"სამინისტროს უნდა ჰქონდეს სტატისტიკა, რამდენ ბავშვს არ აქვს ტექნიკური პირობები, რომ დისტანციურ სწავლებაში ჩაერთოს!" - განათლების ექსპერტის პოზიცია აქტუალურ საკითხზე

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ, 31 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება. საზოგადოებაში ამ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან გარკვეულ ნაწილს არ სურს, მოსწავლეები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

 

რატომ მიიღო საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს  გარკვეული დროის შემდეგ დისტანციურმა სწავლებამ, ამ თემაზე „ვერსია“ ექსპერტს განათლების საკითხებში დავით ფერაძეს ესაუბრა. მისი თქმით, სასწავლო პროცესი აუცილებლად საკლასო ოთახებში უნდა დაწყებულიყო, რადგან ბავშვებისთვის ეს ფსიქოლოგიურად დამაზიანებელი იქნება.

  როგორ აფასებთ, გადაწყვეტილებას სწავლის დისტანციურად გაგრძელების შესახებ?

- ამ გადაწყვეტილებას თავიდანვე უარყოფითად შევხვდით, წინა წელს, როდესაც პანდემია დაიწყო. მაშინ სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა, გარდა სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანისა. იმ დროს რეალურად არაფერი ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, არ არსებობდა ვაქცინა, შესაბამისად, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას დადებითად შევხვდით. რა ხდება დღეს, გვაქვს ვაქცინა, საკმაოდ ბევრი ვიცით ვირუსის შესახებ, მაგრამ მაინც დისტანციურ რეჟიმში გადაწყდა სწავლის დაწყება. ეპიდემიის კონტროლისა და მართვის რა ხვედრითი წილი აქვს ამგვარ ჩაკეტვას? ვფიქრობ, რომ არანაირი დადებითი მხარე ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. წინა თვეებს თუ გავიხსენებთ, როდესაც იყო საკლასო ოთახებში სწავლა, თან ვაქცინაციაც არ იყო დაწყებული, თებერვალში, მარტსა და აპრილში ბევრად დაბალი იყო ინფიცირებულების რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახებში ტარდებოდა, სტატისტიკის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, აგვისტოს თვეში ბევრად მეტია ინფიცირებულების რიცხვი, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია და სკოლა არ მუშოაბს, ვიდრე იმ თვეებში, როცა მოსწავლეები სკოლაში დადიოდნენ.

 - თითქმის ორწლიანი პანდემიური ვითარებისა, მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა ყველა მოსწავლეს იმის რესურსირომ დისტანციურად შეძლოს განათლების მიღება? 

-  ვიცით, რომ რეგიონებში მხოლოდ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირის პრობლემა კი არა, სათანადო ტექნიკაც არ აქვთ. რას ვეუბნებით დღეს ამ ბავშვებს, რომ გასაგებია არ გაქვთ ეს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები, მაგრამ პანდემიის გამო ვარღვევთ თქვენს კონსტიტუციურად, ბავშვთა უფლებათა კონვენციით,ზოგადი განათლების შესახებ კანონით თქვენთვის მონიჭებულ უფლებას?!

როდესაც, ასეთი კოვიდსიტუაცია გვაქვს, აუცილებელია, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდეს სტატისტიკა, სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ისეთი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი პირობები იმისა, რომ მიიღოს დისტანციური განათლება. თუ სამინისტრომ ამ ორი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა მსგავსი სტატისტიკის გაკეთება, არსებობს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტატისტიკა და ძალიან მარტივად ამით შეუძლიათ მიიღონ მსგავსი ინფორმაცია. მეორე საკითხია, ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში თვითონ რატომ არ დაინტერესდნენ ამ თემით.

- გარდა ამ პირობების არარსებობისა, კიდევ რა სახის პრობლემები გამოიკვეთა ამ ორწლიანი დისტანციური სწავლების პროცესში?

- ვინმემ ხომ შეიძლება წარმოიდგინოს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც შარშან მივიდნენ სკოლაში, წელს არიან მეორე კლასში და ისინი აღარ უნდა გასცდნენ სახლს. საკლასო სივრცე, მასწავლებელთან და კლასელებთან კომუნიკაცია, ამ ყოველივეს დეფიციტი ამ ბავშვებისთვის იქნება ჩვეულებრივი მოვლენა. ეს სერიოზული დარტყმაა მომავალზე. მაღალ კლასებში გვაქვს სხვაგვარი პრობლემები - გაუცხოების სინდრომი, მარტოობის შიში და მსგავსი ფსიქოლოგიური პრობლემები.

 - ყოველივე ამის ფონზე შევადაროთ, რა ხდება ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში?

- მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა მიხვდა, რომ ბავშვების ჩაკეტვა ბევრად წამგებიანი და ჯობს პანდემიის მიუხედავად ისწავლონ საკლასო ოთახებში. ყველა წამყავნი ორგანიზაცია და ქვეყანა ამბობს იმას, რომ ჩაკეტილობა უფრო დიდი დარტყმაა, სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესი ბევრ ქვეყანაში სკოლებში განახლდება.