სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 წლის იუბილე აღნიშნა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მისი დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმართეს.

 

სიტყვით გამოსვლისას, გრიგოლ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევისთვის - უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვნად გაზრდილი საფრთხეების ფონზე. სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.

გრიგოლ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, რომელსაც სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში გრძნობს.

გრიგოლ ლილუაშვილი:

დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წელი გავიდა. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი, უპირველეს ყოვლისა, მივულოცო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას. რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია იმ მოსამსახურეთა ღვაწლი სახელმწიფოს წინაშე, რომელთაც თავი გაწირეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ყველას, განსაკუთრებით კი ამ დარბაზში მსხდომთ, კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაა მსოფლიოსა და რეგიონში. როგორი ფეთქებადსაშიშია ვითარება და რა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები დევს სასწორის პინაზე. რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ახლო აღმოსავლეთი, საერთაშორისო ტერორიზმი, და ა.შ. სწორედ, ამ საფრთხეების ფონზე გვიწევს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა მათი განსაკუთრებული როლი სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

„საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად სერიოზული წნეხისა და ზეწოლისა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეში მომავალშიც განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. ბატონო გრიგოლ, ბატონო ოფიცრებო, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა გაწეული სამსახურისთვის და გისურვოთ წარმატებები. საქართველოს მთავრობის სახელით, გპირდებით სრულ თანადგომას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი:

სამსახურის წარმომადგენლები საქმის მცოდნე, გამოცდილების მქონე და სამშობლოს მოამაგე ადამიანები ხართ და ქმნით გუნდს, რომელსაც სწორი ღირებულებები და წრფელი დამოკიდებულებები აქვს. თქვენ, ხშირად, ჩვენი თვალთახედვის არეალს მიღმა მუშაობთ, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები დაიცვათ და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოთ. იმის მიუხედავად, რომ თქვენი ძალისხმევა არ არის ყოველდღიურად ხილვადი, ეს შრომა ჩვენს დიდ პატივისცემას იმსახურებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვადასტურებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობას. ასევე, მზად ვართ, შევუწყოთ ხელი უსაფრთხოების სამსახურის მუდმივ განვითარებასა და გაძლიერებას, რათა მისმა თანამშრომლებმა ყოველთვის შეძლონ, სათანადოდ გაუმკლავდნენ მზარდ ჰიბრიდულ საფრთხეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გულითად მადლობას გიხდით.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გმირულად დაღუპულ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელთა ხსოვნას.

დასასრულს, გრიგოლ ლილუაშვილმა გაწეული სამსახურისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პირველი ხარისხისა და საპატიო მედლებით დააჯილდოვა. სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა სამსახურის 380 თანამშრომელს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სხვადასხვა დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის განვითარებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამსახურის პირველი ხარისხის მედლით დააჯილდოვა გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ გომელაური, გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ ქუთათელაძე და გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ტაბატაძე.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წლის აღსანიშნავად, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე, საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  ღონისძიებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. 

საჩვენებელი წვრთნა, სპეცტექნიკისა და სპეციალური საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მოიცავდა კონტრტერორისტული ოპერაციების სხვადასხვა კომპონენტს. გამოყენებული იყო რამდენიმე ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და ვერტმფრენი.

ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თანამშრომელთა ხსოვნას.

დასასრულს, გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლები დააჯილდოვა სამკერდე ნიშნებით - „ღირსეული სამსახურისთვის“ და ამასთან ერთად, სიგელებით.