დასავლეთი საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობას გეგმავს - როგორ „ამოქოქა“ რუსეთის უშიშროებამ პროპაგანდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსულმა სპეცსამსახურებმა ჯერ აიტაცეს ის, რასაც კრემლის პროპაგანდა და “ქართული ოცნება” თვეების მანძილზე იმეორებდნენ - რომ დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდებას გეგმავს… და მერე ზედ ახალი ბრალდება - “საკრალური” მკვლელობის მომზადებაც დაამატეს.

ერთ-ერთი პროპაგანდისტული გაზეთის მტკიცებით, მსხვერპლი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება.

მტკიცებულებები? ამჯერადაც არანაირი.

აშშ თბილისში ხელისუფლების შეცვლას “26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აპირებს”, - ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (ესვეერი).

იქამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, 30 მილიონის ფინანსური მხარდაჭერა კი - გაყინული.

რუს ჯაშუშებს არ დაუკონკრეტებიათ, დამარცხდება თუ არა “ქართული ოცნება” არჩევნებში. მათ უბრალოდ დაწერეს, რომ თეთრი სახლი საქართველოში “ჰოლივუდურ” სცენარს გაათამაშებს.

“ესვეერის” სცენარი ასეთია:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუს მისცემს “ერთ-ერთ ამერიკულ მედიას” და “ოცნებას” ქვეყნის ევროინტეგრაციის გაჩერებაში დაადანაშაულებს, რაც ბოლოს “მორიგ ფერად რევოლუციაში” გადაიზრდება.

საპროტესტო “აქციების მონაწილეთა შორის იქნება ‘საკრალური მსხვერპლიც’, რომელიც წარმართავს ‘ხალხის რისხვას’ ძალოვნების წინააღმდეგ”, - ნათქვამია დაზვერვის სამსახურის 9 ივლისის განცხადებაში.

ვაშინგტონმა ამ ბრალდებებს მალევე “სრული სიცრუე” უწოდა. მაგრამ რუსული მედია უკვე დაიქოქა.

პრეზიდენტის მკვლელობა?
რუსული დაზვერვის მესიჯები 10 ივლისს გაიმეორა თითქმის ყველა პროკრემლისტურმა გაზეთმა.

საქართველომ “არ გახსნა მეორე ფრონტი კიევში უკრონაცისტებისა და ბანდერას რეჟიმის დასახმარებლად” და ამიტომაც ისჯება, - დაწერა პროპაგანდისტულმა “კომსომოლსკაია პრავდამ”.

ავტორის მტკიცებით, “ესვეერის” მიერ ნახსენები “საკრალური” მსხვერპლი საქართველოს პრეზიდენტი იქნება. “მით უმეტეს, რომ ეს ნამდვილად გააბრაზებს საფრანგეთს, რომლის მოქალაქეცაა”.

“ევროკავშირის კარი [საქართველოსთვის] იკეტება, რადგან დასავლეთი ცდილობს ის “მეორე უკრაინად აქციოს”, - დაწერა გაზეთმა "იზვესტიამ".

ამ ვითარებაში “ლოგიკური გამოსავალი იქნება, თუკი [ხელისუფლება] დასახმარებლად მოსკოვს მიმართავს. ისიც დახმარების ხელს გაუწვდის, თუკი საქართველო ამიერკავკასიაში მისი ახალი ციხესიმაგრე გახდება”. - დაწერა პროკრემლისტურმა გამოცემა “ოკტაგონმა”.

“მიმართეთ პუტინს”
10 ივლისის დილა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხმაც საქართველოზე ლაპარაკით დაიწყო.

“დასავლეთი საქართველოს თვითნებობით განრისხებულია", - ამტკიცებდა პროპაგანდისტი სერგეი კარნაუხოვი. “თვითნებობა”, მისი განმარტებით, “აგენტების კანონის” მიღებაა.

კარნაუხოვს ჰყავდა ჩვეული სტუმარი - მიხეილ ჟღენტი, რომელიც პროკრემლისტური პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობის სახელით” თავმჯდომარეა.

მან გაიმეორა, რომ “აშშ-ს საქართველო საკუთარ კოლონიად მიაჩნია” და “ოცნება” ისჯება იმის გამო, რომ “უარი თქვა რუსეთთან ომზე”.

შემდეგ კი ჟღენტმა გადაიმღერა “ესვეერის” განცხადება და დაამატა, რომ “გადატრიალების გენერალური რეპეტიცია” იყო აპრილ-მაისის აქციები [ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ]. ახლა კი დასავლეთი მზადაა, "ოცნება" შეცვალოს, “თუნდაც სისხლისღვრის ფასად”.

ბოლოს ჟღენტმა ისიც თქვა, რომ აშშ-ის ბრალია აფხაზეთის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომი და 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა.

კარნაუხოვმა გამოსავალი მყისვე შესთავაზა.

“მიმართეთ რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის და ყველაფერი კარგად იქნება”, - უპასუხა მან.

გადატრიალების აჩრდილი
საქართველოში დაგეგმილ “სახელმწიფო გადატრიალებას” კრემლის პროპაგანდა და “ქართული ოცნება” უკვე წელიწადზე დიდხანს ახსენებენ.

მაგალითად, ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) თქვა, რომ ქვეყანაში “მაიდნის სცენარი” მზადდება. უწყებამ აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ გამოძიების შესახებ დღემდე არაფერი ისმის.

ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, იმავეს იმეორებს კრემლის პროპაგანდაც, რომელიც “ქართულ ოცნებას”, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, “აზრზე მოსულს” უწოდებს.

სიყვარულის ახალი ტალღა კრემლიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია და პარლამენტში “აგენტების კანონი” შემოაბრუნა.

თბილისში დაგეგმილ “სახელმწიფო გადატრიალებაზე” ლაპარაკსაც პროპაგანდამ განსაკუთრებით ბოლო თვეებში მოუხშირა.

წყარო:რადიო თავისუფლება