„ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან მეექვსედაც წააგეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ბოლო ტესტ-მატჩი გამართა. გულშემატკივრებით გადავსებულ ედინბურგის სტადიონზე, რომელთა შორის ცნობილი მსახიობი, ჯერარდ ბატლერიც იმყოფებოდა, ჩვენი გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდა. ეს „სქოთებთან“ ქართველთა მეექვსე ტესტი და მეექვსე მარცხი იყო. უდავოა, რომ შოტლანდია ჩვენზე ბევრად ძლიერია, მაგრამ შეხვედრა ისე დაიწყო, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა და სენსაციის სუნიც დადგა.

„ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი საუცხოოდ ითამაშეს, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს და სავარაუდოდ, არც მასპინძლები ელოდნენ ქართველთაგან ასეთ წინააღმდეგობას. მოულოდნელობის ეფექტი იყო თუ სხვა რამ, ბოლომდე თქმა ძნელია, მაგრამ ტაიმი საქართველომ 6:0 მოიგო. მეორე ნახევარში, მოედანზე გაბრაზებული შოტლანდია გამოვიდა , 5 ლელო დაგვიდო და საბოლოოდ, შეხვედრა 33:6 მორჩა ანუ მეორე ნახევარში, ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ. საინტერესოა, რომ ერთ ტაიმში 5 ლელო, საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 2020 წელს... შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში გაუშვა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, საქართველო ტურნირს 9 სექტემბერს, ავსტრალიის ძლიერ ნაკრებთან მატჩით იწყებს. მწვანე კონტინენტის ბინადართა გარდა, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები უელსი, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე