საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.
სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის დაიბარეს კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო.
"კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
ამავე სხდომაზე, კომისიამ გადაწყვიტა, რომ ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის "სინანულის საფუძველზე", კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რათა დეკანოზს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება.
"ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის 27 დეკემბრის სინოდალური კომისიის სხდომაზე დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი სასულიერო პირების შეურაცხყოფის მიზეზით მიიღო და არა ევროკავშირის დროშის დაწვისთის.
მაშინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, როგორ წვავდნენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის - მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი. გავრცელებულ ვიდეოებში ისმის მუქარაც „ოცნების“ მისამართით, არჩევნებზე მინიშნებით.
გარდა ამისა, კომისია წერს, რომ მათ წინაშე "შენდობა ითხოვა" სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრმა, ლევან (ანასტასი) ზუმბაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო.
კომისიამ მას გაფრთხილება მისცა, რომ მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება.
სინოდალური კომისია პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი