ევროთასების წინ, „დინამომ“ მწვრთნელი გაუშვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპული კლუბები ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან. მათ შორის არიან ქართული გუნდებიც და მათი მეტოქეების ვინაობაც გასულ კვირას გაირკვა. მოქმედი ჩამპიონით დავიწყოთ - ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი“ იქნება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებს და რომლის ღირსებასაც ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები - ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იცავენ. შედეგად, სლოვაკურმა კლუბმა ძალიან კარგად იცის ქართული ფეხბურთის ძლიერი და სუსტი მხარეები და სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „სლოვანთან“ ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში აჭარლებს მთავარი კაცი, ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლებათ. მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა კონტრაქტი „ნაპოლისთან“ გააფორმა და 1 ივლისს, უკვე იტალიური კლუბის განკარგულებაში უნდა იყოს. პირველი მატჩი კი 6 ივლისს არის, საპასუხო - 13 ივლისს. არის კიდევ ერთი ნიუანსი - 10 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში იტალიას მასპინძლობს და მატჩი ბათუმის არენაზე ჩატარდება. ჰოდა, რაგბის კავშირმა ითხოვა, ეგებ, ბათუმელებმა პირველი შეხვედრა შინ ჩაატარონ, რადგან 10 ივლისს მოედანი ისეთ დღეში ჩავარდება, 13 ივლისამდე აღდგენა ვერ მოხერხდებაო. არადა, საპასუხო შეხვედრის შინ ჩატარება ერთგვარი უპირატესობაა, ზუსტად იცი, რა ანგარიში გჭირდება და ამიტომ, საფეხბურთო კლუბი კატეგორიულ უარზეა, რამე შეცვალოს. ჩვენ თუ გვკითხავთ, „დინამო“ მართალიცაა, რადგან საფეხბურთო მატჩი ოფიციალურია, სარაგბო - ამხანაგური და ეგებ, მორაგბეთა შეხვედრა გადავიტანოთ სხვა სტადიონზე.

ცუდ დღეშია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის „დინამო“. დედაქალაქელებს კონფერენს ლიგაზე მეტოქედ ესტონური „პაიდე“ ერგოთ და ერთი შეხედვით, ბალტიისპირელები დაუძლეველ ბარიერად არ ჩანან, მაგრამ ორიოდე დღის წინ, „დინამომ“ მთავარი მწვრთნელი, კახი ცხადაძე გაუშვა და მის ნაცვლად, გიორგი ჭიაბრიშვილი დანიშნა. ცხადაძეს წყალტუბოში, „სამგურალთან“ მარცხი არ აპატიეს და გაუშვეს. არადა, სეზონის წინ, სწორედ თბილისურმა კლუბმა დააანონსა ამბიციური გეგმა თუ პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღერძი სწორედ ცხადაძე იყო, მაგრამ... იმედია, ჭიაბრიშვილი მოახერხებს და მოკლე დროში გუნდის სქემას ისე ააწყობს, „დინამომ“ „პაიდეს“ ბარიერი რომ დასძლიოს.

იმავე კონფერენს ლიგაზე, გორის „დილას“ მეტოქე ფინური „კუპოიო“ იქნება და გორელების სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, არ ჩანს ეს ბარიერი დაუძლეველი. ალბანური „პარტიზანი“ შეხვდა თბილისის „საბურთალოს“ და ამ გადმოსახედიდან, ოთხივე ქართულმა კლუბმა უნდა შეძლოს პირველი ბარიერის გავლა. მართალია, ყველაზე რთული მეტოქე ბათუმურ გუნდს ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ სავალი გზა ია-ვარდით მოფენილი რომ არ იქნებოდა, ცხადი იყო.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე