ზეზვას და მზიას ოროზმანელი ბიძაშვილის კბილი - რას ცვლის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

“უხეშად რომ ვთქვათ, ვიპოვეთ დმანისელი ზეზვას და მზიას ოროზმანელი ბიძაშვილის კბილი”, - ამბობს არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი სოფელ ქვემო ოროზმანში რამდენიმე დღის წინ გათხრებისას ნაპოვნ 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილზე. ზეზვას და მზიას ბიძაშვილის სტატუსის გარდა, ამ უძველესი კბილის მფლობელს უკვე აქვს სახუმარო სახელი, ადამი.

კბილი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ქვიშა და რომლის კვლევაც ახლა იწყება, სავარაუდოდ, ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნოდა. ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილზე შემორჩენილმა ნადებმა კი შეიძლება მეცნიერებს "უთხრას", როგორი ცხოვრების წესი, გარემო პირობები და კვების რაციონი ჰქონდათ ძველ "ოროზმანელებს". სწორედ კბილებზე ნაჩხაპნების კვლევით დადგინდა, რომ დმანისში აღმოჩენილი, ამავე დროს იქ მცხოვრები ადამიანები კბილებს ხის ჩხირით ისუფთავებდნენ და სავარაუდოდ უკვე ხორცსაც ჭამდნენ.

ჰომო ერექტუსი ადამიანის ნაკლებგანვითარებული წინაპარია, რომელიც უკვე ორ ფეხზე დგას და ქვის იარაღებს ხმარობს, მაგრამ ძალიან პატარა ტვინი აქვს და, სავარაუდოდ, ლაპარაკი და ცეცხლის დანთება ჯერ არ იცის.

“ამ აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა წარმოდგენა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ევრაზიელი ჰომინიდების გავრცელების შესახებ. უკვე დმანისის გარდა მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე გაჩნდა ახალი წერტილი ოროზმანის სახით, რაც გამოიწვევს სამეცნიერო ინტერესის გაცხოველებას ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ოროზმანი და დმანისი, როგორც უძველესი ევრაზიელების დასახლების ადგილი, მეცნიერების სამაგიდო წიგნებში შევა. დმანისიდან 20 კილომეტრში კიდევ ერთი დასახლების პოვნა ნიშნავს იმას, რომ აქ ჰომინიდების დიდი ჯგუფები ცხოვრობდნენ და გადაადგილდებოდნენ, მათ კარგად ჰქონდათ სამხრეთი საქართველო ათვისებული”, - ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.

სოფელ ოროზმანში, სადაც არქეოლოგიური ძეგლი გიორგი ბიძინაშვილმა და პალეონტოლოგმა გიორგი ვანიშვილმა 2019 წელს იპოვეს, გათხრები მეორე წელია მიმდინარეობს. უძველესი ადამიანის ქვის იარაღები და ცხოველების ნაშთები აქ არქეოლოგიური ექსპედიციის პირველ სეზონზევე იპოვეს.

ქვის იარაღები იმაზე მიუთითებს, რომ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ და მათი ნაშთების პოვნის შანსიც არსებობდა, თუმცა ასე მოკლე დროში, არქეოლოგიური ექსპედიციების მეორე სეზონზე, როცა არქეოლოგიური ძეგლის ძალიან მცირე ნაწილი, დაახლოებით 0,01 %-ია გათხრილი, თავად ექსპედიციების წევრებიც გააოცა ადამიანის კბილის პოვნამ.

“თივის ზვინში რომ ნემსი იპოვო, იმას ჰგავს”, - ამბობენ არქეოლოგები. კბილი ოროზმანის საზაფხულო სკოლაში სასწავლო პრაქტიკაზე ჩასულმა ბრიტანელმა სტუდენტმა, ჯეკ პირტმა იპოვა. ჯეკისა და სხვა ევროპელი არქეოლოგი სტუდენტებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და საინტერესო ადგილია. ძველი ქვის ხანის ძეგლების მხრივ საქართველოს კონკურენციას მხოლოდ აფრიკა თუ უწევს, თუმცა იქ საზაფხულო არქეოლოგიური სკოლები ბევრად უფრო ძვირია, კლიმატური პირობები კი რთული.

ოროზმანის დაზვერვა არქეოლოგებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყეს. გეოლოგმა შოთა ადამიამაც 1962 წელს ამ ტერიტორიის კვლევისას აღმოაჩინა, რომ ვულკანის ამოფრქვევამდე ტბა არსებობდა, თუმცა იმ დრომდე, სანამ მან და მისმა კოლეგამ, პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა ხმალკბილა ვეფხვის - ჰომოთერიუმის ეშვი და ქვის იარაღები არ იპოვეს, გათხრები არ დაწყებულა.

ის ადგილი, სადაც ახლა არქეოლოგები მუშაობენ და სადაც უკვე არაერთი ცხოველის ძვალია ნაპოვნი, შესაძლოა სწორედ უძველესი ტბის სანაპირო ყოფილიყო. უძველესი ადამიანებისთვის და მათი წინაპრებისთვის წყალთან სიახლოვე გადარჩენისთვის აუცილებელი პირობა იყო, ქვემო ოროზმანში კი დიდ ამოფრქვევამდე ორი ტბის არსებობაა დადგენილი.

“რაც ოლდუაის ხეობაა აღმოსავლეთ აფრიკისთვის, გამოდის, რომ იგივეა დმანისი ევრაზიისთვის. ჩვენ გვინდა მაშავერას პროექტის დაწყება ოლდუაის ხეობის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ხეობის შესწავლა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ხეობებით მოძრაობდნენ და ხეობა აწესებს გარკვეულ გეოგრაფიულ ჩარჩოებსაც”, - გვიხსნის გიორგი ბიძინაშვილი. ხეობა ტანზანიაში, რომელსაც ის ახსენებს, უმნიშვნელოვანესი პალეოანთროპოლოგიური ძეგლია მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, რომლებიც უძველესი ადამიანების ევოლუციას სწავლობენ.

ოროზმანზე მომუშავე მეცნიერებს უკვე მონიშნული აქვთ დმანისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილი, სადაც არანაკლებ საინტერესო არქეოლოგიური კერების აღმოჩენას ვარაუდობენ, მაგრამ არასაკმარისი რესურსის გამო ამ ადგილების დაზვერვა და წინასწარი კვლევა არ შეუძლიათ. “ვიცით, სად უნდა მივიდეთ, მაგრამ ვერ მივდივართ, სპეციალური მანქანაც კი არ გვყავს”, - ამბობენ არქეოლოგები.

ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე, ადამიანის კბილის გარდა, ამ სეზონზე მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც არის ნაპოვნი - ესაა ეტრუსკული მგლის ნაშთი, რომლის განსაკუთრებულობაც მისი ძვლების მთლიანობაშია. არქეოლოგები და პალეონტოლოგები ამბობენ, რომ ასე კარგად შენახული ძვლების შეერთებები და ერთიანი ჩონჩხები ამ პერიოდის ძეგლებზე იშვიათობაა. მგელს, რომელსაც ახლა არქეოლოგები მიწიდან ამოსაღებად ამზადებენ, მუცელთან შემორჩენილი აქვს გაქვავებული ბიოლოგიური მასაც.

ოროზმანში ამ დრომდე ათობით ცხოველის ნაშთია ნაპოვნი, რაც აქ მრავალფეროვანი ფაუნის არსებობას ადასტურებს.

“აქ რაც არის ნაპოვნი, დღეს ამ სახით აღარ არსებობს, ყველა გადაშენებულია. გვაქვს ნაპოვნი მოხდენილი, ნატიფი აღნაგობის ცხენი და მეორე, უფრო მასიური აღნაგობის ცხენი, ხმალკბილა ვეფხვი, ანტილოპა, ეტრუსკული მგლის გარდა კიდევ ორი სხვა მგელი. აქ, როგორც ჩანს, ბინადრობდნენ მარტორქები და სპილოებიც, რომელთა ნაშთებიც ამ ძეგლზე გვაქვს აღმოჩენილი”, - ამბობს ნიკოლოზ ვანიშვილი, პალეონტოლოგი.

როგორ აღმოჩნდა ერთ პატარა ადგილას ამდენი ცხოველი და სულ მცირე ერთი ადამიანი?

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ამდენი ძვალი ერთად დიდმა წვიმამ შეაგროვა, ან მტაცებლებმა მიიტანეს ერთ ადგილას. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, საბოლოო დასკვნებს საკვლევი არეალის გაფართოება და მეტი ადგილის გათხრა სჭირდება. ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლი შესაძლოა რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული ველი აღმოჩნდეს. მეცნიერებს ყველაზე მეტად ადამიანის სხეულის სხვა ნაწილების პოვნა გაახარებთ, მაგალითად, მენჯის ძვლების, რომლითაც შეძლებდნენ სქესის დადგენას და აღნაგობის აღდგენას, ან თავის ქალის, რომელსაც დმანისში ნაპოვნ ამ დროის ადამიანების თავის ქალებთან შეადარებენ.

უკვე მოპოვებულ არტეფაქტებს ტექნოლოგიური და პეტროგრაფიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს იმისათვის რომ დადგინდეს, როგორ ამზადებდნენ აქ მცხოვრები ადამიანები ქვის იარაღებს, სად მოიპოვებდნენ მათ, რამდენად შორ დისტანციებს ფარავდნენ.

საიდან ვიცით დაბეჯითებით, რომ ოროზმანში ნაპოვნი კბილი მილიონ რვაასი წლის წინანდელია?

ოროზმანი, როგორც ორი ვულკანური ამოფრქვევის ადგილი, 2010 წელსაა დათარიღებული არგონ-არგონის მეთოდით. იზოტოპური დათარიღების ეს მეთოდი, რომელიც ერთ-ერთ ზუსტ და თანამედროვე მეთოდად ითვლება და ძირითადად ვულკანური ქანების ისტორიას და დროში ევოლუციას აჩვენებს, კალიუმის დაშლის შედეგად წარმოქმნილი არგონის კონცენტრაციას იკვლევს ქანებში. დათარიღებისას ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ქვემო ოროზმანი ორი ტბის შუაში მდებარეობდა რაც ჰომინიდებისთვის ხელსაყრელ კლიმატს ქმნიდა. ადგილი, სადაც ახლა ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, და სადაც “ადამის კბილი” იპოვეს, ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, საიდანაც დათარიღებისთვის საჭირო სინჯები აიღეს. ეს სინჯები კი მილიონ რვაას ოცდახუთი - მილიონ შვიდას სამოცდახუთი წლების წინანდელია.

შესაძლებელია არქეოლოგიური ძეგლის კიდევ უფრო ზუსტი დათარიღებაც, რის საშუალებასაც აქ არსებული ვულკანური ფერფლი იძლევა, როგორც არქეოლოგიურ ფენაში, ასევე არქეოლოგიური ფენის თავზე - ორივე ტიპის ფერფლის ხანდაზმულობის შესწავლა არქეოლოგიური მასალის ასაკსაც უფრო ზუსტად დაადგენს.

ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა, ყველაფერთან ერთად, მისი გუნდის კომპეტენციასაც ცხადად წარმოაჩენს: “[ეს აღმოჩენა] ამტკიცებს, რომ კომპეტენციის მინიმუმი გაგვაჩნია და ამ საბაბით მუზეუმიდან მეცნიერების გათავისუფლება დანაშაული იყო”. ის კოლეგებთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე ეროვნული მუზეუმიდან გამოუშვეს რეორგანიზაციის პროცესში, როგორც “არაკომპეტენტური” და “დაუმორჩილებელი”.

გიორგი და მისი ჯერ კიდევ მუზეუმში დარჩენილი კოლეგები ახლა ერთად მუშაობენ ოროზმანის ექსპედიციაშიც და საზაფხულო სკოლასაც აცოცხლებენ. არქეოლოგიური სეზონი ძირითადად კერძო კომპანიებმა დააფინანსეს. ამ პროცესში სახელმწიფო მინიმალურადაა ჩართული, მეტიც, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომელსაც არქეოლოგიური გათხრებისთვის ნებართვების გაცემა ევალება და რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, 2022 წელს დაგვიანებით გასცა არაერთი ექსპედიციის, მათ შორის ოროზმანის ნებართვაც. დაგვიანებული ნებართვების გამო რამდენიმე საერთაშორისო ექსპედიცია ჩაიშალა კიდეც.

კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმს ოროზმანის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკუთარ საინფორმაციო არხებზე არ განუთავსებია.

წყარო: რადიო თავისუფლება