ისევ ხვიჩა და... ქართველი ანჩელოტის ბლოკნოტში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ გაიტანა. ამჯერად, ქართველმა შემტევმა „ტორინოს“ გრძელი დრიბლინგის შემდეგ შეუგდო და ახლა „ნაპოლის“ მაისურით გამართულ 10 შეხვედრაში, ყველა ტურნირზე 5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტი აქვს, რაც ძალიან, ძალიან კარგი შედეგია. შესაბამისად, არ წყდება აჟიოტაჟი ქართველის გარშემო და ამჯერად აზრი მადრიდის „რეალის“ თავკაცს, კარლო ანჩელოტი ჰკითხეს.

„კვარაცხელიას გვარი თქვენ ახლა გაიგეთ, მე კი იმ დროიდან ვაკვირდები, როცა მთავარ მწვრთნელად სწორედ „ნაპოლიში“ ვმუშაობდი. მას აქვს ყველაფერი, რომ დიდი კი არა, ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდეს. ზოგადად, „ნაპოლიში“ საინტერესო გუნდია შეკრებილი, ახალი ბიჭები მივიდნენ, ახალგაზრდები, რომლებსაც თამაში სწყურიათ და მათ შორის კვარაცხელია აშკარად გამორჩეულია“,-განაცხადა კარლიტომ, რომელიც „ნაპოლის“ 2018-2019 წლებში წვრთნიდა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კვარაცხელიას ოცნების გუნდი მადრიდის „რეალია“, ანუ ის, რომელსაც ახლა ავარჯიშებს იტალიელი სპეციალისტი.

კვარაცხელიაზე ყურადღების გამახივლებას ურჩევენ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცს, ხოსეპ გვარდიოლას. როგორც ამბობენ, ესპანელი სპეციალისტი ჩვენებურს გამადიდებელი შუშით აკვირდება და ისე მოსწონს, „მზად არის, საკუთარი სხეულის ნაწილი გაყიდოს და აღებული ფულით ხვიჩა შეიძინოს“, ასე წერს ბრიტანული მედია.

„ვუყურებ კვარაცხელიას თამაშს და საკთარ თავს ერთადერთ კითხვას ვუსვამ - მე რატომ არ ვიყიდე, მე რატომ გამომეპარა?“-ეს განცხადება „ლაციოს“, „რომას“, ამჟამად კი „სალერნიტანას“ სპორტულმა დირექტორმა, იტალიაში ერთ-ერთმა გავლენიანმა მენეჯერმა, ვალტერ საბატინიმ გააკეთა.