მამარდაშვილის საგა გრძელდება - ან ამ კვირაში, ან წელს აღარ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა და მეორე მარცხი იწვნია გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“. „ღამურები“ ამჯერად სტუმრად, „სელტასთან“ 1:3 დამარცხდნენ, თუმცა ანგარიში, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო, მამარდას პენალტი რომ არ მოეგერიებინა. მხოლოდ ესპანელები კი არა, უკვე მთელი ევროპა აღიარებს, რომ ქართველი კიპერი ისეთი სუსტი გუნდისთვის, როგორიც „ვალენსიაა“, ზედმეტად დიდი ფუფუნებაა და ამიტომ, არავის უკვირს, რომ მის გადაბირებას „ლივერპული“ ცდილობს.

„შეთანხმება უკვე მიღწეულია, მამარდაშვილის სანაცვლოდ, „ვალენსია“ 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი და წლიურად, თითქის, 4 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. ამასთან ერთად, მიმდინარე სეზონს გიორგი იჯარის წესით, ისევ „ვალენსიაში“ გაატარებს და „ლივერპულს“ გაისად, მას შემდეგ შეუერთდება, რაც გუნდიდან მერსისაიდელების პირველი მეკარე წავა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ამ ტრანსფერს ყურადღებით აკვირდება თბილისის „დინამოც“, რადგან კონტრაქტში, რომელიც „ვალენსიასთან“ არის გაფორმებული, წერია, რომ მამარდაშვილის გაყიდვის შემთხვევაში, თბილისურ კლუბს ტრანსფერის 10% ერგება ანუ ინგლისელეების მიერ გადახდილი 40 მილიონიდან, 4 მილიონი „დინამოს“ ბიუჯეტში ჩაირიცხება.

ბრიტანული მედია იმასაც წერს, რომ „ლივერპულმა“, შესაძლოა, სატრანსფერო სეზონის ბოლომდე (1 სექტემბერი), სუპერ-ტრანსფერი განახორციელოს და „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია დაიმატოს. არადა, თითქოს კვარა ნეაპოლურ კლუბში დარჩა და თითქოს ყველაფერი შეათანხმა, მაგრამ როგორც ამბობენ, გუნდში მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის, სიტუაცია უკვე დაიძაბა და ხვიჩა გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ იქნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე