ხათუნა ლაგაზიძე: „მოლაპარაკების მეოთხე წევრი რუსეთია“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ოპოზიცია დიდი ფსიქოლოგიური წნეხის წინაშე დგას!“

 ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასასრულს უახლოვდება და როგორც მხარეები აცხადებენ, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. ამ მოლაპარაკების ფონზე, პოლიტიკური ველი მკვეთრად დაძაბულია და ყველა ელოდება კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მხარეების თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე ხელისუფლების წინადადებები დევს. რა შედეგით დასრულდება ევროპელი მედიატორის მიერ წარმართული დიალოგი და რაზე შეიძლება შეჯერდნენ მწვავედ დაპირისპირებული მმართველი ძალა და ოპოზიცია? - „ვერსია“ ანალიტოკოს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში განვიათარებულ პოლიტიკურ მოვლენებში რუსეთის „უხილავი ხელი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს:   

 - შედეგზე რომ გავიდეთ, აუცილებელია, კარგად გავიაზროთ, ვინ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ზედაპირზე ჩანს, რომ მოლაპარაკების სუბიექტები საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია არიან. მედიატორის როლში კი ევროკავშირია, მაგრამ თუ კარგად გავაანაზილებთ, მოლაპარაკება, პრაქტიკულად, ოთხსუბიექტიანია. ყველაზე რთული და მძიმე სუბიექტი კი რუსეთია, რომელიც ღიად არ ჩანს, მაგრამ ყველაზე მთავარი აქტორია. თუ ამას არ მივიღებთ, როგორც მოცემულობას, ვერც მოლაპარაკების სწორ ტაქტიკას დაგეგმავენ და ვერც შედეგზე გავლენ.

- იმის თქმა გინდათ, რომ ახლა საქართველოში, სინამდვილეში, რუსეთისა და დასავლეთის მოლაპარაკება მიმდინარეობს?

- დიახ. ძალიან მძაფრი თუ არ მოგეჩვენებათ ეს შედარება, დაახლოებით, ისეთივე სიმწვავის დაპირისპირებაა რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოში, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო. განსხვავება ერთადერთია - საბედნიეროდ, დღეს სამხედრო ძალა არაა ჩართული.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთს, ამ შემთხვევაში, რა უნდა?

- რუსეთს, სულ მცირე, ის უნდა, რომ საქართველოში შენარჩუნდეს ფეთქებადსაშიში სიტუაცია და საზოგადოების დაპირისპირების გამწვავება. იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება ორ ნაწილად, იმ დოზით ყოფილიყო გახლეჩილი, რომ ერთმანეთის მოსასმენი ყური დახშული ჰქონოდათ, რუსეთმა ძალიან ბევრი იშრომა, განსაკუთრებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როცა სრულად აიღო ხელში საქართველოს საინფორმაციო სივრცე და მასირებული შეტევა განახორციელა საქართველოს საზოგადოების ცნობიერებაზე, რათა პოლიტიკური სპექტრის მიმართ უიმედობა, უნდობლობა და კაპიტულანტური განწყობა დაეთესა - „ჩვენ არაფერი შეგვიძლია“. ეს კაპიტულანტური განწყობა ყველაზე საშიში და რუსეთის მოკავშირეა. რუსეთის პროგრამა მაქსიმუმი კი საქართველოს საბოლოო შეთრევაა რუსულ სივრცეში. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამას დასავლეთი ვერ აცნობიერებს, რადგან ეს დასავლეთისთვის, მისი ბოლო საყრდენის დაკარგვის ტოლფარდია.

მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა შარლ მიშელმა, როდესაც საქართველოდან წავიდა, თვალი ამეხილა, როცა საქართველოში ვიყავიო. ეს „თვალის ახელა“ დაგვიანებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ ტრაგიკული შედეგი მივიღოთ. ამიტომ დასავლეთმა უნდა იმოქმედოს პრინციპით - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მოკლედ, ამ პროცესის რეალური მონაწილე რუსეთია. ამიტომაცაა ასეთი რთული საბოლოო შედეგზე გასვლა. შესაბამისად, დასავლეთმა არ უნდა გამორიცხოს ის ხისტი და მკაცრი მეთოდები ამ მოლაპარაკებაში, რომელსაც რუსეთის მიმართ იყენებს ხოლმე.

- რას იტყოდით ამ პროცესის ქვეყნის შიგნით მონაწილეებზე?

-  ხელისუფლებას, პირობითად, ორ ნაწილად გავყოფდი - ერთია ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს ის ლიდერები არიან, რომლებიც ფასადად დატოვა ხელისუფლებაში, მაგრამ დამოუკიდებელი ინტერესები და ამბიციები გაუჩნდათ. ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურ დათმობაზეც რომ წავიდეს, შეიძლება, ეს მისივე პოლიტიკური ელიტის ინტერესებში არც შედიოდეს, რადგან კარგავენ ყველაფერს - ძალა-უფლებას, გავლენასა და ფინანსებს. ამიტომ მივიღეთ მოცემულობა, სადაც ყველა ფიგურანტს აქვს გამძაფრებული ინტერესი ამ პროცესში და მათი დათმობაზე წამოყვანა რთულია.

ოპოზიცია დგას დიდი ფსიქოლოგიური წნეხის წინაშე და პროგრამა მაქსიმუმის მიღწევაა, რასაც ამდენი ხანია, ცდილობს - რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ფუნდამენტური რეფორმები, რის გარეშეც, ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი აქტი იქნება და ისევ მივიღებთ იმგვარ ხელისუფლებას, რომლის გასტუმრებაც ძვირად დაუჯდება ქვეყანას. პროგრამა მინიმუმი კი ოპოზიციის ერთიანობა და სახის შენარჩუნებაა, რადგან თუ ოპოზიცია გაიხლიჩა - ნაწილი შევიდა პარლამენტში და ნაწილი დარჩა გარეთ, გარწმუნებთ, ორივე მხარის მარგინალიზაციის პროცესი დაიწყება. ისედაც იმედგაცრუებული ამომრჩეველი სრულ დეპრესიაში ჩავარდება, რაც ამ პროცესის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.

მოკლედ, მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარეს ბევრი აქვს დასაკარგი, ამიტომაც შეგვიძლია, ევროკავშირი მხოლოდ მედიატორად კი არა, მხარედ ვიგულისხმოთ, რომელიც დაინტერესებულია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტის უდიდესი ნაწილი და არ გადაიქცეს რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად.

- პლებისციტი ერთ-ერთი საკითხია, რაზეც ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან, თუ მსგავსი საკითხი გადაწყვეტილების შემადგენელი გახდა და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, ნაწილი კი გარეთ დარჩა, როგორ ფიქრობთ, ეს გზა პროცესს ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს?

- ოპოზიციის გახლეჩა, როგორც აღვნიშნე, ძალიან გაართულებს ვადამდელ არჩევნებამდე მისვლას. თუ ოპოზიცია გაიხლიჩა და ჩატარდა პლებისციტი, ან სხვა ფორმით იქნა დასმული კითხვა ვადამდელი არჩევნების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ოპოზიციის ამომრჩეველი იმდენად ჩამოშლილი და იმედგაცრუებული იქნება, რომ მისი მიყვანა საარჩევნო უბნებთან გაცილებით რთული გახდება, ვიდრე ახლაა. მოდით, ობიექტურები ვიყოთ, იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც პარლამენტში შევლენ, ინტერესი ვადამდელი არჩევნების მიმართ ისეთი მძაფრი აღარ იქნება, როგორიც დღესაა. ისეთი ჟინითა და შემართებით აღარ მოეკიდება ვადამდელი არჩევნების თემას, როგორც ეკიდებოდა აქამდე. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ამ კითხვის დასმა, რა ფორმატშიც უნდა იყოს, ძალიან მაღალი რისკის შემცველია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩევლის გამოცხადება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - საპარლამენტოზე. არჩევნებს კი ასეთი „კანონი“აქვს - რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მიდის, უფრო მეტია სახელისუფლებო ამომრჩევლის წილი, რადგან ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის სრულ მობილიზაციას მოახდენს. თავად ადგილობრივი სახელისუფლო ელიტებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი ჩავარდეს. ოპოზიცია რამდენად მოახერხებს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას, ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა ამ ეტაპზე, რადგან სხვა გამოსავალი არ ჩანს, დასავლეთი დაინტერესებულია კრიზისის მოგვარებით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ნებისმიერი გზა ოპოზიციამ უნდა განიხილოს და ზემოთჩამოთვლილი რისკები გადააზღვიოს.

- რას გკარნახობთ ალღო, როგორ პოლიტიკურ სურათს მივიღებთ - რაზე შეჯერდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია?

- ხელისუფლება მიდრეკილია ტრაგიკული შეცდომებისკენ. ამ პარლამენტში რომც შევიდეს ოპოზიცია, არ იქნება გადამზღვევი მმართველი ძალის შეცდომებისა და ადრე თუ გვიან, „ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში. ოპოზიციამ კი უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, გახდეს სასურველი პარტნიორი დასავლეთისთვის, რადგან ამ პროცესში, დასავლეთს კითხვები მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის მიმართაც აქვს. მას რომ ეგულებოდეს ძლიერი ოპოზიცია პარტნიორად, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველჰყოფს, გაცილებით ხისტი იქნებოდა „ოცნების“ მიმართ. „ოცნება“ არწმუნებს დასავლეთს, საზოგადოების ერთი ნაწილი იმდენად რადიკალურადაა განწყობილი, რომ ხელისუფლების შეცვლა და თუნდაც კოალიციის პირობებში, „ნაციონალების“ მოსვლა გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებასო, ამის ეშინია დასავლეთს. ამიტომ ოპოზიციისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა, გახდეს ძალა, რომელიც დასავლეთსაც და „ქართული ოცნების“ ელექტორატსაც დაარწმუნებს, რომ არა რევანშზე, არამედ, შერიგებასა და აღმშენებლობაზეა ორიენტირებული.

მოკლედ, რისკები გაცილებით მაღალია ოპოზიციისთვის, ვიდრე - ხელისუფლებისთვის!