SOS! - პორტატული თანამგზავრული რადიოსადგურები ხურვალეთში!

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა საფრთხეს შეიცავს ოკუპანტების აქტიურობა საოკუპაციო ხაზსმიღმა?

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის ფონზე, საც კოვიდპანდემიაამწვავებს, ოკუპანტები დროს არ კარგავენ და ახალი ხერხებით ცდილობენ ქვეყნის შევიწროებას. ორიოდე დღის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, საოკუპაციო ხაზსმიღმა, სოფელ ხურვალეთში, დრონით გადაიღო კადრები, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ, პორტატული თანამგზავრული რადიოსადგურების მონტაჟის პროცესი ჩანს. რადიოსადგური საშუალებას მისცემს რუსებს, რომ ქართული სადაზვერვო სამსახურის სატელეფონო საუბრები მოისმინონ. ასევე, შესაძლოა, საკომუნიკაციო სიგნალების ჩახშობაც მოახერხონ. ამ ყველაფრის პარალელურად,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ასევე, თბილისში შეხვედრებს ატარებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ამერიკელი სენატორები.

როგორ აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტს და რა საფრთხის შემცველია აღნიშნული რადიოსადგურების მონტაჟი ქვეყნისთვის? ვერსიაპარტია ევროპელი დემოკრატების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრება.

 

- ბატონო ნიკოლოზ, როგორ აფასებთ მაღალი რანგის პოლიტიკოსების სტუმრობას საქართველოში?

- საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ყურადღების ცენტრში. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში და ამის მაჩვენებელია ეს ვიზიტებიც, რაც ძალიან კარგია. სასურველია, ამ ინტერესის ფონზე, თავად საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს უფრო აქტიური და გააზრებული საგარეო პოლიტიკა. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, პასიურ მოთამაშედ გადავიქეცით საერთაშორისო არენაზე, ამ დროს კი, ჩვენ გარშემო, უჩვენოდ წყდება მნიშვნელოვანი პროცესები. ქვეყნის ორიენტაციაზე დიდ გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური პროცესები, ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ძირითადი პარამეტრების შენარჩუნება დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით - ამაში მდგომარეობს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძირითადი ინტერესი.

- თქვენი აზრით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალით, როგორ გამოიყურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები?

- საქართველოში მიმდინარე პროცესები, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ პერიოდებში, სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ, დემოკრატიული განვითარების კუთხით, ბოლო პერიოდში აჩვენებს, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული დასკვნები, ალბათ, გამოტანილია. თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ითვლება დასავლეთის გრძელვადიან და მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში. რა თქმა უნდა, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი, საქართველოზე ხელს არ აიღებენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს, არ მგონია, მათ დიდი ოპტიმიზმი ჰქონდეთ საქართველოს დემოკრატიულ წინსვლასთან დაკავშირებით. მათ აქვთ მცდელობა გარკვეულ, გონიერ ჩარჩოებში შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, უკეთეს დრომდე.

- ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინისდა რობერტ პორტმანის ვიზიტი საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლით დაიწყო. რა გზავნილია ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან?

- საოკუპაციო ხაზთან მისვლა მაღალი დონის ვიზიტების დროს, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამით, ისინი სიმბოლურად და პოლიტიკურად აფიქსირებენ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამას აჩვენებენ მთელ მსოფლიოს. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ უშუალო პრაქტიკული ინტერესიც, ადგილზე ნახონ საოკუპაციო ზოლი.

- როგორც ცნობილია, სოფელ ხურვალეთთან, ოკუპანტებმა დაიწყეს სათვალთვალო რადიოსადგურის მოწყობა, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჩვენთვის?

- მიჭირს დეტალური დასკვნების გამოტანა, მაგრამ ჩანს, მათ უკვე გარკვეული ოპერატიული გეგმები აქვთ. ამ საშუალებას, რა თქმა უნდა, ოკუპანტები გამოიყენებენ სადაზვერვო საქმიანობისთვის, ასევე, მოძრაობის კონტროლის, თვალთვალისა და ასე შემდეგ. მსგავსი საშუალებები მათ, ალბათ, აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა იმდენად ახლოსაა საოკუპაციო ზოლთან, რომ ვიზუალურადაც შესამჩნევია. კონკრეტულად, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს ტექნიკურ საშუალებას, ამაზე საუბარი რთულია, რადგან საუბარი გვაქვს უცხო ქვეყნის ნახევრად საიდუმლო ქმედებებზე, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია ჩვენთვის. ვფიქრობ, ამ ტიპის მოწყობილობა კომპლექსურ ამოცანებს ემსახურება - მართალია, არ ვიცით, რა ამოცანა აქვთ ოკუპანტებს, მაგრამ ფაქტია, იმ ამოცანას მოემსახურება, რისთვისაც კეთდება. არ გამოვრიცხავ „ბორდერიზაციის“ პროცესის გააქტიურებას, მაგრამ არ მგონია, ამისთვის მაღალტქნოლოგიური მოწყობილობები სჭირდებოდეთ.

ჩვენი მთავარი სირთულეებია, რომ საქმე გვაქვს ძალიან თავხედ და ძლიერ მხარესთან, რაც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. აუცილებელია, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს საკითხი აქტიურად გამოიტანოს საერთაშორისო არენაზე, არადა, მთავრობა პირიქით - აკლებს ამ მცდელობებს, რაც არასწორია! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი უფრო აქტიური და პრინციპული იყოს ამ საფრთხეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ავტორი - ია გრიგალაშვილი