რატომ უნდა სააკაშვილს პარტიაში დამარცხებული ლიდერები - ვახტანგ ძაბირაძის განმარტებები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„კახა კალაძის რეიტინგი დღეს საკმაოდ მაღალია და ნიკა მელია, პრაქტიკულად, წინასწარ წაგებულ თამაშში ჩაება“

 ცესკო- თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში კენჭი 26 ივლისს კიდევ ერთხელ უყარეს, თუმცა კანდიდატებმა საჭირო მხარდაჭერა ვერ ამჯერად მიიღეს. ცესკო- თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. საბოლოოდ, კანდიდატ სიითი უმრავლესობით დაინიშნება, თუმცა არა 5 წლის, არამედ, 6 თვის ვადით.

ამასთან, უკვე ცნობილია თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი. „ქართულმა ოცნებამ“ ისევ კახა კალაძე წარადგინა. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა კი - ნიკა მელია, რომელსაც სრული ოპოზიციური სპექტრი მხარს არ უჭერს. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „ვერსია“ პოლიტიკის ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 - თუ გვინდა, რომ ეს დაპირისპირება რამენაირად დასრულდეს, უნდა შეიცვალოს ცესკო-ს თავმჯდომარის კანიდიდატურის შერჩევის მეთოდი და ისეთი იყოს, რომელიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის. თუ არადა, წყლის ნაყვაა და მხარეები მაინც პოლარულად დარჩებიან. ჯგუფში, რომელმაც კანდიდატები უნდა წარადგინოს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არიან სპეციალისტები სამეცნიერო წრეებიდან და ა.შ. ქვორუმი ისეთი იყო, რომ არასამთავრობოები, რომლებიც მეტ-ნაკლებად სარგებლობენ ხალხის მხარდაჭერით, ამ კანდიდატების წინააღმდეგ იყვნენ, სანამ პრეზიდენტს წარუდგენდნენ.

ამას ისიც ემატება, რომ მთავრობა ისეთ კომისიას ქმნის, რომელიც, აპრიორი, ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ასე რომ, მთლიანად ეს პროცედურა არამომგებიანია, არ უწყობს ხელს შერიგებას და დაპირისპირების დასრულებას.

შეთანხმება და კონსულტაციები კანდიდატურის წარდგენისას უნდა მომხდარიყო პოლიტიკურ ძალებს შორის, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ძალები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სხვა მხრივ კი, ასე წავა ეს პროცესი - 76 ხმით, 6-თვიანი ვადით დაამტკიცებენ ახალ თავმჯდომარეს, მაგრამ ამაში ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას და ისევ გამოვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე დანიშნა უმრავლესობამ.

უმრავლესობა ამბობს, რომ ამ კანდიდატს უმწიკვლო კარიერა ჰქონდა ცესკო-ში მუშაობისას (არც ვიცნობ და წარმოდგენაც არ მაქვს, ვინაა) და თუ მართლაც ასეა, საერთოდ აღარ უნდა გააკარო ცესკო-ს, არათუ თავმჯდომარედ აირჩიო იმიტომ, რომ ვინც 1995 წლიდან დღემდე ცესკო-შია ნამუშევარი, აღარ უნდა იმუშაოს, რადგან მუდმივად ყალბდებოდა არჩევნები და ცესკო იყო ამ სიყალბის დამადასტურებელი.

იქ თუ უმწიკვლო კარიერა გქონდა, ესე იგი, ჩუმად იყავი, ხელს აწერდი ყველაფერს და ჩვენ, სწორედ ასეთი რამ არ გვინდა. ამიტომ, ეს შეთანხმება ვერ და არც მოხდება.

მეორე მხრივ, ოპოზიციის გარკვეულ ძალებს სულაც არ აწყობთ მონაწილეობა ამ პროცედურაში და სხვაგავარად რომ ყოფილიყო, ხელისუფლებას იძულებული უნდა გაეხადა ოპოზიცია, პროცესში ჩართულიყო, მაგრამ პირიქით გამოდის. ხელისუფლებას სურს, ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ის, ვისაც ის დაუჭერს მხარს. ასე რომ, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეცდება, არ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში იმიტომ, რომ შემდეგ ადვილად თქვას, ცესკო-ს თავმჯდომარე დანიშნა ხელისუფლებამ და არჩევნებს, რა თქმა უნდა, გააყალბებსო.

- თუ ახლა, საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა ცესკო-ს თავმჯდომარე, გამოდის, რომ თამარ ჟვანიას გადადგომას აზრი არ ჰქონია, არა?

- კი, მშვენიერი სქემაა, 6 თვის შემდეგ, ისევ 6 თვით დაამტკიცებენ და იქნება ასე... ამდენად, ჟვანიას გადადგომა გამოდგა „ფუჭი გასროლა“, მაგრამ ეს პიარის ის ნაწილია, რომელიც დასავლეთისთვისაა გათვლილი.

- ბატონო ვახტანგ, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ, თბილისის მერად წარდგენილ კანდიდატს, ნიკა მელიას სრული ოპოზიციური მხარდაჭერა არ აქვს ანუ არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვეტს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედს, ოპოზიცია ვერ გაერთიანდა ერთი კანდიდატის გარშემო. ეს სწორი გადაწყვეტილებაა?

- ოპოზიციას მთავარი საკითხი უნდა გადაეწყვიტა - იბრძვის ადგილობრივ არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, თუ მისი მთავარი მიზანი რიგგარეშე არჩევნებია. თუ რიგგარეშე არჩევნებია სამიზნე და ის, რომ 43% ვერ აიღოს „ოცნებამ“, მაშინ მელიას არ უნდა მიეღო მერის არჩევნებში მონაწილეობა.

ოპოზიციის ეს „ლიდერშიფი“ მთლიანად იმაზე უნდა გადართულიყო, რომ პროპორციულ არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ 43% არ მიეღო.

ჩემი აზრით, ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ იბრძოლოს ორ ფრონტზე, ამიტომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა. დღეს, მელია ყველაზე რეიტინგული ფიგურაა ოპოზიციაში, თუ მას თბილისს მიაბამ, რეგიონებში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულამდე დავა და ეს იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაზე. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ეს, მხოლოდ არჩევნებს უკავშირდება, შეიძლება, ვიღაცებს გათვლა არჩევნების შემდგომ პერიოდზე ჰქონდათ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რაც ნოემბრის არჩევნების შემდეგ გაკეთდა. ასეთი ვერსიაც შეიძლება არსებობდეს, რომ არჩევნების შედეგებს კი არ ჰქონდეს მნიშვნელობა, არამედ, იმას, თუ რას ვიტყვით - გაყალბდა თუ არა არჩევნები. თუ გაყალბდა, ესე იგი, ისევ თავიდან ვიწყებთ იმავე სცენარის დატრიალებას.

- ბოიკოტს გულისხმობთ?

- დიახ, ბოიკოტს, პერმანენტულ აქციებს და ასე შემდეგ, ხელისუფლების იძულებას, რომ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. სრულიად განსხვავებული რამ იქნება, თუ ქუჩის მოთხოვნას დაჰყვება ხელისუფლება და ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას წაგებული ექნება ეს თამაში, რაც არაერთხელ ვნახეთ კომუნისტების, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს.

მოკლედ, თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ არჩევნებში უნდა „იჭიდაოს“, მაგრამ მნიშვნელოვანია არა არჩევნების შედეგები, არამედ ის, რომ არჩევნების შემდეგ ითქვას, ყველაფერი გაყალბდაო, მაშინ სწორია, თბილისის მერობის კანდიდატი მელია უნდა იყოს, რადგან ის საპროტესტო ტალღის ლიდერად მოიაზრება.

რეალობა თბილისში ასეთია - კახა კალაძის რეიტინგი დღეს საკმაოდ მაღალია. ის არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი და რაც მთავარია, მას საკმარისი მხარდამჭერები სწორედ ახალგაზრდებში ჰყავს. ამიტომ, ფაქტობრივად, წინასწარ წაგებულ თამაშში ნიკა მელიას ჩაბმა, სხვას, რას უნდა ნიშნავდეს? რატომ უნდა უნდოდეს ეს, ნაციონალურ მოძრაობას?

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ სააკაშვილს თავის გუნდში, მაინცდამაინც, არ უნდა გამარჯვებული ლიდერები...

- ისე, ამომრჩეველზე როგორ იმოქმედებს, რომ მრავალთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ამ გადამწყვეტ არჩევნებში, ოპოზიციამ გაერთიანება ვერ მოახერხა?

- ყველაზე რეიტინგული მელიაა და მოგვწონს თუ არა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია არის ნაციონალური მოძრაობა. არც მელიას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს იმის რესურსი, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი გააერთიანოს. ოპოზიციური ლიდერები, შეიძლება, ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ ამომრჩეველი ამაში არ მიიღებს მონაწილეობას და როცა „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებამდე მიდის საქმე, ის ამომრჩეველიც კი, ვინც „ოცნებას“ მხარს არ უჭერს, ისევ მისკენ იხრება და არა - ნაციონალური მოძრაობისკენ.

პირველ რიგში, ეს თავად „ნაციონალებს“ უნდა გაეანალიზებინათ, რატომ ხდება ასე.

არაადეკვატურობის ბოლო საზოგადოებრივი გამოვლინება იყო ჟურნალისტების განცხადება, რომ იწყებენ საპროტესტო აქციებს და არ დაამთავრებენ, სანამ ხელისუფლება არ გადადგება. რამდენადაც ვიცი, ეს აქციები აღარაა, ხელისუფლება კი ისევ არის. საიდან უჩნდებათ იმის განცდა, რომ საზოგადოება აჰყვება ამ ტალღას, უბრალოდ, არ მესმის.

- თქვენი აზრით, ეს აქციები რატომ შეწყდა?

- იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს აქტივის მხოლოდ პატარა ნაწილი. 9 წელია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ქუჩა ააგოროს, მაგრამ ვერ ახერხებს, ვერ გამოჰყავს ხალხი და ამას გაანალიზება უნდა.

- ბატონო ვახტანგ, მედიას არ აქვს უფლება, რაღაც გააპროტესტოს?

- კი, რა თქმა უნდა, უნდა გააპროტესტოს. საშინელება იყო, რაც მოხდა 5 ივლისს, მაგრამ ზეწოლის ფორმები უნდა შეარჩიონ და რესურსიც იცოდნენ. როცა აცხადებენ, რომ იქნება პერმანენტული აქციები, უნდა იცოდნენ, ამის თავი აქვთ თუ არა. თუ არ აქვთ, ეს არ უნდა თქვან, რადგან ეს უკუშედეგს იწვევს. მედიისგან მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მსგავსი, მსოფლიოში არსებობს თუ არა, არც კი ვიცი. ნაცვლად იმისა, რომ მედია აქტიურად ჩართულიყო იმ საგამოძიებო პროცესში, რაც ახლა მიდის, იდენტიფიცირებაში, ზეწოლა ასე უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებაზე - არ მიეცა ამოსუნთქვის საშუალება და გათვლა უნდა ყოფილიყო არა იმაზე, რომ ღარიბაშვილი გადადგეს... ხელისუფლების ყველა შეცვლის დროს, იმდროინდელმა ოპოზიციამ შეძლო გაეერთიანებინა მთელი ოპოზიციური ელექტორატი და სანამ ოპოზიცია ვერ შექმნის ისეთ გუნდს, რომელიც ამას შეძლებს, ყოველგვარი მცდელობა, რომ ქუჩის ზეწოლით შეცვალონ ხელისუფლება, არის ფუჭი.