ნიკოლოზ ბასილაშვილი: „მე არ დავნებდები!“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძალიან დიდი ხანია, ნიკოლოზ ბასილაშვილის მატჩი არ მოუგია და ბოლო ტურნირებში აშკარად არადამაჯერებლად გამოიყურება. არადა, დრო იყო, ნიკა ყველა მეტოქეს აშინებდა და მის წინააღმდეგ თამაში პირველ ნომრებსაც კი უჭირდათ. ახლა კი... ტრავმის გამო აღებული იძულებითი პაუზის შემდეგ, ნიკა ჯერ სარდინიის ტურნირზე გამოჩნდა, მერე რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ბადეში, მაგრამ ვერ იმარჯვა. დღეის მდგომარეობით, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 173-ე პოზიციაზეა, რაც მისი შესაძლებლობების ჩოგბურთელისთვის ცუდი შედეგია.

„დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ამიტომაც, მსურს ქომაგებს და იმ ხალხს, ვინც ჩემზე ზრუნავს, მცირე სიახლე მივაწოდო. ბოლო სამი-ოთხი წელიწადი ძალიან რთული პერიოდი იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, პროფესიულ კარიერაში...

ბოლო სამი წელია, რაც ვებრძვი იდაყვის ტრავმას, რომელიც სრული ენერგიით თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვიყენებ, ყოველდღე ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ახალ-ახალი გამოსავლის ძიებაში ვარ. კორტზე ყოველი გასვლა ენით აუწერელ ტკივილს მაყენებდა, რომელიც თავდაჯერებულობას მიკარგავს და ენერგიას მართმევს. არადა, ადრე ჩოგბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი.

მე მაინც არ ვნებდები, მჯერა, გამოსავალს ვიპოვი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. გმადლობთ, მხარდაჭერისთვის“, - ეს წერილი ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქართველი პროფესიულ ჩოგბურთში 2008 წლიდან არის და ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობითა თუ გამარჯვებებით, ბონუსების სახით, 8 721 417 დოლარი გამოიმუშავა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე