დე ლაურენტისი და მილიონები

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის სტარტზე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი კლუბი ჩემპიონობასთან ასე ახლოს იქნებოდა და რაც მთავარია, მისი კლუბის ორი ფეხბურთელი – ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, არა მარტო იტალიის, არამედ, მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები გახდებოდნენ. სეზონის სტარტზე, 10 მილიონ ევროდ ნაყიდ კვარაცხელიაში დე ლაურენტისისთვის ვინმეს 20 მილიონი რომ მიეცა, სიხარულით გაყიდდა, ახლა კი... ქართველის ოფიციალური ფასი 85 მილიონი ევროა, მაგრამ პრეზიდენტი მის დათობას 100 მილიონადაც არ აპირებს.

ფეხბურთელების გარდა, ნეაპოლური კლუბის მფლობელს სხვა სანერვიულოც გაუჩნდა. გრანდ-კლუბები მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის წაყვანას აპირებენ და ახალი სპეციალისტის პოვნა ძალიან გაჭირდება. ამიტომ, დე ლაურენტისი მზადაა, სპალეტისთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივოს, წლიური ჯამაგირი გაუორმაგოს და 4 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა...

„დე ლაურენტისი ამბობს, რომ მზადაა, ხელფასი გაუორმაგოს კვარაცხელიას, ოსიმენს, ანგისას, ახლა კიდევ სპალეტის... რეალურად, მათი ხელფასები იმდენად დაბალია, რომ დარჩენაზე ფიქრს მხოლოდ გასამმაგების შემდეგ დაიწყებენ, რადგან იმას, რასაც დე ლაურენტისი გაორმაგებას უწოდებს, ნებისმიერი ინგლისური კლუბი მარტივად გადაიხდის“, – წერს იტალიური მედია.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია საკუთარ ბლოკნოტში ხოსეპ გვარდიოლამაც მოინიშნა და თუ ესპანელმა სპეციალისტმა მოინდომა, „მანჩესტერ სიტის“ არაბი მფლობელები ქართველს ნისლიან ალბიონზე უპრობლემოდ წაიყვანენ.