არჩილ გამზარდია: „ყველა პოლიტიკური ჯგუფი ამორფულია!“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საქართველოში პოლიტიკური მენტალობა, გარკვეულწილად, პოსტსაბჭოთა რეჟიმშია“

2 ოქტომბრის არჩევნებამდე თვეზე ნაკლებიღა რჩება. ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია, სადაც მმართველი ძალის პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი უნდა გადაწყდეს. ხელისუფლებისთვის კი თვითმმართველობის რიგითი არჩევნებია, სადაც დამაჯარებელ გამარჯვებას პროგნოზირებს... დაიხვეწა თუ არა საქართველოში საარჩევნო კამპანიის ტექნიკა და რანდენად აუწყვეს ფეხი ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა მსოფლიო ტრენდს? – „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა:

- საარჩევნო კამპანია სტანდარტულად მიმდინარეობს, სტრატეგიებში სიახლე არ ჩანს, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან, რადგან ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებია, კამპანიას გლობალურ პოლიტიკაზე აგებს. მეორე მხრივ, ხელისუფლება სტანდარტულად აპელირებს წინა ხელისუფლებაზე. როცა „ოცნების“ საარჩევნო კამპანია ასეთი პროპაგანდისტულია, ოპოზიციის კი - უფრო ამორფული, უფრო მეტად წარმატებული, როგორც წესი, ძალაუფლების მქონე სუბიექტი, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ხდება. ამ ეტაპზე, ამომრჩეველში გარდამტეხი მუხტი არ ჩანს და ამიტომ, 2 ოტომბერი, შეიძლება, აქტივისტური ტიპის არჩევნებს დაემგავსოს.

- რას გულისხმობთ?

- შედარებით დაბალი აქტივობის პირობებში, უფრო აქტიური ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდება არჩევნების დღეს, მაგრამ რადგან ყველაფერი ეს თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმშია, თემებში, საქალაქო და რეგიონულ მასშტაბებზე ინსტიტუციურად განვითარებულ პარტიებს უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ, რადგან ისინი უშუალოდ მუშაობენ ამომრჩეველთან. საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამომრჩეველს ძალიან კონკრეტული ამოცანები და უფრო ნაკლები მოტივაცია აქვს, რომ გლობალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასეთი, ინსტიტუციურად განვითარებული პარტია კი სულ ორია საქართველოში - „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ამიტომაც, ჩვენი საარჩევნო პროცესი ამ კონტექსტს ვერ სცდება. ამ პროცესში ისეთ პოლიტიკურ მუხტს ვერ ვხედავ, როგორიც 2012 წელს, ან, სულაც, 2003 წელს იყო. შესაბამისად, ამ პროპაგანდისტულ ომში ხელისუფლება, ალბათ, უფრო წარმატებულ შედეგს დადებს, რასაც გარკვეული წინაღობა ისევ მოჰყვება, მაგრამ ყველაფერი ეს, შესაძლოა, ხელისუფლების ძალაუფლების განმტკიცებით დასრულდეს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რამე განსაკუთრებული არ მოხდა.

- განსაკუთრებული რა უნდა მოხდეს?

- შეიძლება, იყოს კომპრომატები - სხვა ხერხები ჩვენთან ნაკლებად წარმატებულია, ან ამომრჩევლისთვის ისეთი მუხტის მიცემა, რომელსაც ოპოზცია თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, თუმცა ამ მომენტისთვის, კამპანია საკმაოდ მდორედ მიდის. გავიხსენოთ, როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია 2003 წელს, ამომრჩევლის როგორი მობილიზაცია იყო 2012 წელს, მსგავსი მუხტი დღეს არ გვაქვს.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია. ამ განცხადების ფონზე, მის პასიურობას რით ხსნით - ოპოზიციას რესურსი არ აქვს, თუ პოლიტიკურად სხვა გათვლებს აკეთებს?

- ოპოზიცია კი ცდილობს, რომ პროცესი ამ მიმართულებით წაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოქალაქის არჩევანსა და პოლიტიკურ პოზიციაზეა. პოლიტიკურ სპექტრს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ამომრჩევლის ცნობიერების წარმართვის პროცესი უჭირს, თუმცა ისეთ პროცესებში, სადაც ძალაუფლება და რესურსია, ხელისუფლება უფრო ეფექტურად მუშაობს და ამომრჩევლის ქცევაც შესაბამისია. ისე, მართალია, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ძალიან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ პოლიტიკური მენტალობა, გარკვეულწილად, მაინც პოსტსაბჭოთა რეჟიმშია დარჩენილი. ადამიანები იჭერენ გამარჯვებულის ან პოტენციურად გამარჯვებულის მხარეს და ცდილობენ, რომ საკუთარი ამოცანების რეალიზებისთვის პოლიტიკურ ჯგუფებთან კავშირები შექმნან ანუ წარმატებულისკენ იხრებიან. ამიტომაც აქტივისტური ერთგულება ჩანს და პასიური ამომრჩეველი ადაპტაციის გზას ეძებს, რაც უფრო წარმატებულისკენ სვლას გულისხმობს. ამიტომ ერთია, რას აცხადებს ოპოზიცია და მეორეა, რა ამოცანა აქვს ამომრჩეველს. თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული სპეციფიკისაა. ძირითადად, რეგიონში ვცხოვრობ და ვიცი, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უამრავი თემა და ამოცანაა, რასაც დაბის, ქალაქის მოსახლეობა მოითხოვს და როცა საარჩევნო სუბიექტი მოდის და ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე გელაპარაკება, ხშირად, ამომრჩევლისთვის ეს გაუგებარია. ოპოზიციისთვის ამომრჩეველში გარდატეხის შეტანა მარტივი არაა - სტანდარტული მიდგომები, პროპაგანდა და ექსპერტული შეფასებითი წარმართვა საკმარისი არაა. ადამიანებს სჭირდებათ ალტერნატივა და არა მხოლოდ შეფასება, რაც ასე მარტივი არაა, რადგან ყველა პოლიტიკური ჯგუფი საკმაოდ ამორფულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ყველაფერი მაინც ტექნიკური პროცესია და არა - შინაგანი, არადა, ამომრჩეველზე ტექნიკური პროცესები ნაკლებად აისახება. ამიტომაც, ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ კლიმატს, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილისა და ოპოზიციის პათოსის თანხვედრა ხდებოდეს.

- არჩილ, რამდენად განვითარდა საარჩევნო კამპანიის წარმართვის ტექნიკა და რამდენად ავუწყვეთ ფეხი, ამ მხრივ, მსოფლიო ტრენდს?

- ერთი მხრივ, რაღაც დეტალები დაიხვეწა - ნაკლებად ვხედავთ ჯგუფურ თავდასხმებს, ქვების სროლას, ძალადობას. დღევანდელი ხელისუფლება მრავალ კონტექსტში ძალადობს, მაგრამ ეს ტექნიკა სხვანაირი გახდა, ცნობიერების მართვაზე ძალადობა უფრო ხდება, ვიდრე - პირდაპირი აგრესია ოპონენტებზე ან ამომრჩეველზე და ეს ნაწილი უფრო „რაფინირდა“. ამ მხრივ რაღაცები ოპოზოციამაც დახვეწა იმიტომ, რომ კონფლიქტებს არც მისი მხრიდან ვხედავთ, არადა, ვიცით, რომ წინა პერიოდში პოლიტიკური სუბიექტები ცდილობდნენ, აქციები,კონფლიქტები, დაძაბულობა გამოეწვიათ. ახლა ამ პროცესს არ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში, 6 სექტემბრის მონაცემებით, მოცემულობა ასეთია, პროცესი უფრო მოზომილი და დახვეწილი გახდა. მეორე მხრივ, თანამედროვე საარჩევნო კამპანიები პოზიტიურ კონტექსტზეა აგებული. არჩევნები პოზიტიურ არსს გულისხმობს, რადგან ადამიანებს შეუძლიათ, რაღაცები სათავისოდ შეცვალონ და ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებში საარჩევნო კამპანიები მხოლოდ კონკურენტების დისკრედიტაციაზე კი არა, არამედ, ალტერნატივების პოზიტიური კლიმატის შექმნაზეა აგებული. ადამიანმა ოპოზიცია უნდა დაინახოს, როგორც მისი უკეთესი მომავლის შემქმნელი პირობა, ოპოზიციამ უნდა შეიტანოს ამომრჩეველში იმედი და პესიმიზმი გააქროს. ჩვენთან ასე არ ხდება, მხოლოდ ნეგატივზე, დისკრედიტაციაზე აგებული პროცესია და ალტერნატივების ორგანიკა არ ჩანს, რაც არა მხოლოდ ტექსტებით დაპირებებს, არამედ, შეგრძნების დონეზე თანხმობასაც გულისხმობს. მოქალაქის რწმენაზე ზემოქმედების უნარი, ჯერჯერობით, დაბალია და ამიტომ, კვლავ ნეგატივსა და დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული. ამ ნაწილში, ვერც თანამედროვე ტენდენციას ვეწევით და ვერც იმ გარემოს ვქმნით, რაც თანამედროვე ცივილურ არჩევნებს სჭირდება.