„სკოლამ უნდა შეძლოს, რომ ექსკურსიაში ყველა ბავშვი მონაწილეობდეს“ - ინტერვიუ თინათინ მოსიაშვილთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სასწავლო წელიც სრულდება, რასაც თან ახლავს  ჩვენი მრავალწლიანი ერთგვარი ტრადიცია, ექსკურსია და ბანკეტი. ამ ღონისძიებებით მთავრდება სასწავლო წელი საქართველოს ყველა სკოლაში.

ბანკეტიც და ექსკურსიაც  დღესდღეობით ძვირი სიამოვნებაა, არიან ადამიანები, რომლებსაც არცერთზე წასვლის ფინანსები არ აქვთ. ასევე, ხშირად ექსკურსია სხვა სახით ტარდება  და ქალაგარეთ ქეიფს უფრო ემსგავსება, ვიდრე განსატვირთ და შემეცნებით დღეს. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, ორივე ღონისძიება საჭიროა და ეს ტრადიცია შეძლებისდაგვარად ბიუჯეტურად  და სწორად უნდა გაგრძელდეს.

ამ  თემაზე „ვერსია“ ესაუბრა თინათინ მოსიაშვილს, იგი გახლავთ გეოგრაფი და გიდი, „მომავლის პროექტის“ დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტების ლექტორი.  

გთავაზობთ ინტერვიუს:

_ახლა აქტიური ექსკურსიების პერიოდია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მიმდინარეობს სკოლებში ექსკურსიების დაგეგმვა/წარმართვა და რას შეცვლიდით თქვენ?

_ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკში დავწერე პოსტი და სხვა დროსაც არაერთხელ დამიწერია, რომ ექსკურსია ფუფუნება არ არის, ის საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელსაც გარკვეული მიზნები და ფუნქციები აქვს. ამ ღონისძიებაში, შეძლებისდაგვარად, ყველა მოწავლე უნდა მონაწილეობდეს.  

საექსკურსიო თეორიის მიხედვით, ექსკურსიას უნდა უძღვებოდეს  გიდი. ჩვენს ექსკურსიებში კი, დამეთანხმებით, იშვიათად მონაწილეობს პროფესიონალი გიდი.

კი, ბატონო, ექსკურსია ძალიან ჰგავს გაკვეთილს და ბევრი კარგი მასწავლებელი წარმატებით ითავსებს გიდის როლსა და ფუნქციებს, თუმცა არაერთი ექსკურსია მინახავს, კიდევ უფრო მეტზე მსმენია (თუნდაც ჩემი სტუდენტებისგან მათი სასკოლო ექსკურსიების შესახებ), რომ კლასის გასვლას საექსკურსიო ობიექტზე შემეცნებითი კომპონენტი ნაკლებად ახლდა, აღარაფერს ვამბობ, კულტურული თვალსაწიერის გაფართოებასა და შემდგომი ინტერესის გაღვივებაზე.  

რასაკვირველია, ყველა ექსკურსიას აქვს გართობის ფუნქციაც. დღეისათვის, სამწუხაროდ, ჩვენი სასკოლო ექსკურსიები იქცა გართობის და ქეიფის სივრცედ. არც გართობის წინააღმდეგი ვარ და, ცხადია, არც ხინკლისა და მწვადის. თუმცა ექსკურიის დაგეგმვისას ეს  პრიორიტეტი არ უნდა იყოს.

სამწუხაროდ, სკოლებს ნაკლებად აქვთ ბიუჯეტი და დღეს ექსკურსიებსა და სხვა არაფორმალურ ღონისძიებებებს მშობლები აფინანსებენ. ამდენად, მშობლები იქცევიან ხოლმე დამკვეთად. არადა, ეს როლი, დამკვეთის როლი სკოლას და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. მშობელი შეიძლება ჩაერთოს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები და დამგეგმავი, ეროვნული სასწავლო გეგმის თემატიკისა და მოსწავლეების ინტერესის გათვალიწინებით, მასწავლებელი უნდა იყოს.  

ამასწინათ დანიაში ვიყავი და კოპენჰაგენში ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა სასკოლო და, თქვენ წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღის 10-15-20-ბავშვიანი ჯგუფები, რომელსაც მხოლოდ 2-3 მასწავლებელი ახლდა.  გადაადგილებისთვის იყენებდნენ როგორც სასკოლო ავტობუსს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც (არ მიკვირდა, იქ ხომ პარლამენტარებიც ველოსიპედით დადიან).

ჩვენთანაც ტარდება სამუზეუმო ექსკურსიები, ძალიან ბევრი კარგი სასწავლო პროგრამა გვაქვს და ნამდვილად დადიან სკოლები ამ პროგრამებზე, მაგრამ იქ სხვა დამოკიდებულება ვნახე, გაკვეთილების დროს მუზეუმების  ყველა დარბაზში ვხედავდი მოსწავლეებს. ისხდნენ ძირს, ჰქონდათ საინტერესო აქტივობები და მუზეუმის გაკვეთილ-ექსკურსიაზე მათთან ხან მასწავლებელი მუშაობდა, ხან - მუზეუმის გიდი.  

ცალკე უნდა შევეხოთ ფასებს, მიმაჩნია, რომ თბილისის ახლოს ექსკურსიები (და ექსკურსია არის მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება, სხვა შემთხვევაში უკვე ტურია) არ უნდა ჯდებოდეს 100-120 ლარი!

_ გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც სკოლის მოსწავლე თანხის უქონლობის გამო არ წასულა ბანკეტზე ან ექსკურსიაზე?

_ რასაკვირველია, მსმენია ასეთ შემთხვევებზე. ქვეყანაში უამრავი ბავშვია, რომელიც ფინანური მდგომარეობის გამო ვერ მიდის ექსკურსიაზე, ბანკეტზე, ვერ აბარებს უნივერსიტეტში...

ვფიქრობ, კლასის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მოსწავლეების შესახებ და ექსკურსიის ორგანიზებისას პროცესი ისე წარმართოს, რომ  უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად წაიყვანოს ექსკურსიაზე ის მოსწავლეები, რომელთა მშობლები ვერ უზრუნველყოფენ შვილის დაფინანსებას. 

 _კიდევ ერთ მტკივნეულ თემას რომ შევეხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბანკეტის გადახდა, როდესაც ყველამ ვიცით, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი?

_ ბოლო ზარი და ბანკეტიც ყველას გვქონია. ამას, ცხადია,  აქვს თავისი განუმეორებელი ხიბლი, მოხატული პერანგები იქნება, ბოლო ზარის დარეკვა,  თუ მეგობრებთან ერთად გართობა.

ერთი ეს არის, ხშირად ზომიერების გრძნობა გვეკარგება: მშობლებისგან მესმის, რომ სკოლის დამთავრების ხარჯი 1000-2000 ლარზე ადის. დღევანდელ საქართველოში, ეს, დამეთანხმეთ, ძალიან ბევრია. თუმცა „ჩემი შვილი ხომ არ გამოაკლდებაო“ და მშობლები ბანკის ვალსაც იდებენ, შვილებს გული რომ არ დაწყვიტონ.

მიხარია, რომ დღეს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს ორიგინალურ გადაწყვეტილებასაც, ვიცი  სკოლები და კლასები, რომლების საინტერესო „ბოლო ზარს“ გეგმავენ, ბანკეტის თანხით მიდიან რამდენიმედღიან ტურში, ან თანხას სულაც საქველმოქმედო მიზნებით ხარჯავენ.

 ძალიან კარგად მესმის იმ ახალგაზრდებისაც, გამოსაშვები საღამოების ერთად და ლამაზდ აღნიშვნა რომ უნდათ.

მიმაჩნია, რომ აქაც სკოლამ მეტ-ნაკლებად უნდა მართოს სიტუაცია, მესმის, რომ ბევრი მშობელი საკუთარი ოჯახით აფასებს და ვერ აცნობიერებს, როგორი სოციალური ფონი გვაქვს. ჩვენ ძალიან გვაკლია სოციალური პასუხისმგებლობა, გვაკლია სხვების თანადგომა. თუ ვიხდით ბანკეტს, შეიძლება ყველაზე მაღალი კლასის რესტორანში არ წავიდეთ.  ვასწავლოთ ახალგაზრდებს, რომ ჩაცმა და ჭამა არ არის ადამიანის მთავარი დანიშნულება. 

_რა რჩევას მისცემდით სკოლებს და მასწავლებლებს?

_ მე მაინც ექსკურსიების თემას დავუბრუნდები. ექსკურსიები, ლაშქრობები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების განვითარებისთვის. 

მეტსაც გეტყვით, მიმაჩნია, რომ მოსწავლე სკოლას არ უნდა ამთავრებდეს, რამდენიმედღიან ეკობანაკში მონაწილეობის, კარავში დაძინებისა და ღამის გათენების, კოცონის გარშემო თამაშის საშუალება არ ჰქონდეს. ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბავშვებისთვის. ერთი ექსკურსიით, ლაშქრობითაც კი შეიძლება ისეთ შედეგზე გავიდეთ, რამაც ერთი სემესტრის საკლასო ცხოვრება გადაწონოს.

არ არის საჭირო, ექსკურსიები დაიგეგმოს მაღალი ბიუჯეტით. სკოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ყველაფერი იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის.

სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად უნდა დაიგეგმოს სასკოლო ცხოვრება.  თითოეული კლასისთვის განისაზღვროს, სად შეიძლება წავიდნენ ბავშვები, რა უნარზე და  ცოდნაზე უნდა გავიდნენ ამ ექსკურსიით. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილ-ექსკურსიების ჩატარება, მაგალითად, გეოგრაფისა და ქართულის, გეოგრაფიისა და ისტორიის, თუ გეოგრაფიისა და ქიმიის,  „ჩვენი საქართველოსა“ და ხელოვნების ან მუსიკის გაკვეთილ-ექსკურსიები, რომელშიც თავისი კომპეტენციის ფარგლებიდან რამდენიმე საგნის მასწავლებელი ჩაეთვება. ასეთი ღონისძიებიდან მოსწავლემ ძალიან საინტერესო გამოცდილება უნდა წამოიღოს.

თუ მუზეუმებს გამოვიყენებთ აქტიურად (და თბილისის გარეთაც, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს კარგი მუზეუმები), შეიძლება რომ ექსკურსია არ დაჯდეს 3-5-10 ლარზე მეტი.

18 მაისი მუზეუმების საერთშორისო დღეა და ამ დღეს მუზეუმები მსოფლიოში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) უფასოდ მასპინძლობენ ვიზიტორებს. მაგალითად, თბილისში, თბილისის სამუზეუმო გაერთიანების მუზეუმებში 25 მაისამდე ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, ზოგადად უფასოა ზოგიერთი საინტერესო ობიექტი (მაგალითად, წიგნის მუზეუმი, უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მუზეუმები).  

ექსკურია, როგორც აღვნიშნე, საგანამათლებლო ღონისძიებაა და მასში ყველა მოსწავლე უნდა მონაწილეობდეს. უმცროსკლასელებისთვის ექსკურიის ორგანიზებაში შეიძლება ჩავრთოთ უფროსკლასელებიც, სტუდენტებიც და მათ ამაში გარკვეული კრედიტები ან ქულები მიიღონ. 

მე რამდენჯერმე მაქვს გამოქვეყნებული ჩამონათვალი თბილისის გარშემო იმ ობიექტებისა, რომლის მონახულება ოჯახსაც კი არ უნდა დაუჯდეს 10-20 ლარზე მეტი.

სალაშქროდ ოჯახის წევრების ერთად წასვლასაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ლამაზ და ფერად ზაფხულის დღეებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს.

ავტორი-სალომე ნოზაძე