იამალს მოკვლით ემუქრებიან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაახლოებით ორი თვის წინ, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი მუქარის წერილებს სისტემატიურად იღებს და მათ მოკვლით ემუქრებიან. სამართალდამცავებმა მაშინ ამ ამბავს წაუყრუეს, აქაოდა, ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავსო და გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეს ყურადღების მისაქცევად გააკეთა. იამალს ესპანეთის ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის მოგებაში ლომის წილი მიუძღვის, ის ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს და აგერ, სეზონიც საუცხოოდ დაიწყო - 6 მატჩში, მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოდა, მაშინ, როცა მას მხოლოდ ფეხბურთსა და სკოლის გაკვეთილების მომზადებაზე უნდა ეფიქრა, სხვა საფიქრალი გაუჩნდა, რადგან მამამისი, მუნირ ნაზრაუი დანით დაჭრეს.

ჭრილობა იმდენად სერიოზული იყო, რომ იამალის მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელის ბებიამ კი განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუქარის წერილები, როგორც ტელეფონში, ისე ეელექტრონულ ფოსტაზე ყოველდღიურად მოდის და მოკვლით არა მარტო იამალს, არამედ, მისი ოჯახის ყველა წევრს ემუქრებიან. როგორც იქნა, ყურები სამართალდამცავებმაც გამოიფხიკეს და ოფიციალური ძიებაც დაიწყეს, მით უმეტეს, რომ ძალოვნებს ოფიციალური განცხადებით, სწორედ ფეხბურთელის ბებიამ მიმართა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე