56 ახალი სტატია

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არ ჩამორჩეთ მსოფლიო ბაზარს, ბიზნესის მართვა და ნამუშევრების სწორად რეალიზაცია შეისწავლოთ

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხელოვნების სფეროს განვითარება მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ქვეყნის წინსვლასა და პოპულარიზაციაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, სხვა მრავალ დარგთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი ქართველი ხელოვანის წარმატება ვიხილეთ. თუმცა პანდემიის პერიოდში, რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც შეჩერდა ვაჭრობა და ტურისტული მიმოსვლა, თითქმის ყველა სფეროს ზიანი მიადგა. კორონავირუსის პირობებში გამოაშკარავდა, რამდენად აუცილებელი და სასარგებლოა ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა. ამასთან, იმ ორგანიზაციების არსებობაც, რომლებიც ხელოვანებს ეხმარება, არ ჩამორჩნენ მსოფლიო ბაზარს - ხელსაქმის გარდა, საკუთარი ბიზნესის მართვა და ნამუშევრების სწორად რეალიზაცია შეისწავლონ. ამ მიზნით, "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი", პროექტისახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“  ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტის “Crafting Europe”-ის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში ხორციელდება, ტრადიციული რეწვის ბიზნესის და დიზაინის სფეროს წარმომადგენლებს ტრენინგებზე იწვევსსაქართველოშიხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს ცენტრი უმთავრესი მხარდამჭერია, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ უწყობს  ხელს ადამიანებს, შეისწავლონ მათთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიმართულებები.

„ვერსიადაინტერესდახელოვნების საერთაშორისო ცენტრისსაქმიანობით და  ცენტრის დირექტორ მაკა დვალიშვილს ესაუბრა.

 

- მაკა, როდის და ვისი ინიციატივით დაარსდა „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“?

- „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ 1995 წელს, ჩემი ინიციატივით დაარსდა. ხელოვნებათმცოდნე გახლავართ და შესაბამისი განათლება ევროპასა და ამერიკაში მივიღე. ცენტრის დაარსებამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული ხელოვნების სფეროში. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, გამიჩნდა იდეა, დამეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც ყველანაირად ხელს შეუწყობდა ხელოვნების სფეროს განვითარებას.

- რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა და რა იყო მიზანი?

- მიზანი და იდეა 90-იან წლებში, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გაჩნდა, როდესაც ხელოვნების სფეროს განსაკუთრებით გაუჭირდა. მაშინ თითქმის ყველა ხელოვანი თავს ანებებდა ამ საქმეს, ისინი ვაჭრობაზე ან რამე სხვა პროფესიაზე გადადიოდნენ, რაც ლუკმა-პურის შოვნაში დაეხმარებოდათ. მინდოდა ეს სფერო გადამერჩინა და ხელი შემეწყო სახვითი ხელოვნების, ტრადიციული რეწვისა და კულტურული მემკვიდრეობის დარგის განვითრებისთვის. იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და ცენტრის განვითარებისთვის ჩამოგვყავდა  საერთაშორისო კონსულტანტები, ვიძიებდით გრანტებს და ოსტატების ნამუშევრები გაგვქონდა საერთაშორისო ბაზრობებზე. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ძალიან გახარებულები და მადლიერები იყვნენ, რადგან დღესდღეობით ბევრი ღონისძიება, გამოფენა და ბაზრობა იმართება, მაშინ კი ქვეყანაში მსგავსი არაფერი ხდებოდა. ცენტრის დაარსების შემდეგ, ხელოვანებს ვუტარებდით სხვადასხვა მიმართულების ტრენინგებს. ვცდილობდით, განგვევითარებინა და დაგვეძლია ის რთული პერიოდი.

- რა არის ცენტრის მისია, ძირითადად, რა სახის პროგრამებს ახორციელებთ?

- ცენტრის მისიაა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია; ქართული ხელნაკეთი შემოქმედების განვითარება და მარკეტინგი; სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქართული ხელოვნებისა და კულტურის სფეროს განვითარება. გარდა ამისა, კულტურის სფეროში არსებული ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების, ინდივიდუალური მოღვაწეებისა თუ შემოქმედების ეკონომიკური თვითმდგრადობის ხელშეწყობა, ასევე, ინოვაციები თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და საგამოფენო საქმის განვითარებაში; საერთაშორისო კავშირების, კულტურული გაცვლების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო საქმიანობა. ჩვენი ცენტრი არის, „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია და „ევროპა ნოსტრა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში.

- პროექტების განცხორციელებაში ფინანსურ მხარდაჭერას ვისგან იღებთ?

- დონორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების, ევროკავშირის,  USAID-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამები. ადგილობრივი დონორები კი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და სხვა.

- რამდენი ადამიანია ცენტრში დასაქმებული, ვინც უშუალოდ ამ პროექტებს მართავს?

- დაახლოებით, 11 ადამიანია, რომლებიც პროექტების განხორციელებაში არიან ჩართულნი. თუმცა გვყავს სტაჟიორებიც და თუ ისინი წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, შემდგომ ჩვენთან ვასაქმებთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანებისთვის თქვენთან თანამშრომლობა?

- ტრენინგებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით, ჩვენი ორგანიზაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენ გვქონდა მცირე გრანტების პროგრამა, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დავაარსეთ, თბილისის ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტია - ეთნოფესტი, რომელიც 2016-18 წლებში „ექსპოჯორჯიაში“, შარშან კი პანდემიის გამო, ონლაინ ჩატარდა. პროექტების პარალელურად, ვაკეთებთ ონლაინ-მაღაზიას, სადაც ოსტატები წარადგენენ საკუთარ პროდუქციას, ხოლო ჩვენ გაყიდვების ორგანიზებაში დავეხმარებით. ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაცია მომავალ კვირაში გაიმართება.  

- მიმდინარე პროექტებზეც გვიამბეთ.

- ახლა მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები, მაგალითად, გამოცდილებითი ტურიზმის განვითარებაზე. ეს არის ახლებური მიდგომა კულტურული ტურიზმის განვითარებაში, ტურისტი არა მხოლოდ ათვალიერებს ნამუშევრებს, არამედ, თვითონვე მონაწილეობს მათ შექმნაში. მაგალითად, კერამიკის სახელოსნოში გადის მასტერკლასს და ოსტატთან ერთად აკეთებს ნივთს. გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა-  „`iAtelier“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ლიმერიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის განსაზღვრავს ციფრული ტექნოლოგიებისა და ტრადიციული რეწვის კავშირს ერთმანეთთან. ეს პროექტი მიმდინარეობს ევროპის 8 ქვეყანაში, საქართველოში კი ჩვენ ვახორციელებთ. მის ფარგლებში, ქართველმა ოსტატებმა გაიარეს ტრენინგები, თუ როგორ უნდა გადაეტანათ ციფრულ ტექნოლოგიებზე საკუთარი შემოქმედება და ზოგადად, რა შესაძლებლობებს იძლევა ციფრული ტექნოლოგიები. ტრენინგებზე დაყრდნობით, მათ შექმნეს საკუთარი, ინდივიდუალური პროექტები, სულ ათი პროექტი წარადგინეს, რომელთაგან მხოლოდ შვიდი შევარჩიეთ და ილიაუნის „ფაბ-ლაბთან“ ერთად ვაფინანსებთ. ოსტატები თავიანთი პროექტებს განახორციელებენ. წინა კვირაში გამოვაცხადეთ გამარჯვებულები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა პროექტის დახვეწასა და განხორციელებაზე.

- ამ პროექტებში, უმეტესად, ახალგაზრდა ხელოვანები არიან ჩართულები, თუ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს?

- რა თქმა უნდა, არა. პროექტებში ყველა ასაკის ხელოვანი, თითქმის თანაბრადაა ჩართული. ახალგაზრდა დიზაინერების ხელშესაწყობად გვქონდა პროექტი, რომელიც ახლახანს დავასრულეთ. გვაქვს ასევე პროექტი „რეწვის ოსტატები 50+“ ევროკავშირის „Erazmus+“ პროგრამის მხარდაჭერით, ტრადიციულ რეწვაში. ეს იმიტომ, რომ აქცენტს მხოლოდ ახალგაზრდებზე აკეთებენ, არადა, შუახნის, ან თუნდაც ხანშიშესული ადამიანები გაცილებით მეტ დახმარებას საჭიროებენ. ისინი კარგად არ ფლობენ კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნიკის შესაძლებლობებს, ამიტომ ეს პროექტი სპეციალურად მათთვისაა.

- პანდემიის პერიოდში, როგორ მუშაობდით?

- პანდემიის დროს, ონლაინ ვატარებდით ტრენინგებს და საერთაშორისო შეხვედრებს, ძირითადად, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და ბიზნეს-უნარების განვითარებაზე. თუმცა, საავტორო უფლებების დაცვასა და საბუღალტრო აღრიცვის წარმოებაზეც ვაკეთებთ აქცენტს.

- როდის და სად უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა ხელოვანებმა თანამშრომლობისთვის?

- ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ სოციალურ ქსელში. ან საკონტაქტო ნომერზე.  გარდა ამისა, Facebook-სა და ჩვენს ვებ-გვერდზე , განთავსებულია განაცხადების ფორმა, სადაც დაინტერესებული პირები დარეგისტრირდებიან.

 

ავტორი - ია გრიგალაშვილი