„მინიმალური ზღვარი მასწავლებელმა უნდა დაძლიოს, მაგრამ ყველას სახლში ხომ ვერ გავუშვებთ? - ამას სჭირდება სხვანაირი მიდგომა“- ექსკლუზიური ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

20 ოქტომბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტა, რომ 2022 წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის (მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება). ეს არ ნიშნავს, რომ იცვლება სამი საგნით ჩარიცხვისა და გრანტის გაცემის პრინციპი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, გადაწყვეტილებას, რომელიც რამოდენიმე დღის უკან გახდა ცნობილი, „ვერსიასთან“ საუბრისას აფასებს:


- ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რატომ გაუქმდა ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა და ახლა ისევ რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება?
- სრულიად უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, არასწორი გადაწყვეტილება იყო გაუქმება. მადლობა ღმერთს, რამდენიმე წელი დასჭირდა იმას, რომ მივხვედრილიყავით, ისევ უკან დავბრუნდეთ და რაც იყო იგივე დავაბრუნოთ, მაგრამ არავითარი საფუძველი ამას არ ჰქონდა.


-რა ზიანი მიაყენა ამ ცვლილებამ განათლების სისტემას?
- მხოლოდ ისტორია და მათემატიკა როგორ შეიძლება, ჩასაბარებელი საგანი იყოს. უმაღლეს სასწავლებლებს ჰკითხეთ, სამი წელი გავიდა და ამდენი ხანი მოვუნდით იმის მიხვედრას, რომ არ ვარგოდა ეს სისტემა. ჰკითხეთ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებს, ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინათ? ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე რომ არ აბარებინებ და აბარებინებ ან ისტორიას, ან მათემატიკას, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო და ზიანი არ მიეყენებინა.


-ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი შეფასებით, როგორ ვითარდება განათლების სისტემა?
-განათლების სისტემა ჯერჯერობით ასე ვითარდება, რასაც ვხედავთ. უცბად ვიღებთ სრულიად დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, შემდეგ გარკვეული პერიოდი სჭირდება იმას, რომ უკან დავბრუნდეთ და ამას ვარქმევთ სიახლეს, სიახლეა ეს? ძალიან ზიანდება სისტემა, ამას რადიკალური ცვლილებები სჭირდება უკვე, ასე „კოსმეტიკურად“ ვერაფერს ვერ ვიზამთ.


-თქვენ ახსენეთ, რომ განათლების სისტემას სერიოზული რეფორმა სჭირდება? რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ გრანტის გაცემის წესი, იცით, პირდაპირ არის მიბმული უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემასთან. უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მასთან ერთად უნდა შეიცვალოს საგამოცდო სისტემაც. გრანტის გაცემის წესის კუთხით, მე ძალიან მომინდებოდა ყოფილიყო ისე, რომ საგამოცდო სისტემა ძირითადად უმაღლეს სასწავლებლების ნება-სურვილზე ყოფილიყო აგებული. ასეც დავიწყეთ და ამას ვცდილობდით მაქსიმალურად, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები მიიღება ისე, თითქოს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის კი არ ვირჩევთ, არამედ განათლების სამინისტროსთვის. მაგალითად, უმაღლესი სასწავლებელი იბარებს სტუდენტს და პასუხისმგებელია, აღზარდოს პროფესიონალი. განათლების სამინისტრომ შეიძლება ხელი შეუწყოს და გააკეთოს ისე, როგორც უნდა უმაღლეს სასწავლებელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია და უმნიშვნელოვანესია უმაღლესი სასწავლებლების ყველანაირი სურვილი მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.


- ქალბატონო მაია, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობა დატოვეთ, როგორ ფიქრობთ, რა შიცვალა ამ პერიოდში უკეთესობისკენ და რა - უარესობისკენ?
-გამოცდების ეროვნულ ცენტრში არაფერი შეცვლილა, არაფერი გაუკეთებია, არაფერია გაუმჯობესებულა. ის, არაც დავტოვეთ, მუშაობს თავისთავად, ეს არის მეტი არაფერი.

ასევე მიმინოშვილს ვესაუბრეთ იმ პედაგოგთა პრობლემაზე, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს და სამსახურიდან გაშვება ემუქრებათ:

