ჩოხატაურში, კუნძულ კერკირადან ( საბერძნეთი ) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამობრძანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა.
არქიმანდიტრ მარკოზ გურგრნიძის განცხადებით, ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა.
“დიდი სიწმინდე შემობრძანდა ჩოხატაურში, გურიაში, შემოქმედის ეპარქიაში. ღვთის მადლითა და წყალობით, მეუფე იოსების ლოცვა- კურთხევით, ეპარქიას საბერძნეთიდან ჩამობრძანდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულმოქმედი ე.წ. ფაჩუჩი. ძალიან დიდი სიწმინდეა. ეს ფაჩუჩი არ არის ჩვეულებრივი. სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება. ყოველ წელს უცვლიან წმინდანს ამ ფაჩუჩს. ეს იმიტომ რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან და როგორ გვიადგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს”,_ განაცხადა არქიმანდიტრმა.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მინდია ჟღერიამ განაცხადა,წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში იქნება დაბრძანებული. სიწმინდე ტაძარს გადმოეცა და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ.
ინფორმაციისთვის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დაახლოებით 270 წელს. გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი ირინე. მეუღლეს გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული გზა აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონაზვნად აღიკვეცა. სპირიდონი ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა – იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს სდევნიდა.
წმინდა სპირიდონმა იმპერატორ მაქსიმინუსის პერიოდში დევნა განიცადა, მაგრამ ხანდაზმულობამდე მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ტრიმიფუნტში, დაახლოებით 80 წლის ასაკში.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. თავდაპირველად, წმ. სპირიდონი დაკრძალეს ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბეთში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა. 1204 წ. როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც კუნძულ კერკირას უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. წმინდანის ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.
წყარო: gurianews.com
ჩოხატაურში საბერძნეთიდან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამოაბრძანეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი