„ცოცხებით გავყრი ამათ აქედან,“ - დიდი სკანდალი რაგბის კავშირში

რაგბი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წესითა და რიგით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ერთი წლის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ თავი ვერ მოება. არჩევნები 30 დეკემბერსაა დანიშნული, რომლის  ჩატარებასაც ხელი, წესით, არაფერმა უნდა შეუშალოს, თუმცა 25 დეკემბერს გამგეობის სხდომა ჩატარდა, რომლზეც... არჩევნების კვლავ გადადების საკითხი დადგა.

მარტივად რომ აგიხსნათ, თუ არჩევნები გადაიდება, ხელმძღვანელობა, რომელიც 4 წლით აირჩიეს, რაგბის კავშირის მართვის მეექვსე წლის ათვლას დაიწყებს. კანდიდატი სამია - ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

სხვათა შორის, როცა 4-წლიანი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და არჩევნები ვერ დაინიშნა, სვანიძე გადადგა და ახლა კვლავ პრეზიდენტობას აპირებს. სწორედ მან განაცხადა 25 დეკემბერს გამართულ გამგეობაზე, ცოცხებით გავყრი ამათ აქედანო და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც... სხდომაზე არ შეუშვეს, სიაში არ ხარო.

მოკლედ, 25-ში გამგეობა ერთ რამეზე შეთანხმდა: 27-ში უნდა გაიმართოს გამგეობის კიდევ ერთი სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს, შედგება თუ არა 30 დეკემბერს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები.

სიტყვაზე გვენდეთ, ხმაურის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება ჩაივლის, არც - მეორე და როგორც 25-ში, ისე კვირას, აუცილებლად იქნებიან მობილიზებული სამივე კანდიდატის მხარდამჭერები და გარეთ დაპირისპირება აუცილებლად იქნება.

ბათო ჯაფარიძე