საქართველო პირველია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

წინ მარტი და პლეი-ოფი გველის

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა გიბრალტარში 2:1 მოიგო და თუ ვინმეს თამაშის ხარისხი არ მოეწონა, შევახსენებთ, რომ მატჩ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და ასეთ მოედანზე ტრავმის მიღების შანსი ძალიან დიდია. აკი დაგვემტვრა კიდეც გიორგი ლორია და მეორე ტაიმში ის გიორგი მამარდაშვილმა ჩაანაცვლა. დასრულდა ეს ეტაპი და დასრულდა ისე, როგორც ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რადგან არამარტო ჯგუფში, არამედ C დივიზიონში, საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ. რას ნიშნავს ეს? ყველაზე მთავარი სწორედ ახლა იწყება.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ ვითამაშოთ, ორად ორი შეხვედრის მოგება გვინდა. C დივიზიონიდან პლეი-ოფში ჩვენს გარდა თურქეთ, საბერძნეთი და ყაზახეთი გავიდნენ. ჩვენი მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება (უდიდესი ალბათობით, ეს უკანასკნელი) და იმის გამო, რომ C დივიზიონში საუკეთესო შედეგი გვაქვს, ½-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებას საკუთარ კედლებში გავმართავთ, ანუ ყაზახეთს ან საბერძნეთს თბილისში ვუმასპინძლებთ. მეორე ფინალური წყვილი, მეორე ½-ფინალიდან გამოვლინდება და რომელი ნაკრების მოედანზე გაიმართება გადამწყვეტი შეხვედრა, ამას უკვე კენჭისყრა გაარკვევს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ორი მატჩის მოგება გვჭრდება და ეროვნული გუნდის ამ შემადგენლობას, აღნიშნულის გაკეთება შეუძლია. C დივიზიონში პირველობის გარდა, ბომბარდირობა 5 გატანილი გოლით< არავის დაუთმო ხვიჩა კვარაცხელიამ, რაც ასევე გამოსარჩევი ამბავია. ჩვენმა ნაკრებმა სულ 16 გოლი გაიტანა და თითქმის მესამედი კვარაზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს,ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. ყველაზე რეალური შანსი ორიოდე წლის წინ გვქონდა, როცა საამისოდ მაკედონიის შინ დამარცხება იყო საჭირო, მაგრამ მაშინ მაკედონიელებმა „დინამო არენაზე“ მინიმალური ანგარიშით მოგვიგეს და ევროპაზე თავად (მათაც პირველად) ითამაშეს. ევროპისკენ სავალ გზაზე კი ახლა 3 ნაკრებია - ყაზახეთი, საბერძნეთი, თურქეთი. ამ სამიდან, ორის დამარცხება მოგვიწევს და ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ.