როგორ აფასებენ სტუდენტები სწავლის ონლაინრეჟიმში დაწყებას - გამოკითხვა

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ, 31 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ამასთან დაკავშირებით, "ვერსიამ" სტუდენტები გამოკითხა და დაინტერესდა, რას ფიქრობენ ისინი სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებაზე; რა სირთულეებს აწყდებიან და უშლით თუ არა ხელს დისტანციური სწავლება ხარისხიანი განათლების მიღებაში:

სალომე 23 წლის:

დისტანციურად სწავლებას ორი დადებითი მხარე აქვს, პირველი - დროის დაზოგვა, მეორე - შეგიძლია, ნებისმიერი ადგილიდან იყო ლექციაზე და ლოკაცია ამ დროს პრობლემა არ არის, მაგრამ დადებითზე მეტი უარყოფითი მხარე აქვს. სწავლების ხარისხი ბევრად დაბალია, ხშირია ტექნიკური ხარვეზები, რომელიც ასევე მოქმედებს ხარისხზე, არ არის ლექციები ისეთი “ცოცხალი” და აქტიური, როგორც აუდიტორიებში.

ნათია 22 წლის:

დისტანციური სწვლა მისაღებია კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით , თუმცა არც ისე მარტივია ასეთ რეჟიმში მეცადინეობა. თან ახლავს გარკვეული სირთულეები როგორიცაა, ინტერნეტის კავშირის წყვეტა , ყურადღების გაფანტვა და ა.შ. ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე უნდა მოხერხდეს რეგულაციების შემუშავება, რომ დავბრუნდეთ აუდიტორიებში , წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება ხარისხიანი განათლების მიღება.

ანა 20 წლის:

ონლაინ რეჟიმში სწავლა არ მომწონს, რადგან შესაბამის ცოდნას ვერ ვიღებთ და გვიწევს კომპიუტერზე მიჯაჭვულობა. პანდემიიის ფონზე ერთადერთი ალტერნატიული გზა არის ონლაინ სწავლება, თუმცა სოფლებში ინტერნეტის პრობლემა გვაქვს და ხარჯი მეტია. რაც ყველაზე ცუდია, სოფლებში არ არის კარგი ინტერნეტი.

სალომე 22 წლის:

ჩემი აზრით, არაეფექტურია ონლაინ განათლების მიღება,ზოგიერთი ფაკულტეტი პრაქტიკას მოითხოვს, რომელსაც ონლაინ ვერანაირად ვერ გაივლი. ონლაინ ლექციებიც და გამოცდებიც არაეფექტური მგონია და ვთვლი, რომ ონლაინ გავლილი სემესტრი ფუჭი და არაფრისმომცემია.

ავთო 23 წლის:

მომწონს დისტანციური სწავლება და სამსახურიდან გამომდიანარე მირჩევნია გამოცდებიც დისტანციურად ვწერო. თუმცა, ვფიქრობ, გააჩნია რომელ ფაკულტეტზე სწავლობს სტუდენტი. ზოგიერთი მიმართულება ხშირ პრაქტიკებს საჭიროებს, ამიტომ მათთვის ონლაინ სწავლება ძალიან წამგებიანია.

ელენე 22 წლის:

ონლაინ სწავლის რეჟიმი  ჩემთვის ნაყოფიერი არ არის, გასულ სემესტრებში არაერთ პრობლემას გადავაწყდი როგორც მე, ასევე ჩემი მეგობრები. მთავრი პრობლემას კი ცუდი ინტერნეტი წარმოადგენს. ჩემი სპეციალობის გათვალისწინებით, იძულებულები ვიყავი ონლაინ გამევლო პრაქტიკული სასწავლო კურსები, რამაც ვერ მიმიყვანა სასურველ შედეგამდე.

თორნიკე 24 წლის:

სტუდენტებს, რომლებიც აცრილები არიან უნდა ქონდეთ უნივერსიტეტში სიარულის უფლება. ზოგადად ონლაინ სწავლება ლექტორებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც ამარტივებს პროცესს იმ კუთხით, რომ დროს ზოგავენ, მაგრამ კომუნკიაცია და ხარისხიანი განათლების მიღების შანსი ასეთ დროს შედარებით ნაკლებია.

მარიამი, 23 წლის

ვფიქრობ, ონლაინ რეჟიმში ლექციების ჩატარება დროის დაზოგვაში გვეხმარება. თუნდაც, გზაში აღარ იკარგება დრო. თუმცა, სემინარების ონლაინ ჩატარება ძალიან დიდი სირთულეა, რადგან დიდ ჯგუფებში გამოკითხვის ან ცოდნის შემოწმება რთულდება. მე პირადად მაგისტრატურაზე ხელი შემიშალა, რადგან პრაქტიკული კურსების უმეტესობაში აირია სიტუაცია და რამდენჯერმე მოგვიწია საიტებზე მხოლოდ ვიზიტი. ამიტომ პრაქტიკული კურსებისთვის არის ძალიან შეუსაბამო ფორმატი. ჰიბრიდული ვარიანტი თუ იქნება, ბევრისთვის უფრო ხელსაყრელია.

ავტორი: ია გრიგალაშვილი