გახარიას ფაქტორი ანუ წავიდა,რათა დაბრუნდეს?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრემიერებისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა ადრეც გვინახავს და მოულოდნელი არც გიორგი გახარიას გადადგომა ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია, კულუარებში დადიოდა ხმა, რომ გაზაფხულზე ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლებოდა. ჰოდა, სულ რაღაც ორ კვირაში გაზაფხულია. პროცედურულად კი სწორედ ორი კვირაა იმისთვის საჭირო, რომ პარლამენტმა ახალი პრემიერი და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტიკიცოს.

რატომ წავიდა გახარია? - ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მისი და გუნდის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა. იგივე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობა მინისტრთა კაბინეტში ადრეც ყოფილა, მაგრამ პრემიერი მშვიდად ითმენდა... რატომ ახლა და რატომ მაინცდამაინც წმინდა პოლიტიკურ საკითხზე მისცა ასეთი მძაფრი რეაქცია გიორგი გახარიამ?

გიორგი გახარია საკუთარი ბეგრაუნდისა თუ პიროვნული თვისებების გამო, ქართული ოცნების პრემიერებს შორის ყველაზე ადექვატური ფიგურა იყო. სწორედ  ამის შედეგია მისი მაღალი რეიტინგი და ისიც, რომ ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მას შემდეგ, რაც შს მინისტრის პოსტიდან პრემიერის პოსტზე გადაინაცვლა, 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდა, გიორგი გახარია სერიოზულ ფაქტორად იქცა ქართულ პოლიტიკაში.  „ოცნების“ მომხრეების უმეტესობისთვის გახარია მისაღებული პერსონა გახლდათ და, მეტიც, მათაც კი, ვინც მმართველი გუნდის ამომრჩევლები არ არიან, იმედი ჰქონდათ, რომ იგი რამე ისეთს არ გააკეთებდა, რაც ქვეყანას ძვირი დაუჯდებოდა.

რა შეიცვლება გახარიას წასვლით მმართველ გუნდში? - თითქოს, ერთი შეხედვით, არაფერი, მაგრამ საინტერესო ისაა, ხომ არ იქცევა 18 თებერვალი ახალი პოლიტიკური ძალის დაბადების დღედ, სწორედ იმ ძალის, რომლის გაჩენასაც დღევანდელი იუბილარი - ბიძინა ივანიშვილი წინასწარმეტყველებდა? მითუმეტეს გიორგი გახარიას საკუთარი ქვოტით პარლამენტში შეყვანილი დეპუტაციის რაოდენობით საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და რიგგარეშე საპარლამენტო (თუ გნებავთ ადგილობრივ) არჩევნებში გამარჯვების რესურსიც. ასეა თუ ისე, ისევე როგორც „ღამის კლუბების“ პროტესტის დროს, გიორგი გახარია არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია ოპოზიციასთან მივიდეს და უთხრას: “მოდით მაშინ დავიწყოთ ბოდიშით...თუმცა  ვიხდი  ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით...“ მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოდიშს 20 ივნისის დარბევა მოჰყვა, ფაქტია, დღეს „გავრილოვის ღამის“ მთავარ ფიგურანტად კობახიძე-მდინარაძის გუნდს ასახელებენ და გახარიას გადადგომას რომ ითხოვდნენ, ყველას დაავიწყდა... ეს კი შესანიშნავი წინაპირობაა პოლიტიკური სკლეროზის საფუძვლად იქცეს!

ახლა საკითხავია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია, გამოიყენებს საკუთარ პოლიტიკურ კაპიტალსა და ფინანსურ რესურსს, თუ კვირიკაშვილის პრაქტიკას არჩევს და სამეგრელოს მიაშურებს კორონაკრიზისის დასაძლევად? გახარია საზოგადოების თვალში ადექვატურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ იმედია, ადექვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ „ოცნების“ მიმდეივრებსა და არამიმდევრებსაც ერთგვარი ნიჰილიზმი დაეუფლოთ, ნიჰილიზმი იმისა, რომ ქვეყანა გაიყინება და კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ჩაეფლობა.

მოკლედ, დიდი წერტილი დასმულია - გახარია გადადგა და ამით ისედაც მძიმე პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა!

ხვალ ოცნება პრემიერობის ახალ კანდიდატს დაასახელებს, ახლა იმის გარკვევაა მთავარი, ყველაფერ ამას წერტილს ვინ დაუსვამს...

 

ნინო დოლიძე