არის კონტრაქტი - მამარდაშვილი 100 მილიონი ღირს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ, თბილისის „დინამოს“ 850 ათასი ევრო გადაუხადა, ახალგაზრდა მეკარესთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა, მის გამოსასყიდი ფასი კი კონტრაქტში 20 მილიონი ევრო ჩაწერა. რეალურად, „ღამურებმა“ გიორგი მესამე მეკარედ მიიყვანეს, მაგრამ ჯერ გუნდის მეორე მეკარე დაიმტვრა, შემდეგ ძირითად კიპერს ვირუსი დაუდგინდა და მწვრთნელიც იძულებული იყო, კარში მამარდაშვილი ჩაეყენებინა, რომელმაც ბოძებული შანსი საუცხოოდ გამოიყენა და „ვალენსიას“ მესვეურები მიხვდნენ, რომ ხელში პრაქტიკულად უფასოდ, ნამდვილი მარგალიტი ჩაუვარდათ.

სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი კიპერის გადაბირება „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემს“ სურდათ, 20 მილიონის გადახდაზე ორივე თანახმა იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან ინგლისური კლუბები მამარდაშვილს, როგორც პერსპექტიულ მეკარეს, ისე ყიდულობდნენ და ძირითადი კიპერების დუბლიორად სურდათ. ამით გადასარევად ისარგებლა „ვალენსიამ“ და მამარდაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს - გიორგი მამარდაშვილი გუნდში 2027 წლამდე დარჩება, ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვამდე მისი გადაბირება რომელიმე კლუბს მოუნდება, 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე