104 ახალი სტატია

ექსკლუზიური ინტერვიუ კიევის კინოფესტივალზე გამარჯვებულ ქართველ რეჟისორთან

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლაშა მეუნარგიას „სხვა გზა“ საერთაშორისო ჟიურიმ 2000 ფილმიდან გამოარჩია!

23 მაისს, უკრაინაში, კიევის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ფესტივალში 2000 ფილმი მონაწილეობდა, სადაც კონკურსანტთა შორის, წარდგენილი იყო რეჟისორ ლაშა მეუნარგიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისხვა გზა“. ფილმი ხუთეულში გავიდა და ორი მთავარი პრიზი -  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი დასაუკეთესო რეჟისორი მოიპოვა.

ფილმში ერთი წყვილის ცხოვრებაა აღწერილი, რომელთაც მუდმივი კონფლიქტი აქვთ და ამიტომ მისტიური ძალა ოჯახს შვილს ართმევს. წყვილს ბავშვის საპოვნელად გრძელი და რთული გზის გავლა უწევს. მთავარ როლებს ანანო ბენაშვილი, გიორგი დევაძე,ზურაბ ორთავიძე, ანანო ბერძენაძე და ლუკა ომიაძე ასრულებენ. „ვერსია“ გთავაზობთ ინტერვიუს ფილმის რეჟისორ ლაშა მეუნარგიასთან

 

- ბატონო ლაშა, მსახიობების გარდა, რამდენი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა ფილმზე?

- გარდა მსახიობებისა, ფილმზე ვმუშაობდით  ხუთი ადამიანი, აქედან, ძირითადად, სამი. ოპერატორის, რეჟისორის, სცენარისტის, მხატვრისა და სხვა ფუნქციები მე მქონდა შეთავსებული; პროდიუსერი გახლდათ ქეთევან ხარატიშვილი, რომლის თანდგომითაც გადავიღე ფილმი და დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის. ქეთი არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარია. მან ძალიან დიდ საქმეს მოჰკიდა ხელი და ყველა ერთად „გავიზარდეთ“ ამ ფილმის შექმნაში. ფილმზე ჩემი მეუღლე, მაიკო თოდრიაც მუშაობდა, რომელიც დიზაინერია. თუმცა კოსტუმირების გარდა, მაიკო სხვა მრავალ საორგანიზაციო საკითხებშიც მეხმარებოდა.

- სად მიმდინარეობდა გადაღებები და რამდენ ხანს გაგრძელდა?

- გადაღებები სხვადასხვა ლოკაციაზე, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის,  თბილისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არღუნში. ფილმი გადავიღეთ საკუთარი სახსრებით, მეგობრებისა და უანგარო ადამიანების გვერდში დგომის შედეგად გადავიღეთ. ამ პერიოდში, ენით აღუწერელი მხარდაჭერა ვიგრძენი. ფილმის გადაღებასთან ერთად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დავინახე ადამიანების თვისებებში. მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ საქმეში. აქვე აღვნიშნავ, რომ ფილმში უაღრესად ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობენ. მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს...

- მეუღლე სად გაიცანით?

- სამხატვრო აკადემიაში გავიცანით ერთმანეთი და იქიდან მოყოლებული, ერთად ვართ. სხვათა შორის, ყველა ჩემი პროექტის განხორციელებაში მაიკო მეხმარება.

- როგორ აფასებთ კიევის საერთაშორისო კინოფესტივალს და კიდევ რომელიმე ფესტივალზეც ხომ არ აპირებთ მონაწილეობას?

- დიახ, ფილმი განაგრძობს საფესტივალო ცხოვრებას. კინოთეატრებში პრემიერა შემოდგომისთვის იგეგმება და ამის შემდეგ, უკვე ტელეეკრანებზეც იხილავთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კიევის კინოფესტივალის ორგანიზატორებს.  ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანისთვის ნებისმიერ გამოფენაში, ფესტივალსა თუ ღონისძიებაში არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ, მონაწილეობაც კი ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მიმაჩნია, რომ მებრძოლი მაშინ კი არ ხარ, როდესაც იმარჯვებ, არამედ, მაშინ, როცა სულ გინდა ბრძოლა. ამიტომ ყველას ვურჩევ - არასდროს დანებდეთ და ყველაფერი გამოვა.

- როგორ მოხვდით კინოინდუსტრიაში?

- ვსწავლობდი სამხატვრო ათწლედში, ასევე, ხელოვნების გიმნაზიაში და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე ინტერიერის დიზაინი. ბავშვობიდან მაინტერესებდა კინო და რა ხდებოდა კადრს მიღმა, როგორ იქმნებოდა ფილმები. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, გადავწყვიტე, დამეწყო ფილმზე მუშაობა. დაახლოებით, 2014 წლიდან ჩავერთე კინოინდუსტრაში, სამეგობრო წრეშიც, ძირითადად, მსახიობები და ხელოვანები მყავდნენ. ჩემთვის ეს სფერო ყველაზე ძვირფასია და ამიტომ არასდროს ვშორდები. ვფიქრობ, ხელოვნებას არ აქვს არანაირი კლიშე, ჩარჩოები და საზღვრები. ვხატე, ვძერწე, ფოტოებს ვიღებდი და საბოლოოდ, ფილმამდე მივედი.

- ბრძანეთ, რომ სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ, ხატვას ისევ აგრძელებთ?

- დიახ, ბავშვობიდან ვხატავ და ვძერწავ. ყოველთვის მინდოდა, ის პერსონაჟები გამეცოცხლებინა, რომლებიც ჩემს ნახატებშია. არასდროს ვხატავდი სტანდარტულ ნახატებს, მაგალითად, ნატურმორტებს, ვცდილობდი ყოველთვის ჩემი შინაგანი სამყარო გადმომეტანა ტილოზე. საშლელსაც კი არასდროს ვიყენებ, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, შეეშალოს ადამიანს საკუთარი ნახატი. გამოფენასაც აუცილებლად გავაკეთებ.

- რას ნიშნავს თქვენთვის ფილმი და რისი გადმოცემა გსურთ კინოს საშუალებით?

- ფილმმა იმის საშუალება მომცა, რომ ნახატისა და ფოტოს გაჩერებული კადრი გამეცოცხლებინა, მოცემული გარემოება ანუ დღეს არსებული რეალობა ჩამედო პერსონაჟში. მაგალითად, თუ მინდა, მოწყალების მთხოვნელი ადამიანი გადავიღო, ვცდილობ, მისი თვალით დანახული სამყარო მოვირგო. ვაკვირდები ადამიანებს, თუ როგორ მიყურებენ ან აღმიქვამენ ამ როლში. მინდა, მათი მზერა, ემოციები და მიმიკები დავიმახსოვრო, როგორც კადრი. ჩემს ფილმში, ნებისმიერი ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს და თითოეული მათგანი, სულ სხვა გზას აღმოაჩენს. ყველა დაფიქრდება საკუთარ საფიქრალზე იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ვამბობთ ხოლმე, იქ რომ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა ყველაფერიო. რეალურად, არ ვიცით, რას ვიზამდით მოცემულ სიტუაციაში. ქუჩაში რომ გვიაროთ, დავინახავთ უამრავ კორპუსს და მხოლოდ მის ფასადს აღვიქვამთ, რაც არასწორია. შესაძლოა, ის ერთი, უბრალო კორპუსია გარედან, მაგრამ თუ თითოეულ ოჯახს ჩამოვივლით, დავრწმუნდებით, რომ ყველა ოჯახს თავისი ისტორია აქვს. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ კორპუსში, რამდენნაირი გაგება, ტკივილია და სიხარულია მათ ისტორიებში.

- ახალ ფილმზე ხომ არ იწყებთ მუშაობას?

- დიახ, დაწყებული მაქვს მუშაობა და მართალია, ახლა დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ მოქმედება მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ხდება. ეს იქნება წარმართული საქართველო, გაცოცხლდებიან ისტორიული პერსონაჟები და ღმერთების პანთეონსაც გაჩვენებთ. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ისტორიას ვეცნობი და ანალიზის საფუძველზე, ვცდილობ, ყველაფერი მხატვრულად წარმოვაჩინო. ვოცნებობ, ქართული კულტურა სიღრმისეულად გავაცნო მთელ მსოფლიოს. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ისტორია და უკიდეგანოდ ნიჭიერი ერი ვართ. მჯერა ქართული კულტურის და გენოფონდის, ამიტომ ყოველთვის ქვეყნის სამსახურში ვარ და ვიქნები.

 

***

„კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე“, პროდიუსერი ქეთევან ხარატიშვილი იმყოფებოდა. მან და რეჟისორმა ლაშა მეუნარგიამ, ერთობლივი ძალებით გადაიღეს ფილმი. ფილმისა და სამომავლო გეგმების შესახებ, „ვერსია“ ქალაბტონ ქეთევანსაც გაესაუბრა:

- ჩემი პროდიუსერობით, ეს პირველი ფილმია და ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ფილმში მსახიობის ამპლუაშიც მიხილავთ. რაც მთავარია, ეს ჩემი პირველი როლია კინოში და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. ამ პერსონაჟზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო  იყო, რადგან ამ ერთ ქალს, სამი სხვადასხვა მდგომარეობა და გარდასახვა უწევს ფილმში. რთულია, თავიდან განსაზღვრო რა შესაძებლობები აქვს ადამიანს, თუმცა მე მჯეროდა ლაშას ნიჭიერების და ერთად  ძალიან კარგი ფილმი გამოგვივიდა. ჩვენ ერთმანეთი ერთ-ერთ გადაღებაზე გავიცანით, დავმეგობრდით, მერე მისი მეუღლე, მაია თოდრიაც შემოგვიერთდა და გადავწყვიტეთ, საინტერესო პროექტი გაგვეკეთებინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გადაღებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს.

- ქალბატონო ქეთი, როგორ აფასებთ ამ ფილმს, მაყურებლის თვალით?

- იმდენად საინტერესო ფილმია, რომ თვალს ვერ მოწყვეტთ, არის დიდი ინტრიგა და ისე ვითარდება მოვლენები, რომ არცერთი მომენტი არ უნდა გამოტოვო.

- როგორც ვიცი, პროფესიით, თქვენც მხატვარიც ბრძანდებით...

- დიახ, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. თავიდან ექიმობა მინდოდა, თუმცა დედამ მიბიძგა, რომ სამხატვროში ჩამებარებინა. ჩავაბარე გრაფიკაზე და შემდეგ  ავირჩიე მულტიპლიკაცია. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემთან მოვიდა სრულიად უცხო ქალბატონი და შემომთავაზა, ხომ ვერ დავხატავდი კარიკატურას გაზეთისთვის „დედამიწა“. პირველი ჩემი კარიკატურა იყო ფუფალა, სწორედ ამის შემდეგ დავიწყე კარიკატურების ხატვა. ვმუშაობდი რამდენიმე გამომცემლობაში. პარალელურად, დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. ორივე პროფესია ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვცდილობ, თანაბრად დავუთმო დრო.

- სამომავლოდ თუ აპირებთ პროდიუსინგში მოღვაწეობას და ბატონ ლაშასთან თანამშრომლობას?

- არ მგონია, რადგან პროდიუსინგი ჩემი არ არის. ამ შემთხვევაში, ისე მოხდა, რომ ფილმი ფინანსების გარეშე გადავიღეთ და ამ საქმის შეთავსება მომიწია. მე, ლაშამ და მისმა მეუღლემ, ერთობლივი ძალებით შევიძინეთ ფილმისთვის ყველაფერი და ბოლომდე გუნდურად ვმუშაობდით. რაც შეეხება ახალ ფილმს, როგორც ვიცი, ლაშას ჩემთვის საინტერესო როლი აქვს, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის და ვნახოთ, რა იქნება.

 

ავტორი - ია გრიგალაშვილი