეოლოგიურად, ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია...

 

***

13 ივლისს, ლექსო ლაშქარავა დაასაფლავეს.

ლექსო თანამედროვე საქართველოს უსამართლობის მსხვერპლთა სიმბოლოდ იქცა...

ლექსოს გასვენებიდან ორი კადრი დამამახსოვრდა - ვიდეოკამერების დერეფანი და ფოტო, რომელზეც ლექსო თავის კამერასთან ერთად იყო გამოსახული, იმ კამერასთან, რომელიც 5 ივლისს, „ორკებმა“ დაუმსხვრიეს.

ლექსო საქართველოს ისტორიაში შევა.

„ქართველობის“ მოძალადე მცველები? - ისტორია მათზეც დაწერს, ოღონდ დაწერს ერთ სიტყვას - „კაცთმოძულენი!“

ჰო, ლექსო ქრისტეს სახელით მოძალადეების მსხვერპლია!

თუ არ გვინდა, რომ ხვალ და ზეგ, ლექსოს ბედი ჩვენც გავიზიაროთ, ხმა უნდა ამვიღოთ!

ჩვენ ლექSOSთვის ანუ ჩვენი თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ 5-6 ივლისის ვანდალიზმი, არ უნდა დავივიწყოთ იმიტომ, რომ ამ დღემ ჩვენი ცხოვრება შეცვალა, უფრო სწორად, კი არ შეცვალა, არამედ, ნათლად დაგვანახა ის მომავალი, რომელიც გაჩუმების შემთხვევაში გვემუქრება!

ჩვენ უნდა ვიყვიროთ!

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ!

ჩვენ „ჯინსების თაობა“ ვართ და „ბრეჟნევის ელიტა“ წარსულში ვერ დაგვაბრუნებს!

 

P.S. „ვერსია“ თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს და ქართულ მედიას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.