„ნიღბების თაობის“ სევდა ანუ როგორ შეცვალა კორონამ პოლიტიკა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეზღუდული ადამიანის უფლებები და მსოფლიოს ახალი გადანაწილება

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და მსოფლიო დაპაუზდებოდა. დღეს კი ეს „დაპაუზება“ რეალობაა, თანაც ისეთი რეალობა, რომ არავინ იცის, როდის შეიცვლება. ისე, ზოგს კითხვა აქვს, როგორ შეიძლება, ადამიანი ანუ ინტელექტუალური არსება უსულო ვირუსმა შეაშინოს, მაგრამ ეს უსულო ვირუსი, პრაქტიკულად, თანამედროვე „შავი ჭირია“, ჭირი, რომელიც იმაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ, „ჰომოსაპიენსებს“ გვგგონია. ერთი სიტყვით, უხილავმა ვირუსმა დედამიწა თავდაყირა დააყენა და მსოფლიოში ახალი წესრიგი დაიწყო.

 

მაინც, რა არის ეს ახალი წესრიგი? - ამ კითხვას პასუხი მეტ-ნაკლებად ამომწურავად რომ გავცეთ, მოდით, საკითხს ასე შევხედოთ:

მახსოვს, ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, ისეთი დრო მოვა, ჰაერზეც გადასახადს დააწესებენო. საერთოდ, თუ კარგად დავაკვირდებით, ნებისმიერი ფანტაზია, ადრე თუ გვიან, რეალობა ხდება ხოლმე და ეს გასაკვირიც არაა, რადგან ყველაფერი, რისი წარმოდგენა-წარმოსახვაც ადამიანის გონებას შეუძლია, ოდესმე, აუცილებალდ ხელშესახები გახდება. აი, მაგალითად, იყო დრო, როცა მფრინავ ხალიჩებზე ზღაპრებს თხზავდნენ, მაგრამ კარგა ხანია, „მფრინავი ხალიჩა“, ესე იგი, თვითმფრინავი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

მოკლედ, ჰაერზე გადასახადი, წელიწადზე მეტია, რეალობაა ანუ ღია თუ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე სიარული ჯარიმდება. შესაძლოა, 20 ან სულაც 50 ლარი კოლოსალური ჯარიმა არაა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც 800 ათასამდე ადამიანი სოციალურად დაუცველია, 20 კი არა, ერთი ლარიც დიდი პრობლემაა.

ერთი სიტყვით, ჩვენი ბებია-პაპები „ომის ადამიანები“ იყვნენ (მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ), ჩვენ ბნელი 90-იანელები ვართ, ჩვენი შვილები კი „პირბადეების თაობის“  წარმომადგენლები იქნებიან.

ისე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: 21-ე საუკუნეში, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანის უფლებებია, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, კორონაპანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ ადამიანის უფლებები შეზღუდა.

სხვათა შორის, ადამიანის შეზღუდულ უფლებებზე ხელისუფლებებიც აკეთებენ აქცენტს.

ასე, მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარშში, სიტყვა-სიტყვით წერია:

„ყველაფერი, რასაც მსოფლიო აკეთებს პანდემიასთან საბრძოლველად, ადამიანისა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება. უპრეცედენტო მსოფლიო კრიზისმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გამოაჩინა რა, ის რისკები და საფრთხეები, რაც ვირუსმა ჩვენს ყოველდღიურობაში შექმნა“.

მოგეხსენებათ, ხალხი ჭრელია. ამ სიჭრელეს, კორონას წყალობით, ახალი მიმდინარეობაც დაემატა - ვაქსერები და ანტივაქსერები. მოგეხენებათ, ვაქსერები ისინი არიან, რომლებიც ვაქცინაციას დაჟინებით უჭერენ მხარს. ანტივაქსერები კი ამტკიცებენ, რომ ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება, რადგან კვლევები ჯერ არ დასრულებულა.

ახლა, შეიძლება, ვინმემ იკითხოს, საზოგადოების სიჭრელე და მით უმეტეს, ვაქსერები და ანტივაქსერები ადამიანის უფლებებთან რა შუაშიაო, მაგრამ თუ დავაკვირდებით, შუაში კი არა, თავშია და აი, რატომ:

მართალია, დღევანდელი მოცემულობით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ეს ოფიციალურად. არაოფიციალურად კი, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ის, ვისაც აცრა არ ექნება გაკეთებული, ვთქვათ, კაფეში აღარ შეუშვან. საზღვარგარეთ მოგზაუროაბზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

ახლა, ჩნდება კითხვა: როცა ადამიანს იმის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, რისი სურვილიც აქვს, ეს ნიშნავს თუ არა უფლებების შეზღუდვას?

ისე, ისიც უფლებების შეზღუდვაა, რომ მთელ მსოფლიოში „ლოქდაუნები“ იყო გამოცხადებული და დღისა თუ ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, ხალხს თავისუფლად გადაადგილების უფლება არ ჰქონდა!

ერთი სიტყვით, ნათელია, რომ კორონაპანდემიამ ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს დაარტყა!

რაც შეეხება იგივე პოლიტიკას, მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნების ხელისუფლებები კორონაპოლიტიკაზე გადაეწყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე ყველაზე დიდი საფრთხე, მაგალითად, ატომური იარაღი იყო, ახლა ეს თემა აღარავის აღელვებს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ დედამიწის გადანაწილება და გავლენების გაზრდა თუ შემცირება, კორონათი მშვენივრად შეიძლება ანუ გამოდის, რომ კორონა ისე უნდა განვიხლოთ, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი?

შესაძლოა, ამ მსჯელობაში ლოგიკა მართლაც არის...

ისე, არავინ იცის, წლების მერე, როცა ყველაფერი დალაგდება, ჩინეთს, საიდანაც კორონამ იფეთქა, დანარჩენი მსოფლიო პასუხს რა ფორმით მოსთხოვს, თუმცა ამ ეტაპზე ნათელია, რომ ჩინეთში კორონა აღარც ახსოვთ, სამაგიეროდ, სხვა ქვეყნებში კორონათი მიყენებულ ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ზიანს თავს ვერ აღწევენ.

თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სავსებით დასაშვებია, რომ ჩინეთი კიდევ უფრო ზესახელმწიფო გახდეს და სხვების უძლეველობის მითი საპნის ბუშტივით გაქრეს.

ამასობაში, დაძაბულობაა, უფრო სწორად, იყო ახლო აღმოსავლეთშიც - რამდენიმე კვირის წინ, ისარელსა და ჰამასს შორის დაძაბულ ვითარებას ვგულისხმობ. უფრო ადრე, ე.წ. ყარაბაღის კონფლიქტიც განახლდა და ყველაფერმა ამან შექმნა მოცემულობა, რომ იგივე სამხრეთ კავკასიაში, რაღაც იცვლება. ეს რაღაც კი, დიდი ალბათობით, ის იქნება, რომ ჩრდილოეთის გავლენები გაძლიერდება, თუმცა ამისთვის ჩვენებურ თუ უცხოელ ანალიტიკოსებს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ.

რატომ?

ამ კითხვაზე პასუხი უმარტივესია - დღეს, მსოფლიოს მთავარი თავის ტკივილი კორონაპანდემიაა, პანდემია, რომლის მეოთხე ტალღასაც შემოდგომაზე ელოდებიან. და რაკი დაანონსებულია მეოთხე ტალღა, ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ კორონაისტერიკა, მინიმუმ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, მომავალ წელსაც მსოფლიო ისევ შეშლილობის ზღვარზე იქნება და... შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ცხოვრების კიდევ ახალ, აქამდე უცნობ წესზე მოგვიწიოს გადასვლა!

მოკლედ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მაინც, რა ყველაფრისთვისო? - იკითხავს მავანი.

წეღანდელი თქმისა არ იყოს, ნებისმიერი ფანტაზია, ადრე თუ გვიან, რეალობა ხდება. ჰოდა, ახლა, უცებ წარმოვიდგინე, რომ ჩვენს პლანეტას სახელი გადაარქვეს და „კორონა“ დაარქვეს. დიახ, ეს ფანტაზიაა, ბოროტი ფანტაზია, მაგრამ ბოროტი ფანტაზიებიც ზუსტად ისევე ცხადდება ხოლმე, როგორც - კეთილი.

ასე რომ, მოდით, კოსმოსში დადებითი ენერგია გავუშვათ და იქ, სადღაც ზემოთ „გამაგრებულ“ ზებუნებრივ ძალებს ვთხოვოთ, რომ კორონამდელი ცხოვრება დაგვიბრუნოს!  

ნინო დოლიძე