კრემლის ჩაფლავებული სპეცოპერაცია - როგორ გადაარჩინეს ქართველებმა დედა ენა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

14 აპრილის 43-წლიანი ქრონიკა

მაშინ ორი წლის ვიყავი და, ცხადია, არაფერი მახსოვს, მაგრამ მერე, დრო რომ გავა, იმდროინდელი მოვლენების მონაწილეებს გავიცნობ და 1978 წლის 14 აპრილის „საიდუმლოსაც“ ამოვხსნი. ზოგადად, ეს „საიდუმლო“ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია - 43 წლის წინ, „დედა რუსეთი“ შეეცადა, მამულწართმეული ქართველებისთვის ენაც წაერთმია. კრემლში, ალბათ, არ ელოდნენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები საკუთარ ენას კბილებით დაიცავდნენ, მაგრამ როცა ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა, ბოლშევიკების წითელი „ბუნაგი“ იძულებული გახდა, უკან დაეხია. ჰო, მაშინ ქართველებმა სასწაული ერთიანობა და ერთად დგომა აჩვენეს. დღეს?.. - ამაზე საუაბრი შორს წაგვიყვანს და ამიტომ, მოდით, 43 წლის წინანდელი მოვლენები გავიხსენოთ.

 

მოკლედ, 1978 წელს, საბჭოთა ბელადებმა გადაწყვიტეს, რომ მოკავშირე რესპუბლიკებში, ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინათ და მთელ  სსრკ-ში, სახელმწიფო ენა რუსული გამხდარიყო.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული... თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო და თანდათან, ვითარება უმართავი ხდებოდა. ამიტომ, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე იძულებული ხდება, ხალხთან გავიდეს. სხვათა შორის, ცხონებულ შევარდნაძეს, კრიტიკულ ვითარებაში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სჩვეოდა...

ერთი სიტყვით, კრემლი აცნობიერებს, რომ მხოლოდ ორი გამოსავალია - სისხლისღვრა, ან დათმობა. „მოსკოვები“ მეორე გზას ირჩევს და უკან იხევს. მერე, დრო რომ გავა, ედუარდ შევარდნაძეს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები ერთგვარ აქტივში ჩაეწერება. ყოველ შემთხვევში, 90-იანებში, სამოქალაქო ომის პარალელურად, საქართველოში დაბრუნებული ამბროსოვიჩის მხარდამჭერები მის პატრიოტიზმზე საუბრისას, სწორედ 14 აპრილს იხსენებდნენ...

სხვათა შორის, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები საბჭოთა „რკინის ფარდას“ გასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლური მედია ქართევლების ერთსულოვნებაზე ბევრს საუბრობდა.

აი, მაგალითად, 1978 წლის 15 აპრილს, New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია - „საბჭოთა ქართველები ქუჩებში გავიდნენ, საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 20 ათასს უტოლდებოდა. სტატიაში, ასევე, ეწერა, რომ წინა ღამით, უცნობმა მამაკაცმა დარეკა New York Times-ის მოსკოვის ბიუროში და თქვა:

- ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, დემონსტრაციას ვმართავთ!  გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“.

New York Times-მა, 18 აპრილს, გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია - „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეული დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

მომხდარს The Times-იც გამოეხმაურა, რომელმაც 17 აპრილს, სტატია გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, ორი ამერიკელი იურისტი - რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, იუწყებოდნენ, რომ ქართველმა დემონსტრანტებმა, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს დაუყვირეს, როდესაც ის მომიტინგეების დამშვიდებას ცდილობდა. როგორც სტატიაში იყო აღნიშნული, მაკკეი და რაიმენი დემონსტრაციის თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა:

- ჩემო ბავშვებო, რას აკეთებთ?

- ჩვენ შენი ბავშვები არ ვართ! - უყვირეს მომიტინგეებმა შევარდნაძეს.

მერე, დრო რომ გავა, შევარდნაძე იტყვის, რომ საბჭოთა რესპულიკებში, სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების იდეის ავტორი, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბრეჟნევის თეორეტიკოსი, მიხეილ სუსლოვი იყო. შევარდნაძე იმასაც იტყვის, რომ სუსლოვს განუმარტა,  საქართველოში ამ იდეის რეალიზაცია სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევსო, მაგრამ...

- კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება, - მიუგო სუსლოვმა...

ამბობენ, რომ მაშინ შევარდნაძე  ბრეჟნევსაც შეხვდა, რომელიც  დაპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში, საქმეში ჩაერეოდა.

„დავბრუნდი და პირადად მე მოვახდინე ინიცირება კონსტიტუციის პროექტის შესწავლის“, - გაიხსენა „რადიო თავისუფლებასთან“ შევარდნაძემ და დასძინა, რომ მის ინიციატივას პირველები, მწერლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მიიჩნევდნენ დამღუპველად ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნას, თუკი სუსლოვის დაპირებისამებრ, კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ პარტია იზრუნებდა ქართული ენის განვითარებაზე.

„10 საათისთვის, თითქოს შადრევანმა ამოხეთქაო, აქ, ზემელზე, შეიკრა უნივერსიტეტიდან წამოსული ხალხი, პოლიტექნიკურიდან და ზემოდან, კონსერვატორიიდან, შეკრებილი ხალხი და ეს ხალხი უცბად იქცა მდინარედ“, - წლების მერე, ასე გაიხსენებს 14 აპრილის მოვლენებს ერთ-ერთი აქტივისტი.

ედუარდ შებარდანაძე: „უკვე მესმოდა: „დედა ენა! დედა ენა!“ მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ“.

აქციის აქტიური მონაწილე იყო თამარ ჩხეიძე... იმდენად აქტიური, რომ კგბ-ს წარმომადგენლებმა, მის სახლში ჩხრეკა 14 აპრილამდე ჩაატარეს... 43 წლის წინანდელ მოვლენებს, „რადიო თავისუფლებასთან“, თამარ ჩხეიძე ასე გაიხსენებს:

„თუკი, ზოგადად, ასეთი რამ არ ჩანდა და შეშინებული იყო საზოგადოება, დადგა მომენტი, როცა შიში განაგდეს და გონივრულად განახორციელეს ეს აქცია და მიიღეს კიდეც შედეგი და ეს შედეგი გავრცელდა სხვა რესპუბლიკებზეც“.

1990 წელს, ქართველი ხალხის მიერ, 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშვანავად და უკვდავსაყოფად, 14 აპრილი, დედა ენის დღედ გამოცხადდა.

დღესაც 14 აპრილია - დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მტერს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არასოდეს დაუთმობს!

ნინო დოლიძე