„სხვებს ნუ შეეჯიბრებით, გააკეთეთ არჩევანი ბარებში 500 ლარად სიმღერასა და ექსკლუზიურ შემოქმედებას შორის!“-ექსკლუზიური ინტერვიუ დათო ფორჩხიძესთან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მუსიკალური პროექტის - „ვოისი“ პირველი „ლაივ-შოუ“ მაყურებელმა 12 იანვარს იხილა. „ვოისის“ რიგით მეორე „ლაივ-შოუ“ კი 19 იანვარს გაიმართება და ჟიურის წინაშე დათო ფორჩხიძისა და დათო ევგენიძის გუნდის წევრები წარსდგებიან. ამ სეზონზე მეგაშოუ „ვოისის“ ქართული ანალოგის გამარჯვებული ევროპაში, ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსის - „ევროვიზია 2023“-ის საგზურს მოიპოვებს. როგორია მწვრთნელების განცდები და რას ნიშნავს ეს პროექტი მათთვის? - „ვერსია“ „ვოისის“ ერთ-ერთ მწვრთნელ დათო ფორჩხიძეს ესაუბრა:

 - „ვოისში“ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. აქ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბავშვებს ვეცნობი, ვარ იქ, სადაც მთელი ცხოვრება ვიყავი და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. სწორედ ესაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, უმადური საქმეა, საბოლოოდ, მაინც კარგ რამეს ვემსახურები და ჩემთვის უმთავრესია, მომავალ თაობას გადავცე ის ცოდნა, რაც ცხოვრების განმავლობაში დავაგროვე. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გამოვადექი და სამომავლოდაც შევეცდები, გამოვადგე... მინდა, რთული მომენტები გავუმარტივო და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარო. ვფიქრობ, ისინი ჩემგან ყველაფერ ამას ისწავლიან და სამომავლოდ, შედარებით სწორ ნაბიჯებს გადადგამენ.

- რამდენად რთულია გადაწყვეტილებების მიღება?

- ახალგაზრდა დამწყები მომღერლები, პროექტში წარუმატებლობის შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება აქ მთავრდება და თუ ახლა არ გაუმართლათ, წარმატების მიღწევის შანსი აღარ ექნებათ. ისინი საკმაოდ ემოციურად და ტრაგიკულად აღიქვამენ ნებისმიერ გარემოებას, რომელიც მათ სასარგებლოდ არაა. ამასთან, ბავშვები, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობენ, ჩემი შვილის ასაკისანი არიან და კარგად მესმის, რას ფიქრობენ და რამდენად დარდობენ ყველაფერზე. როგორც უნდა აუხსნა, რომ ეს მხოლოდ კონკურსია და ერთ-ერთი საფეხური, რომლის გავლის შემდეგ არ უნდა გაჩერდნენ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას, მაინც გარკვეული პერიოდი მწვავედ განიცდიან. მხოლოდ მომდევნო ეპიზოდში გადასვლა არ ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი უიტნი ჰიუსტონი გახდება. ასეთი წარმატების მისაღწევად შრომაა საჭირო.

ჩვენი საზოგადოება ძალიან სენსიტიურად აღიქვამს ყველაფერს. კონკურსანტების ოჯახის წევრების უმეტესობა მუსიკაში ვერ ერკვევა, არ არიან პროფესიონალები და შესაბამისად, სუბიექტურად აფასებენ, შენ კი ყველას მოსაწონ გადაწყვეტილებას  ვერ მიიღებ. როდესაც საზოგადოება საკმარისად არ გენდობა, რისხვის ობიექტი ხდები. ყველაზე მეტად ბავშვების განცდებზე ვდარდობ. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია გადაწყვეტილებების მიღება. საზოგადოებას მიაჩნია, რომ ყველაფერს ვიღაცა გვკარნახობს და წინასწარაა გაწერილი, თუმცა ასე ნამდვილად არაა. ხშირად, რაც უფრო ობიექტური და სამართლიანია გადაწყვეტილება, მით უფრო უცნაურია ყველასთვის.

- ბრმა „ქასთინგზე“, კონკურსანტის მოსმენის დროს, რა არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

- „ვოისთან“ დაკავშირებით, ბევრი მითი არსებობს და საერთოდ, მითების გარეშე, არაფერი ხდება. ეს შოუ ჰოლანდიელებმა შექმნეს და როგორც ვიცი, „ვოისი“ არაფრით იყო საინტერესო. შოუ დაიწყო ისე, რომ ბრმა „ქასთინგი“ არ არსებობდა, ჟიური მომღერალს თავიდანვე ხედავდა და ადრე ასეთი მოსაზრება იყო, რომ კონკურსანტის ვიზუალური მხარე დიდ როლს თამაშობდა ღილაკის დასაჭერად. ერთ-ერთი მონაწილის სურვილი იყო , ჟიურის ვერ დაენახა, ვინ მღეროდა და ისე შეერჩიათ, სწორედ ამის შემდეგ გახდა ეს პროექტი ის, რაც ახლაა. რამდენად სიმართლეა, ამას ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ბრმა „ქასთინგზე“, მხოლოდ კარგი ნამღერი, კარგი ტემბრი და სუფთა ბგერები მატრიალებს. ბევრი ამბობს, რომ ცუდი ნამღერის მიუხედავად, სხვა ფაქტორები ატრიალებს მონაწილისკენ. ჩემთვის მუსიკა არ არის მათემატიკური ფორმულა, სწორედ ის ბგერები და სიხშირეები მაბრუნებს, რაც ჩემს სხეულში შემოდის.

- მარტივია თუ არა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის რეპერტუარის შერჩევა?

- როდესაც პირველად იღებ ასეთ პროექტში მონაწილეობას, ძალიან მარტივია, გამომდინარე იქიდან, რომ სიმღერების დიდი არჩევანია, მაგრამ როდესაც მეხუთედ მონაწილეობ, გაცილებით რთულია რეპერტუარის შერჩევა, რადგან დღეს უკვე ნაკლებად იწერება ისეთი სიმღერები, რომლებიც საკონკურსო რეჟიმში მომგებიანი იქნება. ძალიან ბევრი სიმღერა გამიკეთებია „ვოისში“ და რა რეპერტუარიც ადრე შევურჩიე მონაწილეებს, დღეს ვეღარ გავიმეორებ.

- თქვენი მწვრთნელობის პერიოდში, ყოველი სეზონი თქვენი მოგებით დასრულდა, ახლაც ფიქრობთ, გაიმარჯვებთ?

- ეს პროექტი არასდროს მომიგია, ყოველთვის კონკურსანტი იყო მოგებული და თუ ჩემი კონკურსანტი ახლაც მოიგებს, ისევ ვიტყვი, რომ შოუ კონკურსანტმა მოიგო. სხვა შემთხვევაშიც, ჩემს თავს წაგებულად არ ჩავთვლი. იმ „ვოისმა“, რომელშიც ათი წლის წინ პირველად გამოვედი, შეიძლება ითქვას, რომ გამომაცოცხლა, მაგრამ ახლანდელი „ვოისი“ ჩემთვის იგივეს არ აკეთებს, მას შემდეგ სტაბილურად, ერთი ხაზით მივდივარ და სატელევიზიო სივრცეში ჩემი საკონცერტო მოღვაწეობით მეტ-ნაკლებად ვჩანვარ. მაშინაც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ არ მოეგო ჩემს გუნდის წევრს, თუმცა ის „ვოისი“ მაინც იგივეს გააკეთებდა ჩემთვის. დღევანდელ შოუში ვინც უნდა გაიმარჯოს, არ მგონია, რომ ჩემთვის რამე შეიცვლება და ჩემი კონკურსანტის მოგების შემთხვევაშიც, არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ცაში ავფრინდე. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ბავშვები გავიცანი, ჩემი გუნდის წევრები შევიყვარე, სხვისი გუნდის წევრები მომწონს და ყველას მხრიდან პატივისცემას ვგრძნობ. ისინი თვლიან, რომ რაღაც მესმის და შემიძლია, მათ რამეში გამოვადგე.

- დათო, პირველ „ლაივზე“, სოფო ბათილაშვილმა დატოვა პროექტი, რამაც სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია, თავად მენტორისთვისაც ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. რას ფიქრობთ, სოფოს მიერ პროექტის დატოვებაზე და ჰქონდა თუ არა მოგების შანსი თქვენთან?

- ვერ ვიტყვი დანამდვილებით, რომ ჩემთან გაიმარჯვებდა. ძალიან მომწონს სოფო, როგორც მომღერალი, ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერია. მისთვის ამით არაფერი დასრულებულა და მალევე მიხვდება, რომ მისი ადგილი სცენაზეა და გააგრძელებს ამ საქმეს. იმისთვის დაისაჯა, რომ როდესღაც, რაღაც მოიგო. როდესაც პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანები ეჯიბრებიან ერთმანეთს, პატარა დეტალებშია განსხვავება. ხალხმა, სამწუხაროდ, ასე გადაწყვიტა. შეიძლება, ჩემი მხრიდან ცუდი სათქმელია, მაგრამ საბედნიეროდ, მე არ მომიწია ამ ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დადგომა. ორივე სოფოს ვუთანაგრძნობ და ცხადია, ამ შოუთი არაფერი მთავრდება. ჩემთვის სოფო ბათილაშვილი ძალიან ძლიერი მომღერალია და დიდი სიამოვნებით მოვუსმენ მომავალში.

- არის თუ არა სხვაობა „ვოისის“ ქართულ და უცხოურ ანალოგებს შორის?

- უცხოეთში ტექნიკურად გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობებია და ჩვენგან განსხვავებით, მეტი დროც აქვთ. ჩვენც რომ მეტი დრო გვქონდეს, მივუახლოვდებოდით „ვოისის“ იმ უცხოურ ანალოგებს, რომლებიც ნამდვილად კარგია, თუმცა ყველა კარგი ხომ არ არის. ყველაფერი დიდ დროსა და მეტ ფინანსებსაც საჭიროებს.

- რა პერსპექტივა აქვთ „ვოისისა“ და მსგავსი პროექტების მონაწილეებს საქართველოში, შოუს დასრულების შემდეგ? ამ სეზონზე გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ წარადგენს საქართველოს, მაგრამ რა უნდა ქნან დანარჩენებმა, წარმატებულად რომ გააგრძელონ საქმე?

- „ევროვიზიაზე“ ძალიან ბევრ ისეთ არტისტს უმღერია, რომელიც დღეს ერთ კონცერტსაც არ მართავს ანუ „ევროვიზია“, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ბევრისთვის დიდი წარმატების საწინდარი. ახალგაზრდა მომღერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მოთხოვნადი მომღერლები მხოლოდ საავტორო სიმღერების შექმნით გახდებიან და როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ დაბრუნება მოუნდებათ, სწორედ იმ სიმღერებით დაბრუნდებიან, რომლებიც თავად შექმნეს. საქართველოში არიან ისეთი ბენდებიც, რომლბმაც წარმატებას სხვისი დაწერილი სიმღერებით მიაღწიეს, თუმცა ჩემი რჩევაა, სხვებს ნუ შეეჯიბრებიან. უნდა გააკეთონ არჩევანი ბარებში 500 ლარად სიმღერასა და ექსკლუზიურ  შემოქმედებას შორის. ვინმე მეტყვის, რომ ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა სხვაგვარად არ გამოდის. ძალიან ბევრ შემსრულებელს, მისდა სამწუხაროდ,  მიაჩნია, რომ მისი ნიჭი ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა იყოს მოთხოვნადი, რეალიზებული და ხალხმა შეიყვაროს, თუმცა ასე არ არის. მიმაჩნია, რომ არსებობენ ჩემზე ნიჭიერებიც, რომლებსაც ბევრად დიდი მონაცემები აქვთ, მაგრამ ჩემზე მშრომელი ამ სფეროში, არ მეგულება. რა თქმა უნდა, მარტო შრომაც არ არის საკმარისი, აქ ყველაფერი ერთადაა მნიშვნელოვანი.

ექვსი წლის განმავლობაში ისე ვწერდი სიმღერებს, ფინანსური ანაზღაურება  საერთოდ არ მქონდა. მახსოვს, მამაჩემი დარწმუნებული იყო, ამ შრომას ჰაერში ვყრიდი. ორი დღით ადრე, ვიდრე ჩემი პირველი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმღერა გამოვიდოდა, მე და მამას საუბარი გვქონდა, რომ უკვე დრო იყო, ამ საქმისთვის თავი დამენებებინა. ორ დღეში კი, საქმე სულ სხვაგვარად წავიდა... საქართველოში არაპროგნოზირებადი გახდა ამ სფეროში წარმატების მიღწევა, ვინაიდან დღეს ყველაზე უმართავი პუბლიკა ჩვენთანაა, უცხოეთში კი პუბლიკას ეფექტიანად აკონტროლებენ.

ავტორი:ლიკა თორთლაძე