ბულინგი სკოლის მოსწავლის მიმართ - განათლების სამინისტროს განცხადება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის სკოლაში მოხდა. საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ.

როგორც არასრულწლოვნის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდამცველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყების შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.

„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.

როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.