ახალი კონტრაქტი თუ მამარდაშვილი „მანჩესტერში“?

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანური „ვალენსია“ მზადაა, გიორგი მამარდაშვილს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუგრძელოს და მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროც ჩაწეროს. ხელშეკრულების გაგრძელების წინააღმდეგი არც ქართველი კიპერია, მაგრამ ვადაზე ადრე კონტრაქტის გახანგრძლივება ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ გიორგის ჯამაგირიც უნდა გაეზარდოს. ამას კი „ვალენსია“ იმ მიზეზით ვერ ახერხებს, რომ სახელფასო ბიუჯეტის გაზრდით, საფინანსო ფეარ-ფლეის პრინციპს დაარღვევს და ჯარიმა არ ასცდება. ამიტომ, „ღამურებმა“ რომელიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდონ და გიორგის ხელფასი მის ხარჯზე გაუზარდონ. ალბათ იფიქრებთ, ასეთი სიჩქარე რა საჭიროა, მამარდაშვილს კონტრაქტი ისედაც 2025 წლამდე აქვსო, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოქმედ კონტრაქტში გიორგის გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი წერია და ამ თანხას „მანჩესტერ იუნაიტედი“ იხდის. როგორც ესპანური მედია წერს, ინგლისური კლუბის მესვეურები „ვალენსიას“ წარმომადგენლებს უკვე ესაუბრნენ და მამარდაშვილის გაყიდვა შესთავაზეს.

გიორგი 21 წლისაა და ყველა ხვდება, რომ კლუბი, რომელიც მას გადაიბირებს, მეკარის პოზიციას ყველაზე ცოტა, 10 წლით მოაგვარებს. შედეგად, „მანჩესტერი“ წინ იხედება და ქართველს დევიდ დე ხეას შემცვლელად მიიჩნევს, „ვალენსია“ კი ძალიან კარგად ხვდება, რომ წელს თუ არა გაისად, ამ დონის კიპერს არავინ შეარჩენს და გრანდები აუცილებლად წაართმევენ. ამიტომ ცდილობს ხელშეკრულებაში 20 მილიონის ნაცვლად 100 ჩაწეროს, რადგან 20 მილიონი გრანდებისთვის „მზესუმზირას“ ფულია. ჰოდა, ახლა ისაა გასარკვევი, რომელ მოთამაშეს შესწირავენ მამარდაშვილს ზვარაკად.