ზარი - ლევონ ხეჩოიანი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ლევონ ხეჩოიანი (1955-2014) ცნობილი სომეხი პროზაიკოსი,

წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან. სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილმა

 თბილი, კოკისპირული წვიმა მოდიოდა. ჩვენს სოფელში მსგავსი წვიმა აქამდე არასდროს მოსულა. მთებში თოვლი ერთბაშად დადნა და სოფლის შუა გამავალმა მდინარემ ქუჩები თვალის დახამხამებაში გაავსო. ყველანი სახურავებზე ასულიყვნენ და შიშჩამდგარი თვალებით სკოლის საპირფარეშოს სახურავზე მარტოდდარჩენილ რუსული ენის მასწავლებელს უცქერდნენ. ვუყურებდით და ვფიქრობდით, რომ მისი გადარჩენა შეგვეძლო. როდესაც ყვითელმა ღვარცოფმა სახლებიც გაავსო და იქიდან ახალშობილი ბატკნები, ფიცრები და ყუთში ჩამსხდარი კვერცხისმდებელი ქათმები გარეთ გამოიტანა, თითოეული ჩვენგანი კვლავ ფიქრობდა, რომ ცურვით შეიძლებოდა სკოლის საპირფარეშოსთან მისვლა და რუსული ენის მასწავლებლის გადარჩენა.

 

თბილი წვიმის ქვეშ იგი მდუმარედ იდგა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაეხადა და ხელში ეჭირა, საშველად არავის უხმობდა, არ ტიროდა. როდესაც ყვითელი ნიაღვარი ომის გმირ ჰაიროს სახლში შევარდა, იქიდან მისი წყვილი ჩასადგმელი ფეხები გამოიტანა და თან წაიღო, თითოეული ჩვენგანი კვლავ დარწმუნებული იყო, რომ რუსული ენის მასწავლებლის გადარჩენა შეეძლო. საჭირო იყო არა პირდაპირ, არამედ სკოლის ეზოს ზედა ბოლოდან გაგვეცურა, რათა წყლის დინებას საპიფარეშოსთან მივეყვანეთ.

 

ის მუქი ფერის ტუჩის საცხს იყენებდა, საუბრისას ქერა თმას მსუბუქი მოძრაობით უკან იწევდა და გაღიმებისას ლოყაზე პატარა ჩაღრმავება უჩნდებოდა. სოფლელები ამბობდნენ, რომ ბრიუსოვის „ანგლო-რუსული“ ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ წესიერად არავინ იცოდა, რას ნიშნავდა ეს - „ანგლო-რუსული“. უბრალოდ, ეს უცხო სიტყვები ჩვენ გვახსენებდა, რომ იქ, ციურ სულებს მიწიერნი ასხვაფერებენ, რომ ეს სიტყვები მას ყველაზე მეტად შეეფერება და  ვერცხლის ჟღერადობას სძენს.

 

შეყვარებული ბიჭები მას სკოლის გზაზე აჩერებდნენ და შორეული მეგობარი გოგონებისთვის დეპეშის ტექსტის შედგენაში დახმარებას სთხოვდნენ, თან თვალებდახრილი ეუბნებოდნენ: „შენ ძალიან გგავს, გაღიმებისას მასაც ლოყაზე პატარა ჩაღრმავება უჩნდება“. ჯარში მიმავალ ბიჭებს გულის ჯიბეში მისი შეთხზული პოეტური ტექსტები ედოთ. მერვე, მეცხრე და მეათეკლასელი ბიჭები ულვაშს უშვებდნენ, ხოლო მეშვიდეკლასელები - შარვლების გაუთოებას დებსაც კი არ ანდობდნენ. ერთხელ მექანიზატორ სედრაკს მისთვის უთქვამს: „ინგლისი ძალიან მიყვარს, ვერ მომიყვები მათთან ხორბალს რა ტექნოლოგიით თესავენო?“. სოფლიდან რამდენიმემ თავისი ცოლი ახალქალაქშიც კი წაიყვანა, რომ თმა ნვარდის მსგავსად შეეჭრათ.

 

როდესაც წელზე თოკმობმული რამდენიმე მამაკაცი ხის ტაშტებში ჩასვეს, რათა გაეცურათ და შენობაში დარჩენილი ჰაირო გადაერჩინათ, დასაკლავი პირუტყვივით რომ ბღაოდა, ყვითლად მოზვირთულმა ტალღებმა ტაშტები კედელ-კედელ ახეთქა და თვალის დახამხამებაში დაამსხვრია. მაშინაც კი თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ სკოლის საპირფარეშოსთან მისვლა შეიძლებოდა, ოღონდ საჭირო იყო, არა თუ დინების მიმართულებით, არამედ საპირისპიროდ გაცურვა, მორევს რომ არ ჩაეთრიე. ასე თუ ვიმოქმედებდით, შეგვეძლო ადგილამდე მისვლა და ნვარდის გადარჩენა. შენობის შიგნით ჰაირო ბღავოდა, იხრჩობოდა. მამაკაცებმა სახურავი ჩაანგრიეს და მისი ფეხებმოკვეთილი, ხორცისგუნდა სხეული თოკებით ასწიეს, ზევდან გაიყვანეს.

 

მდინარე ბობოქრობდა, ფრინველთა ბუდეები და ხის ხმელი ტოტები მოჰქონდა, თაღოვან ხიდს აყრიდა. როდესაც თვალის დახამხამებაში ხიდი ნაპირს მოსწყდა და ტალღებზე კოტრიალით გაუჩინარდა, თითოეული ჩვენგანი კვლავ დარწმუნებული იყო, რომ საპირფარეშომდე მისვლას ცურვით შესძლებდა და თოვლგამლღვალ გაყინულ წყალში ფეხი თუ გაუშეშდებოდა, ნემსით დაიჩხვლეტდა. შემდეგ მდინარის სწრაფმა დინებამ ძირფესვიანად მოგლეჯილი უზარმაზარი ხე ჩამოიტანა. ხე დინებას მოსწყდა, სკოლის ეზოში შევიდა და რწევა-რწევით ქვევით დაეშვა. ეს მომენტალურად მოხდა და ყველამ ერთდროულად შენიშნა, თუმცა თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ მოცურავე ხე ხელს ვერ შეუშლიდა, მასთან შეხვედრის შემთხვევაში შეიძლებოდა ჩაეყვინთა, მერე მინდვრის ყვავილების სურნელის მქონე სუნამომოპკურებულ ნვარდისთვის მხრებზე ხელი მოეხვია, თბილ და თავსხმა წვიმაში, ყვითელ ტალღებზე ზურგზე დაწოლილს გაეცურა და იგი სახურავებამდე მიეყვანა.

 

მსხვილტანიანი ხე სკოლის აივნის ხის ბოძებს გამოედო, დარტყმისგან ეკლესიის სამრეკლოდან მოტანილი სკოლის ზარი ლავგარდნიანად მოსწყდა და წყალში ჩაიძირა. ხემ მიმართულება შეიცვალა. ტრიალ-ტრიალით მძიმედ მოძრაობდა. ნვარდმა ეს თავადაც შენიშნა. სახურავზე ჩამოჯდა. კედელზე გადმოკიდებულ ფეხებს უკვე ყვითელ მღვრიე წყალს უწვდენდა. შიშველ ფეხებზე ფეხსაცმელი ჩაიცვა, ისევ გაიხადა, წინდის ჩაცმა დაიწყო და მერე - ფეხსაცმლის. შეკრებილთაგან ვიღაცამ თქვა: „ამას რა აზრი აქვს?..“. შემდეგ ვერ შევძელით გახსენება, ვიღაცამ ეს ხმამაღლა თქვა თუ თითოეულმა ჩვენგანმა მხოლოდ ფიქრში ამოთქვა. როდესაც მან მეორე წინდა და ფეხსაცმელიც ჩაიცვა, ყველა მიხვდა, თუ როგორ უზომოდ სჯეროდა ნვარდს ცხოვრების, თუ რატომ არ ტიროდა და შველას რატომ არ ითხოვდა.

 

შეკრებილთაგან ვიღაცამ თქვა - „ჩაცმას რა აზრი ჰქონდა?..“ და სწორედ იმ მომენტიდან თითოეულ ჩვენგანს უკვე აღარ სჯეროდა, რომ ცურვით შესძლებდა ნვარდამდე მისვლას და მის გადარჩენას. ხემ, როგორც ასანთის კოლოფი, საპირფარეშო ისე გააფრიალა. ჩაძირული ნვარდი ყვითელ წყალზე აღარ გამოჩენილა, არცერთი წამით აღარ გამოჩენილა. შეკრებილი მამაკაცები შურითა და სიძულვილით უყურებდნენ ომში ფეხებდაკარგულ ჰაიროს. თბილი და კოკისპირული წვიმა არ წყდებოდა.

 

ოთხი დღის შემდეგ წყლებმა უკან დაიხია. მისი სხეული და სამრეკლოს ზარი სოფლიდან ძალიან შორს, მდელოზე დაშლამული და წყალმცენარეებით დაფარული იპოვეს. დედაქალაქში მცხოვრები დამწუხრებული მშობლები ჩამოვიდნენ და მდიდრული მანქანით კუბო წაიღეს.

 

ზარი შლამისგან გაწმინდეს და შეკეთებულ ლავგარდანზე კვლავ ჩამოკიდეს. მას დაკარგული ჟღერადობა დაუბრუნდა. მამაკაცები კი, რომლებიც შუაღამისას დაფეთებული წამოხტებოდნენ ხოლმე, ერთხმად აცხადებდნენ, რომ იმ მომენტში ზარს ვიღაც რეკავდა. დანარჩენებმა შუაღამემდე იფხიზლეს და ზარის რეკვა მათაც გაიგეს. სოფლის თავზე მოლივლივე, ფრთაგაშლილი ღელვისგან შუშები ზრიალებდნენ და კლებად ღამეში, კვლავ და კვლავ, შორეული ფრთების ტყლაშუნი ისმოდა.