გადაწყვეტს თუ არა უკრაინის მიერ ყირიმზე მიტანილი იერიში რუსეთ-უკრაინის ომის ბედს - ინტერვიუ აკია ბარბაქაძესთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ეს არის განაცხადი, რომ თუ უკრაინის გენშტაბს ექნება ნება, მას ვერ დააკავებს ვერც რუსეთის საზღვარი“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 9 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სამხედრო აეროდრომი დაბომბა. აღნიშნული ავიაიერიშის შემდეგ ყირიმში ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა დაიწყო. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსულენოვანი ადამიანები საზღვაო კურორტს პანიკურად ტოვებენ.

ყირიმზე იერიშის ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე გამოეხმაურა:

 „დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს.“

ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში. რუსეთმა ყირიმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად გადააქცია. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რა როლს შეასრულებს ყირიმში განვითარებული მოვლენები რუსეთ-უკრიანის ომის საკითხში - ამ თემაზე „ვერსია“ სამხედრო ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ესაუბრა:

_ ზელენსკი ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინელები არც ერთ გოჯ მიწას არ დაუთმობენ რუსეთს. უკრაინა იბრძოლებს ბოლომდე მისი მიწა-წლის უკანასკნელი სანტიმეტრის გასათავისუფლებლად. ამ განცხადებებში, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა ყირმის ნახევარკუნძული. ყირიმის აეროდრომის დაბომბვის ფაქტი შეიძლება, შევადაროთ, მაგალითად, რუსეთის სიამაყე ფლაგმანის, შავი ზღვის პირველი სამხედრო ხომალდ „კრეისერი მოსკოვის“ დაძირვას, რომელიც წარმოადგენდა „ქოლგას“ შავი ზღვის ფლოტისთვის. ის ითვლებოდა ჩაუძირავ ავიამზიდად, რომელიც იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პლაცდარმი უკრაინის ტერიტორიაზე და აღიარებული რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად.

 ამ ომის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ უკრაინამ დაბომბა ტერიტორია, რომელიც რუსეთმა თავის ტერიტორიად აღიარა. დიახ, დაბომბეს, ზუსტი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, „ქირურგიული ოპერაცია“ ჩაატარეს უკრაინელებმა და გაანადგურეს რუსეთის წინწაეული ავიაბაზა, საიდანაც საავიაციო გაფრენებს ახდენდა რუსეთის ავიაცია და ბომბავდა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. ამით უკრაინელებმა დაანახეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მშვიდად შეიძლება, იგრძნონ თავი. მეტსაც გეტყვით, ომის ბუნება ისეთია, რომ ხშირად გადადის ხოლმე აგრესორის ტერიტორიაზე ანუ ეს არის განაცხადი, რომ თუ უკრაინის გენერალურ შტაბს ექნება ნება, მას ვერ დააკავებს ვერც რუსეთის საზღვარი, რადგან ისეთივე წარმატებით შეუძლიათ, ჩაატარონ „ქირურგიული დარტყმები“ რუსეთის ტერიტორიაზე.
 ყველაფერთან ამასთან ერთად, ხაზგასასმელია, რომ ვხედავთ განსხვავებას უკრაინის და რუსეთის გენერალურ შტაბებს შორის. რა, არ შეეძლო უკრაინის გენშტაბს, რომ იგივე დარტყმები ყირიმის ნახევარკუნძულზე მოსახლეობის, ტურისტების წინააღმდეგ განეხორციელებინა? - მაგრამ არ იკადრეს. ეს არის განსხვავება ნატო-ს ტიპის, დასავლურ ღირებულებებზე მდგომ არმიასა და  იმ არმიის პოზიციას შორის, რომელიც უკრაინაში ბავშვებსა და ქალებს ხოცავს.

უკრიანის მიერ ყირმის დაბომბვა არის განაცხადი, რომ უკრაინამ დეკლარირებულად აჩვენა რუსეთის შეიარაღებული ძალების უსუსურობა, რომ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უსუსურია დასავლური წარმოების ზალპური ცეცხლის სისტემებისა და საარტილერიო სისტემების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია, გაანადგუროს რუსეთის აეროდრომები, ბაზები, ჯარების თავშეყრის ადგილები, მართვის პუნქტები და ჰაერსაწინააღმედგო თავდაცვის სისტემები. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს სტრატეგიული უპირატესობა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე და როდესაც რაოდენობრივად გაეზრდება ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარები, უკრაინას შეეძლება, გაანადგუროს რუსეთის შეიარაღებული ძალები. ეს არის ფაქტი და მოცემულობა, რომელიც დაინახა მთელმა მსოფლიომ, რასაც უნდა შეეგუონ არა მარტო რუსეთი, არამედ რუსეთუმე, ენისმოჩლექვით მოლაპარაკე, მოღალატე ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბლომად არიან. მათ უნდა დაინახონ, რომ რუსეთი დამარცხებულია. ერთადერთი, რითაც რუსეთი იმუქრება, არის ატომურ-ბირთვული იარაღი, რომლის გამოყენებაც ასე მარტივი არაა. თქმა იოლია, მაგრამ ეს გამოიწვევს რუსეთის საბოლოო განადგურებას, რადგან მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ბიოლოგიური ბირთვული პოტენციალი იქნება მიმართული ღიად რუსეთის წინააღმდეგ და მანდ დამთავრდება რუსეთი, როგორც სახელმწიფო და კიდევ ბევრი რამ...

_ ბატონო აკია, წეღან თქვით, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინამ დაბომბა სამხედრო სტრატეგიული ობიექტი ყირიმში და არა - სამშვიდობო მოქალაქეეები. თუმცა, როგორც გავრცელებული კადრებით შევიტყვეთ, ყირიმში მოსახლეობასა და ტურისტებში დიდი პანიკაა. როგორ ფიქრობთ,  ფსიქოლოგიურადაც გატეხს რუსეთის მხარეს ყირიმზე უკრაინის მიერ იერიშის მიტანა?

_ არა მარტო იქაური მოსახლეობა, არამედ უკრაინის საზღვრებიდან 300 კილომეტრში მყოფი რუსული ყველა ქალაქი შიშის ქვეშაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა საკმაოდ ძლიერი სამხედრო წარმოების პოტენციალის მქონე ქვეყანაა და თუ მოინდომებენ და გარკვეულ თანხას ჩადებენ, შეუძლიათ, საკმაოდ გაზარდონ საკუთარი რაკეტების წარმოება. ეს დროის საკითხია, უცებ არ მოხდება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ომი გაგრძელდება 2-3 წელი, ვიცოდეთ, რომ იმ დროისთვის უკრაინას საკუთარი შეიარაღება ექნება და ვერავინ აუკრძალავს ამას.

სხვათაშორის, ბრიტანელებმა თავის დროზე თქვეს კიდეც, რომ უკრაინას აქვს უფლება, თუ საჭიროდ ჩათვლის, მტრის ტერიტორიაზე გადაიტანოს ომი. არსებობს ტერმინი „ომის გადმოდინება“ და ეს ჩვეულებივი ომის ბუნებაა, არავინაა ამისგან დაზღვეული, მითუმეტეს ისეთი აგრესორი ქვეყანა, როგორიც რუსეთია. ომის გადმოდინების საფრთხე რუსეთს აქვს და ეს აუცილებლად მოხდება. პირდაპირ უკრაინის სამხედრო მანქანა იქნება მონაწილე თუ რუსეთის შემადგენლობაში ძალით დაკავებული სხვადასხვა ნაციები - თუნდაც ჩრდილოკავკასია, სათათრეთი ან სხვა დამონებული ერები, რომლებიც მოინდომებენ გათსვისუფლებას.

მოკლედ, რუსეთი დგას დაშლის საფრთხის წინაშე და რა თქმა უნდა, რიდესაც აღარ ეყოლება თავისი შეიარაღებული ძალები და რომელზეც გაგრძელდება სანქციები, უფრო მოწყვლადი გახდება. რუსეთი პირდაპირი კანდიდატია ამ საერთაშორისო იზოლაციის, უპერსპექტივობის, სიდუხჭირის და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, დაშლისა და ამ ომში წარუმატებლობა გახდება ბიძგი იმისა, რომ „ციხის კედლები დასკდეს და დაინგრეს“.

_ ყირიმში განვითარებული მოვლენები შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი ამ ომის ბედისა უკრაინის სასარგებლოდ?

_ ჩემთვის ეს ნათელი იყო, როცა რუსეთმა ხერსონიდან გამოიყვანა ფლოტი და შეიყვანა არა ყირიმში, არამედ ნოვორასიისკში, ეს ნიშნავდა, რომ იცოდენენ იმ რაკეტების შესაძლებლობების შესახებ, რომელიც უკრაინას ჰქონდა და ეცადნენ, ფლოტი გადაერჩინათ. თუმცა კი, ფლოტის ეფექტურობა „კრეისერ მოსკოვის“ დაბომვის შემდეგ თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. ანუ ვხედავთ, რომ რუსეთი შავ ზღვაში მალავს თავის ფლოტს, რათა არ მოხდეს მისი განადგურება. ზუსტად ამის გამოძახილია ყირიმიც. ანუ დღეს რუსეთის მოსახლეობამ დაინახა, რომ ყირიმი უსაფრთხო აღარ არის. ერთი კარგი შეძახილი იყო გავრცელებულ კადრებში, თუ ნახეთ - ახალგაზრდა ეუბნება უფროსს, გავიქცეთო და ის პასუხობს, შენი ხის ქოხი დაგვიცავსო?...

_ როგორ ფიქრობთ, ეს ფრაზა გახდება სიმბოლური ამ ომის ბედის გადაწყვეტისა?

_ რუსეთის მოსახლეობამ უკვე დაინახა, რომ დაუცველია ამ ხელისუფლების ანუ პუტინის ხელში. მათ დიდი ხანია, იციან, რომ მონობაში არიან და არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. 25 მილიონი ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში. ყირიმის დაბომბვის შემდეგ მათ ისიც იგრძნეს, რომ საკუთარ სახლებშიც დაუცველები არიან. მათი ოჯახები არიან დაუცველი და ეს ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის გენშტაბის კეთილ ნებაზე. ის, რომ დღეს რუსეთის ქალაქები ძაძებით არაა შემოსილი და არ არის საყოველთაო გლოვა გამოცხადებული, ჯერჯერობით ბუნკერებში არ ათენ-აღამებენ, ეს არის უკრიანის გენშტაბის კეთილ ნებაზე, ქრისტიანობაზე, ადამიანობასა და ზნეობაზე დამოკიდებული.