- ქალბატონო მაია, მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ითხოვენ, რომ არ გაუშვან სამსახურიდან, ასევე მათი მოთხოვნაა, რომ სტატუსის ამაღლება ნებაყოფლობითი იყოს. როგორ ფიქრობთ, სამართლიანია მათი მოთხვონა?
-ამასთან დაკავშირებით ზოგად კომენტარს გავაკეთებ. 2008 წელს ჩავატარეთ პირველად სასერტიფიკაციო გამოცდები, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს გამოცდები შემოვიღეთ, დათქმა იყო ასეთი - შეგვესწავლა არსებული რეალობა, გვენახა რა საჭიროებები აქვს მასწავლებლებს და შემდეგ უკვე სხვა ტიპის ინტერვეციები დაგეგმილიყო. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ, მაგალითად, საგნობრივ კომპეტენციის კუთხით აქვს რაიმე პრობლემა მასწავლებელს, დაეხმარონ, ტრენინგები იქნება ეს თუ სასწავლო მასალები. ამ სასერტიფიკაციო გამოცდებს დანიშნულება ჰქონდა მხოლოდ არსებული რეალობის შესწავლა. ეს ყველაფერი 2-3 წელი გაგრძელდებოდა, სანამ სხვა აქტივობები არ წამოეწეოდა ამ ყველაფერს. ჩვენდა სამწუხაროდ, 2021 წელია უკვე და მეცამეტე წელია, ტარდება სასერტიფიკაციო გამოცდები. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა დანიშნულება აქვს უკვე ამას იმიტომ, რომ მოკლევადიანი ტრენინგებით ბუნებრივია, თუ პრობლემა აქვს მასწავლებელს საგნობრივი კომპეტენციის, მოკლევადიანი ტრენინგებით, თუნდაც ნახევარ წლიანი ტრენინგი იყოს, ამას ვერაფრით ვერ მოვაგვარებთ, ხომ სწორია, არა?! მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში დგას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უმრავლესობას ბუნებრივია, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი უჭირავს ხელში და ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს აღიარებს სახელმწიფოს, უმაღლესი სასწავლებელი ადასტურებს, რომ კონკრეტული საგნის მასწავლებელს აქვს შესაბამისი კომპეტენციები. პირობითად, ფიზიკის მასწავლებელმა იცის ფიზიკა, მაგრამ აუცილებლად არის საჭირო კიდევ დამოუკიდებელი გარე ორგანიზაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ამოწმებს, იცის თუ არა კონკრეტულმა მასწავლებელმა თავისი საგანი. 2008 წლიდან დაწყებული მეცამეტე წელია, ამას ვადგენთ. თუ პრობლემაა ამასთან დაკავშირებით, იმ მასწავლებელსაც სჭირდება დახმარება და იმ კონკრეტულმა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომელმაც დიპლომი გასცა. ფორმას ვაძლევთ, ვუცვლით სასერტიფიკაციო გამოცოდებს, ხან გამოცდას ვეძახით, ხან ჩაჭრილი არ ვახსენოთ და მოდი, კომპეტენციის დადასტურება დავარქვათ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, სახელს რას დავარქმევთ, მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მასწავლებელს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში, წელიწადში ორჯერ და რამდენჯერ გამოგვყავს გამოცდაზე. ფინანსურ რესურსებს თავი რომ დავანებოთ, სახელმწიფოს მხრიდან რამდენად არის ასეთი მეთოდი გამართლებული... ამ ცამეტი წლის განმავლობაში, ამდენი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით მივიღეთ რამე შედეგი? გაუმჯობესდა ვითარება? კომპეტენცია მასწავლებლის გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების მიღწევები გაუმჯობესდეს. შედეგს ხომ ვერ ვხედავთ?! ვინმე ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ იქნებ მიდგომა შევცვალოთ, იქნებ სხვანაირად სჭირდებათ მასწავლებლებს დახმარება. ქუჩაში გაგდება რას ნიშნავს, ვერ ვხვდები, მართალი გითხრათ. ძალიან ცუდია და პრობლემურია, როდესაც მასწავლებელს შესაბამისი კომპეტენციები არ აქვს, მაგრამ მხოლოდ მასწავლებლის ბრალია ეს? თუ პირობითად მასწავლებემა არ იცის მათემატიკა ივლისში, დეკემბერში როგორ ისწავლის? რამდენჯერ შეიძლება მივცეთ მასწავლებელს გამოცდაზე გასვლის უფლება? ამას სხვანაირი მიდგომა სჭირდება.


-როგორ ფიქრობთ, ტესტები იმდენად რთული იყო, რომ მასწავლებლებმა ვერ მოახერხეს მინიმალური ზღვარის გადალახვა?
- ახლანდელი ტესტები არ მინახავს, დარწმუნებული ვარ, არც იქ იქნება ისეთი სერიოზული პრობლემა. რაღაც მიზერული პრობლემები შეიძლება ქონდეს. მინიმალური ზღვარი, წესით და რიგით, მასწავლებელმა უნდა დაძლიოს, ბუნებრივია. აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი,როცა ეს პრობლემა აღმოვაჩინეთ, ამდენი წლის განმავლობაში, არ შეიძლება დავსვათ კითხვა, როგორ შეიძლება ამას მოვუაროთ? მასწავლებლებს ყველას სახლში ხომ ვერ გავუშვებთ, არა? ეს არის ჩვენი რეალობა და ამ რეალობას უნდა ვუშველოთ, კი არ უნდა ვადასტუროთ წელიწადში ორჯერ ერთი და იგივე.

-როგორ ფიქრობთ, კიდევ უნდა მიეცეთ პედაგოგებს გამოცდაზე გასვლის საშუალება?
-რადიკალურად არის შესაცვლელი მიდგომა. მიეცეთ შესაძლებლობა ნიშნავს, რომ იგივე გავიმეოროთ. მასწავლებლებიც ხომ ცოდოები არიან...

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი