საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე - 6 რუკა სულხან სალაძის კოლექციიდან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძველი ევროპული რუკების შეგროვება სულხან სალაძემ 5 წლის წინ დაიყო. 2017 წელს მისმა მეგობარმა ფეისბუკზე ბმული გააზიარა - შარდენის მიერ შესრულებული, თბილისის პირველი ჩანახატი იყიდებოდა. იმ დღეს ეს ბმული გახსნა და აუქციონზე ჩანახატი საკმაოდ იაფად შეიძინა. ასე დაიწყო იურისტმა სულხან სალაძემ ძველი გრავიურებისა და რუკების კოლექციონერობა.

რამდენიმე თვეში მისი სახლის ყველა კედელზე ძველი რუკები ეკიდა. მთავარი კითხვაც მაშინ გაჩნდა - რა იცოდნენ სინამდვილეში ევროპაში საქართველოზე მანამ, სანამ მას, როგორც ქვეყანას, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთის იმპერია რუკებიდან გააქრობდა. სულხანის კოლექციიდან რამდენიმე ძველევროპული რუკა ავარჩიეთ, რომლებიც საქართველოზე გვიყვება.

ყველაზე ძველი რუკა კოლექციიდან

ეს რუკა 1535 წელს ესპანელმა თეოლოგმა მიგელ სერვეტმა დაბეჭდა ქალაქ ლიონში, საფრანგეთში და მასზე კოლხეთი და იბერიაა გამოსახული. ქართველი კოლექციონერის თქმით, ის იმ დროსაა შექმნილი, როცა რუკების ბეჭდვა ევროპაშიც ახალი დაწყებულია (პირველი რუკა ევროპაში 1477 წელს დაიბეჭდა). არსებობს მოსაზრება, რომ ამ რუკის გრავირება აღორძინების ხანის გერმანელ მხატვარს, ალბრეხტ დიურერს ეკუთვნის. ეს რუკა 12-13 წელიწადში 500 წლის გახდება.

8x6 სანტიმეტრში ჩატეული საქართველო - ყველაზე პატარა რუკა

სულხანის კოლექციაში არის საქართველოს ყველაზე პატარა რუკაც, რომლის სიგრძე 8 სანტიმეტრია, სიმაღლე - 6. ავტორია გერმანელი კარტოგრაფი იოჰან ულრიხ მიულერი. საქართველოს ეს რუკა შესულია მიულერის მიერ გამოცემულ „მცირე ატლასში“ სახელწოდებით „Neu-außgefertigter Kleiner Atlas“. რუკას მცირე ტექსტიც ახლავს გერმანულად, რომლის მიხედვითაც, საქართველო, ანუ გეორგია, რამდენიმე რეგიონად იყოფა და იქვე ჩამოთვლილიცაა რეგიონები გერმანულად.

ამ რუკაზე კარგად ჩანს შავიზღვისპირეთი, სადაც მეორდება ის სახელწოდებები, რაც ვენეციასა და გენუაში შექმნილ საზღვაო რუკებზე გვხვდება. მეორდება სხვა ევროპულ რუკებზე გაპარული შეცდომებიც, მაგრამ სულხან სალაძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოსთვის პერსონალურად ძალიან ცოტა რუკაა მიძღვნილი, ეს ეგზეპლარი, თავისი შეცდომებითაც კი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სამეგრელოს ფერადი რუკა

 

სულხან სალაძის კოლექციაშია პიტერ ვან დერ აას მიერ გამოცემული სამეგრელოს რუკის 1713 წლით დათარიღებული ვარიანტი. როგორც სულხანი ჰყვება, ეს რუკა იტალიელი მისიონერების მიერ (მისივე სიტყვებით, დღემდე კამათობენ, ვინ არის რუკის თავდაპირველი ავტორი - კრისტოფორო დე კასტელი თუ არქანჯელო ლამბერტი) არის შექმნილი და შემდგომ ვან დერ აას მიერ ხელახლაა გამოცემული. ფერადი რუკის ამ ვერსიის სულ 200 ეგზემპლარი დაიბეჭდა. მასზე დატანილია დასახლებული პუნქტები, ქალაქები, სოფლები, ციხესიმაგრეები, მთები, მდინარეები. ჩანს ძველი სამყაროს ისტორიის როლი და გავლენაც. რუკას აწერია ფრანგულად სამეგრელო - Mingrelie, აწერია კოლხეთი, ხოლო ჩარჩოში ოქროს საწმისია გამოსახული.

„მამაო ჩვენო“ ქართულად ევროპულ რუკაზე

სულხან სალაძის კოლექცია ერთ ლინგვისტურ რუკასაც ინახავს. მე-18 საუკუნეში შექმნილ რუკებზე ევროპელები არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, ზღვებსა და მდინარეებს აღნიშნავდნენ, ზოგ რუკაზე დატანილი იყო სხვა საინტერესო ცნობებიც. სწორედ ასეთია გოტფრიდ ჰენსელის 1741 წლის რუკა, სადაც საქართველოს ნაწილში გამოყენებულია ქართული ანბანი, და ამ ქართული ანბანით წერია ლოცვა „მამაო ჩვენო“. რუკის ქვედა ნაწილში კი ანბანი სრულად არის მიწერილი.

სულხან-საბას სახელი ევროპულ რუკაზე

პირველი დეტალური რუკა კავკასიის რეგიონის შესახებ, სადაც უკვე შეცდომები (მაგალითად, სევანის ტბა აღარ ჩანს თბილისსა და მცხეთას შორის) გასწორებულია, არის ლუი მე-14-ის სამეფო კარტოგრაფის, გიომ დელილის 1723 წლის კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა. ეს რუკა ადასტურებს, რომ მის შედგენაში მონაწილებდა სულხან-საბა ორბელიანი. რუკის ავტორებს შორის მისი სახელიც წერია. ცნობები იმის შესახებ, რომ სულხან-საბა და გიომ დელილი ერთმანეთს შეხვდნენ, არსებობს ფრანგულ საარქივო წყაროებშიც. ისინი საუბრობდნენ რეგიონის შესახებ და არც სულხან-საბა ჩასულა ხელცარიელი, როგორც სულხან სალაძე ჰყვება, მან იქ, სავარაუდოდ, რეგიონის რუკის მონახაზი ჩაიტანა.

შეცდომები რუკებზე - რა უნდა სევანის ტბას თბილისთან?

ევროპულ რუკებზე ისეთ შეცდომებსაც წააწყდებით, რაზეც დღეს შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც - მაგალითად, ნიკოლა სანსონის რუკაზე მდინარე რიონი სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთით მიდის. როცა სინამდვილეში რიონი ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთით მიედინება. არის ევროპული რუკები, რომლებშიც მტკვარი და არაქსი ერთმანეთს თბილისთან ახლოს უერთდებიან. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო შეცდომა, რაც ევროპულ რუკებზე ჩანს, ეს არის გორსა და თბილისს შორის გამოსახული სევანის ტბა, რომელიც არასოდეს იმ ადგილას არ ყოფილა. ზოგ რუკაზე სვანეთი და კახეთი გვერდიგვერდ არის.

როგორ გააქრო რუსეთმა საქართველო რუკებიდან
როგორ გაქრა ნელ-ნელა ეს აღნიშვნები ევროპულ რუკებზე და როგორ ჩაანაცვლა რუსეთის იმპერიის დაკვეთით გეორგია ტიფლისის და ქუთაისის გუბერნიებმა, როგორ ცდილობდა რუსეთი გაექრო საქართველო რუკებიდან და ის ევროპას მხოლოდ იმპერიის შემადგენლობაში დაენახა, რაც გამოუვიდათ კიდევ, ამაზე ვრცლად ამ ვიდეოდან შეიტყობთ.

ბათუმი და მისი სახელები - ტოპონიმების ამბავი
ხოლო თუ ისიც დაგაინტერესებთ, როგორ იცვლებოდა საქართველოს, არა მხოლოდ როგორც ქვეყნის, არამედ მისი ქალაქების, მდინარეების სახელწოდებები, რამდენი სახელი ჰქონდა, მაგალითად, ბათუმს ან როგორ მოიხსენიებდნენ ქუთაისსა და თბილისს, რატომ იყო გორი - კორი და ა.შ. - პასუხებს ამ ვიდეოში მოისმენთ.

ზღვა და ქართველები
თუ იცით, რომელია ის ევროპული რუკა, რომელსაც შავი ზღვის აღმნიშვნელად ზუსტად ასე აწერია ლათინურად - შავი ზგუა. სულხან სალაძის კოლექციაში არის რუკები, რომლებიც შავი ზღვის და ქართველების შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს გვიყვება და, კოლექციონერის აზრით, იმ გავრცელებულ აზრსაც ეწინააღმდეგება, თითქოს ზღვა ქართველებისთვის სამყაროს დასასრულად აღიქმებოდა და მათ არ იცოდნენ რა ხდებოდა მის იქით. იცით, რა სახელებით მოიხსენიებდნენ შავ ზღვას? თუ არა, მაშინ, ეს ვიდეო უნდა ნახოთ.

 

წყარო: რადიო თავისუფლება