რა ელის ენმ-ს - ახალი პოლიტიკური რეალობა ანუ ქართული პოლიტკორუფციის მცირე ანატომია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობაა ანუ შვიდთვიანი ბოიკოტი დასრულებილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ყველა ფრთა, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევიდა და საკანონმდებლო მუშაობას შეუდგა. ერთადერთ უხერხულობას ის ქმნის, რომ ნაციონალური მოძრაობა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მიუხედავად, 19 აპრილის შეთანხნებას, ესე იგი, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ერთი შეხედვით, ისე გამოდის, რომ „ნაციონალები“ პრინციპულობას იჩენენ, მაგრამ რა პრინციპია მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა მაშინ, როცა მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ ანუ საკითხავია, საკანონმდებლო ლეგიტიმურია თუ ყოფილმა მმართველებმა, უბრალოდ, ღირებულებები შეიცვალეს?

 

სხვათა შორის, ამ კითხვებზე პასუხები ენმ-ს ლიდერებმა არაერთხელ გასცეს. პარლამენტში შესვლის მათი მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული აღარაა და ამ ფონზე, უმჯობესი იყო, პარლამენტში შესულიყვნენ და „ოცნებასთან“ პოლიტიკური ომი იქიდან გაეგრძელებინათ.

კარგი, დავუშვათ, ასეა და შექმნილი რეალობიდნა გამომდინარე, ბოიკოტს აზრი, შესაძლოა, მართლაც აღარ აქვს, მაგრამ რა ვუყოთ იმ განცხადებებს, რომელი განცხადებებიც მთელი შვიდი თვის განმავლობაში კეთდებოდა, ან სულაც, რას ეუბნებიან „მრისხანე“ ოპოზიციონერები იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში - წვიმაში, თოვლში, დარსა თუ ავდარში ქუჩაში იყვნენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ?

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ ამ „კინოს“ ბოლო, სწორედ ასეთი იქნებოდა. ამიტომაც, პოლიტიკურ კულუარებში მუსირებდა აზრი, რომ ბოიკოტით ოპოზიცია მმართველ გუნდთან, უბრალოდ, ვაჭრობდა. სხვათა შორის, „გაყიდვის“ საკითხი დღის წესრიგიდან არც ახლა მოხსნილა. ყოველ შემთხვევაში, იგივე, ცალკეულ ოპოზიციონერებს აქვთ გონივრული ეჭვი, რომ ზოგიერთი მათი კოლეგა „სარფიანად გაიყიდა.“

ზოგადად, პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოლიტიკაში, ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ ახლა კი არა, საქართველოს დამოუკდიებლობის აღდგენის დღიდან აქტუალურია. აი, მაგალითად, შავ-ბნელ 90-იან წლებში, ყველამ, ან თითქმის ყველამ იცოდა, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ფინანსური მოგების მიზნით იქმნებოდა. კერძოდ, პარტიის ლიდერი, რომელიც რაღაც მანქანებით პიარდებოდა, არჩევნების დროს, ე.წ. გამსვლელ სიაში ადგილებს ყიდდა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა, თუმცა პოლიტიკური კორუფციის ერთი კონკრეტული ფაქტიც არ გამოვლენილა. შესაბამისად, ისინი, რომლებიც დეპუტატობაზე ოცნებობდნენ და ამ ოცნებაში სერიოზული ფულიც გადაიხადეს, საბოლოო ჯამში, პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ, თან ისეთი ჩალაგამოვლებულები, რომ საკუთარი თანხაც ვერ დაიბრუნეს - აბა, სამართალდამცავებს ხომ არ მიმართავდნენ და ეტყოდნენ, ასე და ასეა ჩემი საქმე, ამა და ამ პარტიის ლიდერს „მეშოკით“ ფული მივუტანე, მეგონა, რეიტინგი ჰქონდა და მისი პარტია ბარიერს გადალახავდა, მაგრამ მწარედ მოტყუებული აღმოვჩნდიო?!

სამართალდამცავებისთვის, ამ „ბლეფის“ შესახებ, რომელიმე „მოტყუებულს“ რომ მოეყოლა, სანამ პარტიის გაიძვერა ლიდერს „გასკვანჩავდნენ“, თავად „ამღიარებელს“ დაადებდნენ ბორკილებს, რადგან კანონმდებლობით, ქრთამის მიმცემიც ისევე ისჯება, როგორც ამღები.

ერთი სიტყვით და ორი გაგებით, დღე-დღეს მისდევს, თვე-თვეს, წელი-წელს, ქართულ პოლიტიკაში კი არაფერი იცვლება და „მოსყიდვაზე“ ეჭვები, უწინდებურად აქტუალურია.

ზოგადად, პოლიტიკური კორუფცია ცალკე საუბრის თემაა და მოდით, ამაზე ვრცლად, სხვა დროს ვისუაბროთ. ახლა კი ისევ დავსვათ კითხვა: ვინ დარჩა მოგებული 7-თვიანი ბოიკოტით - ოპოზიცია თუ ხელისუფლება?

ოპოზიცია ღრმადაა დარწმუნებული, რომ მოგებული თავადაა ანუ ოპოზიციონერები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, რაც მიშელის დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საბაბი გახდება, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ეს ოპოზციის ოცნებაა და მეტი არაფერი.

ახლა, ვიღაცები თავს გამოიდებენ, დიახაც, მმართველი გუნდი ადგილობრივში, აუცილებლად ფისკოს განიცდისო, მაგრამ შარშანდელ საპარლამენტოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ალბათ, გახსოვთ, რომ იგივე მოლოდინი არსებობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კერძოდ, ენმ და, ზოგადად, ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში დამარცხდებოდა და პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივიდა. მეორე ტურში კი ვაშაძე დამარცხდა.

მართალია, ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ფაქტია - თუ პირველ ტურში ვაშაძეს ხმა მილიონამდე ამოომრჩეველმა მისცა, მეორე ტურში ისინიც კი დაირაზმნენ, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ არ ერევიან და არჩევანი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთეს.

სალომე ზურაბიშვილი, მოგეხსენებათ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მაგრამ „ოცნება“ მხარს ოფიციალურად უჭერდა. შესაბამისად, ე.წ. შუაშისტებმა ჩათვალეს, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებას, სჯობდა, ქვეყნის სახე სალომე ზურაბიშვილი ანუ „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი კანდიდატი გამხდარიყო. ასეთი გადაწყვეტილება კი, იგივე, „შუაშისტებმა“ იმიტომ მიიღეს, რომ შეეშინდათ, ემანდ, „ნაცები“ არ დაბრუნდნენ და ქვეყანაში ისევ ის უბედურება არ დაიწყოს, რაც 2003-დან 2012 წლამდე ხდებოდაო.

ახლა, სიმართლე რომ ვთქვათ, ერთ მდინარეში, მით უმეტეს, პოლიტიკურ მდინარეში შესვლა არცთუ ადვილია. ამიტომაც, „ნაციონალებს“ მაინცდამაინც დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ თუნდაც შემოდგომაზე, როცა თეორიულად, შესაძლოა, ვადამდელი დაინიშნოს, ფინიშს პირველები მიაღწევენ. აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა ფრთა თანხმდება, ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარ უნდა იყოს ანუ დრო, როცა „პარადი“ მხოლოდ „ქოცებს“ და „ნაცებს“  მიჰყავთ, უნდა დამთავრდეს.

დღევანდელი მოცემულობა კი ამ ორპოლუსიანობის დასამთავრებლად ნოყიერ ნიადაგს ქმნის და აი, რატომ:

ოპოზიციას უკვე ღიად აქვს ნათქვამი, რომ თბილისის მერობაზე, ნიკა მელიას მხარს არ დაუჭერს ანუ ენმ-ს ლიდერი ოპოზიციის საერთო კანდიდატი არ იქნება. სხვათა შორის, ამის პრეტენზია არც თავად მელიას აქვს. ყოველ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ თუ თანასწორი საარჩევნო გარემო არ იქნება, მაშინ, თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს.

პარალელურად, „ლელო“ თუ სხვა ოპოპარტიები აცხადებენ, რომ მერობის საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ. ამასთან, ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმას ექსპრემიერ გიორგ გახარიას ახლადშექმნილი პარტია „საქართველოსთვისაც“ აპირებს.

ასე და ამგავარად, თბილისელებს მრავალფეროვანი პოლიტმენიუდან მოუწევთ, რომ დედაქალაქის მერი აირჩიონ.

მოგეხსენებათ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან ხოლმე. ეს ხატოვანი გამონათქვამი რეალობად, შესაძლოა, სწორედ წლევანდელ შემოდგომაზე იქცეს ანუ იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ველიდან საერთოდ გაქრება, არ შეიძლება, მაგრამ თუ დღევანდელი კონფიგურაცია, უფრო სწორად, პოლიტელიტის ახლანდელი თამაში გაგრძელდა, მაშინ, სავსებით შესაძლებელია, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სრულიად ახალი პოლიტიკური რუკის მოწმენი გავხდეთ.