ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში- ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო.
 
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის წევრებს და კოლეგებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მნიშვნელობა არ აქვს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. პრემიერის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელშიც გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში გაეცემა.
„ასევე, მინდა, გითხრათ ჩემი შეფასება, ზოგადად, ამ დღეების განმავლობაში როგორ განვითარდა მოვლენები. რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ ამ ადამიანის ტრაგედია სცადეს, გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში. მე კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 5 ივლისს მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაზე და აღნიშნა, რომ იგეგმებოდა მასშტაბური პროვოკაცია ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ და ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, სამაგალითოდ დაისჯება.