„როცა ვხატავ, მზეს ვემსგავსები და მზესავით ვანათებ“ - თათა ბოჭორიშვილის მომაჯადოებელი სამყარო

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

როგორც ამბობენ, მხატვრები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებულ. ამ კუთხით ისინი გამოირჩევიან, რომელთაც სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შედევრებს ქმნიან. „ვერსია“ გთავაზობთ ინტერვიუს თვითნასწავლ მხატვარ თათა ბოჭორიშვილთან, რომელიც წლებია, ტიხრულ მინანქარზე მუშაობს:

 

- 17 წელია, ტიხრულ მინანქარზე ვმუშაობ, პარალელურად, ვხატავ. თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ვფიქრობ, ესაა ჩემი მოწოდება - სიყვარულს გავცემ სამყაროში. სპეციალური განათლება არ მიმიღია, ყველაფერი შინაგანად მოდის, თავისთავად და ამისთვის სამყაროს მადლობელი ვარ. ისე, პროფესიით პედგაგოგი ვარ, თუმცა მასწავლებლად არასოდეს მიმუშავია. ორი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. პირადობის მოწმობის მიხედვით, ხათუნა მქვია, მაგრამ ბავშვობიდან თათას მეძახიან და ნახატებსაც ხელს ასე ვაწერ.

- როდის და როგორ აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?

- ბავშვობიდან ვხატავ. ძალიან მოუსვენარი ვიყავი და როგორმე რომ გავეჩერებინე, ერთხელ, მამამ პატარა ლარნაკი დამიდო. მახსოვს, ყავისფერი იყო, თეთრი ზოლებით, მამამ მითხრა, აბა თუ დახატავო. დავჯექი და დავხატე. მამამ რომ ნახა, იფიქრა, ლარნაკს ფურცელი დავადე და შემოვხაზე, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ასე არ იყო და ძალიან გაუკვირდა, შემაქო. მას შემდეგ ხატვა ჩემთვის ბედნიერება, სიხარული, სიამოვნება და ბოლო წლებში, შემოსავლის წყაროცაა.

- ტიხრულ მინანქარზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- 17 წლის წინ, სამსახურს ვეძებდი და წავაწყდი განცხადებას, სადაც ვინმე გიორგი შალიკაშვილი წერდა, ავიყვან მოსწვლეებს და შევასწავლი მინანქარსო. მის გვერდზე შევედი, მომეწონა ნამუშევრის ფოტო და შუაღამის 2 საათზე მივწერე, რომ სწავლა მინდოდა, თან გამახსენდა, მეგობარმა გოგომ მაჩვენა, ნახე, რა ლამაზი საყურე ვიყიდე, ასეთის გაკეთებას შენც შეძლებ და ეს ტექნოლოგია შეისწავლეო. მართლაც, გიორგიმ ამიყვანა მოსწავლედ და მალე ერთად დავიწყეთ მუშაობა. ერთ წელში, გიორგის მამა გარდაიცვალა და ვეღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. ასე დავიწყე მინანქარზე მუშაობა, მაძლევდნენ შეკვეთებს და ვამზადებდი. 17 წლის განმავლობაში, წარმოიდგინეთ, რამდენი ნამუშევარი შევქმენი. ასე რომ, ნებისმიერი შეკვეთის დამზადება შემიძლია. მინანქარზე შეკვეთები ბოლო ხანს შემცირდა, ალბათ, იმის გამო, რომ ბაზარი შეივსო. ჩემი საიტიც მაქვს, სადაც ნამუშევრები მიდევს.

- გამოფენებში მონაწილეობთ?

- დიახ, ხშირად. მახსოვს, სტუდენტობისას მოეწყო ნახატების გამოფენა და როცა დასრულდა, ჩემი დახატული ცისფერთვალება ფისო აღარ დამხვდა. არ მინდა ვთქვა, მოიპარეს-მეთქი, ალბათ, ისე მოეწონა, რომ ვიღაცამ წაიღო. გამოფენაში ბოლოს 2020 წელს მივიღე მონაწილეობა, პერსონალური არასდროს გამიკეთებია. სხვათა შორის, ჩემი 4 ნახატი 2020 წლის ქართველი მხატვრების კატალოგშია შეტანილი.

- არის თუ არა კონკრეტული სტილი ან თემა, რომელზე მუშაობისას, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?

- არა, კონკრეტული არაფერია. ფერები მიყვარს ძალიან, ამიტომ, ხშირად ყვავილებს ვხატავ, ძალიან მიყვარს და მომწონს აბსტრაქციაც. მომწონს, როცა ნახატებიდან იგრძნობა სიყვარული, სიკეთე, სითბო, დადებითი განწყობა და ემოცია. თუ მხატვარმა შეძლო და ადამიანში ეს ემოციები გააღვიძა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რა თემაზე დახატავს.

- ნახატზე ხელოვანის განწყობა აისახება?

- ნახატებში ადამინის სული ჩანს. ნახატზე ის მუსიკაც კი მოქმედებს, რასაც ხატვის დროს უსმენ. საერთოდ, არასოდეს ვგეგმავ, ესა და ეს უნდა გადმოვცე-თქო, განწყობა ყოველთვის თავისით გადმოიცემა. ნახატი უკვდავია და მინდა, რაც შეიძლება, მეტი სიყვარული, სითბო და სიკეთე დავატიო.

- რა არის თქვენთვის ხელოვნებ?

- ხელოვნება ჩემი სამყაროა - იქ თავისუფალი, ბედნიერი ვარ, მზეს ვემსგავსები და მზესავით ვანათებ. ხელოვნებაში თავისუფლებაა, უამრავი ფერია, თითო ფერს თავისი ხასიათი აქვს, ცოცხლდება შინაგანი სამყარო, თან სხვა ადამიანებსაც ანიჭებ სიხარულს.

-  ხელოვნებაში მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ მნიშვნელოვანია?

- განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არასდროს უნდა გაჩერდეს ხელოვანი და მუდამ სიახლე ეძიოს. რაც მეტს ხატავ, უფრო თავისუფალი ხდები, აღარ გეშინია ფუნჯის ხელში დაჭერის, შეცდომების დანახვის და მისი გამოსწორების. მთავარია, შენი სული გადმოიტანო ტილოზე. იმედია, ოდესმე, ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ დაფასდება ხელოვნება.

სხვათა შორის, კარგად ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ. სანამ მინაქარზე დავიწყებდი მუშაობას, დამიმზადებია თიხის სამკაულებიც. ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულება მოვსინჯე, მიკეთებია გობელებენიც, პატარა ხალიჩაც კი, ბუნებრივი მასალებისგან და კენჭებისგან.

ძალიან მიყვარს ცეკვა, აქაც ჩემს სამყაროში ვარ, 7 წელია, დავდივარ და ვერ ვცილდები „სალსა კალიენტეს“ - ლათინური სოციალური ცეკვების სტუდიას. იქაც განსაკუთრებული აურაა, რომელიც ჩემს გულსა და სულთან ახლოსაა. ცოტ-ცოტას ვუკრავ კიდეც გიტარასა და ფანდურზე. ესეც მეხმარება, დადებითი ემოციებით ვიყო სავსე. ხელოვნებით ვარსებობ და ვსუნთქავ.

- როგორც ვიცი, მოსწავლეებიც გყავდათ...

- დიახ, მყავდა. ერთხელ, ერთ-ერთ ტელევიზიის დილის გადაცემაში მიმიწვიეს და მაშინ მკითხეს, რა სურვილი გაქვსო. ჰოდა, ვუთხარი, მინდა, ვისაც არ აქვს ფინანსები, უფასოდ ვასწავლი მინანქარზე მუშაობა-მეთქი. მაშინ 12-მდე მოსწავლე მოვამზადე. სულ ჩემთან იყვნენ - აღარ უნდოდათ შინ წასვლა.

- თათა, საქართველოში ხელოვანის ცხოვრება რთულია, რა დაბრკოლებებს აწყდებით?

- სამყაროს ყველა ადამინი თავისებურად ხედავს, სულ ერთია, არის თუ არა ხელოვანი. ერთი ფოტო გამახსენდა: ორი გოგონა დგას წვიმაში, ერთი ბედნიერია უხარია, რომ წვიმს და ხელს უშვერს წვიმის წვეთებს, მეორე კი მოღუშულია, გაბრაზებული. ესაა სამყაროს ორი ხედვა, მთავარია, ჩვენ რა განწყობით ვუყურებთ მოვლენებს. ახლა, უმეტესობა იტყოდა, ფულს ვერ შოულობენ ხელოვანებიო, მაგრამ ასეა უმეტესი ადამინი დღეს საქართველოში. ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადო ღმერთს და სამყაროს, რასაც მაძლევს და რაც მოუცია. ვხედავ, მესმის და ვგრძნობ, ეს ცოტა არაა, ბევრს ესეც არა აქვს. მთავარი ადამინებს შორის ურთიერთობაა, სიყვარულია მთავარი, უნდა ვუფრთხილდებოდეთ ყველაზე მეტად ახლობელ ადამინებს, საკუთარ თავს და მერე უცხოებს. ბოროტება სულ იყო და იქნება, რადგან სამყაროს ბალანსი სჭირდება. რომ არ იყოს ბოროტება, არ გვეცოდინებოდა, რა არის სიკეთე, მთავარია, არ აჯობოს ბოროტებამ. დაე, იყოს ამ ქვეყანაზე მშვიდობა და სიყვარული.

რაც შეეხება დაბრკოლებებს, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ რაღაც სისტემა არსებობდეს, რომლის საშუალებითაც მხატვრები თავიანთი ნამუშევრების უცხოურ ბაზარზე გაგზავნა-გაყიდვას შეძლებდნენ.

- რა გეგმები გაქვთ?

- მინდა, დიდი, ნათელი სახელოსნო მქონდეს, ბევრი ტილოებითა და საღებავებით.

სხვათა შორის, ინტერნეტ მაღაზია - ETSY.COM-ზე მაქვს, ეს ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო პლატფორმაა. იქნებ, შევძლო და ავამუშავო.

- თათა, დამწყებ ხელოვანებს რას ურჩევდით?

- თუ უყვართ ხატვა, არ გაჩერდნენ, არ დანებდნენ, ისწავლონ და დრო გამოიყენონ. ის, რაც ბედნიერებას განიჭებს, უნდა აკეთო, არ დაკარგო ერთი წუთიც კი და მაშინ იტყვი, ცხოვრება მშვენიერიაო.