კვარაცხელიამ გოლით და საგოლე გადაცემით დაიწყო, თუმცა...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე სეზონში, საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრა ჩაატარა იტალიურმა „ნაპოლიმ“. „დიეგო მარადონაზე“, მამის სტატუსით პირველად გავიდა ხვიჩა კვარაცხელია და ყველა ველოდით, რომ თუ ქართველი შემტევი გოლს გაიტანდა, მას აუცილებლად „ბებეტოს ჟესტით“ აღნიშნავდა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, თავის დროზე, პატარას დაბადება ცერა თითის პირში ჩადებით აღნიშნა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს საღამო კვარაცხელიას ბენეფისად იქცა. ჯერ იყო და, ქართველმა საოცარი და უზუსტესი პასით, თანაგუნდელი დი ლორენცო მეკარეს შეატოვა და მას გატანა არ გასჭირვებია, მერე კი თავად ცენტრიდან წაიღო ბურთი და მიმდინარე სეზონში გოლთა აქტივი გახსნა.

იტალიური მედია წერს, რომ მატჩს კვარაცხელიას ქართველი აგენტი, მამუკა ჯუღელიც ესწრებოდა, რომელმაც კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა და ჯამაგირის გაზრდის თაობაზე, ბოლო მოლაპარაკება უნდა გამართოს. დე ლაურნეტისი მზად არის, ქართველს წლიურად 6 მილიონი გადაუხადოს, მაგრამ...

„თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ნაპოლი“ ბელგიელ ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს დაიმატებს და როგორც მისი აგენტი აცხადებს, 31 წლის თავდამსხმელის ჯამაგირი წლიურად 8 მილიონი ევრო იქნება. შესაძლოა, ეს არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ ეს უსამართლოა კვარაცხელიასთან მიმართებით. ხვიჩა გუნდის ლიდერი, საუკეთესო და, რაც მთავარია, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მას ყველაზე მეტი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, მაგრამ დე ლაურენტისი ამის გაკეთებას არ ჩქარობს“, - წერს იტალიური მედია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე