40 წელი დინამოს ლეგენდარული გამარჯვებიდან

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე" თბილისის „დინამომ" 2:1 დაამარცხა იენის „კარლ ცაისი" და ევროპის თასების მფლობელთა თასი აღმართა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აღმართა უკანასკნელად და არა მხოლოდ ეს თასი. 1981 წლიდან დაიწყო თბილისის „დინამოსა" და ქართული ფეხბურთის იმგვარი დაღმასვლა, რომ მაშინდელი გამარჯვება, 40 წლის შემდეგ დაუჯერებელ ამბად მოჩანს.
დღემდე ძალიან ძვირფასია ეს დღე ყველა ქართველისთვის, რადგან თაობებს გადაეცემა ლეგენდად ქცეული გამარჯვება.
კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“, „ვესტ ჰემის“, უელსის „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.
თავის დროზე „დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველობაზე. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით აგრძელებს მოღვაწეობას.