ყირიმ-კონგოს შემთხვევები - რატომ და როგორ ვერიდოთ ტკიპებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში, ბოლო პერიოდში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების რვა შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევები ძირითადად სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში აღირიცხა. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ყოველწლიურად ფიქსირდება.

თუკი საქართველოში ყირიმ-კონგოს გავრცელების სტატისტიკას ჩავხედავთ, მარტივად შევამჩნევთ ყოველწლიური შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს.

2015-2021 წლებში, ინფიცირების მაჩვენებელი 5-დან 24 შემთხვევამდე მერყეობდა, მაშინ, როდესაც 2022 წელს, საქარველოში, ყირიმ-კონგოს 47 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა 2009 წელს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ჯგუფს განეკუთვნება და ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 10-40%-ია.

ინფექცია ძირითადად ვრცელდება იმ შინაური და გარეული ცხოველების გზით, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. მათ შორის, თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა. ცხოველებში ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ადამიანები ყირიმ-კონგოს ინფექციით ავადდებიან ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს).

ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას.

თუმცა, ადამიანების უმეტესობა, 80-90%, ყირიმ-კონგოს ინფექციით ინფიცირდება ტკიპის ნაკბენით. ტკიპები ვირუსის რეზერვუარებიც არიან და გადამტანებიც.

ინფიცირების რისკი მატულობს ზაფხულის დადგომასთან ერთად. შემთხვევები ხშირდება ივნის-სექტემბერში და უკავშირდება გადამტანის, ტკიპი Hyalomma-ს გააქტიურებას.

ყირიმ-კონგოს რისკ-ჯგუფები და რეკომენდაციები
რისკის ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოებზე დასაქმებულები, ვეტერინარები, სამხედროები, მოგზაურები (ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემურ რეგიონებში), განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ცხოველთა სადგომებს, მინდვრებს, უტარდებოდეს სისტემატური დეზინფექცია.

ცხოველებთან კონტაქტის დროს, ადამიანს უნდა ეცვას სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, რომელიც უნდა მუშავდებოდეს მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

სასაკლაოებზე, სადაც დაავადება დაფიქსირდება და მის ახლო რეგიონებში, საჭიროა მიღებულ იქნას ზომები, რათა ცხოველის დაკვლამდე 14 დღის განმავლობაში ისინი მოთავსდნენ ტკიპებისგან თავისუფალ საკარანტინო პუნქტებში.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არა მხოლოდ ყირიმ-კონგოს თავიდან ასაცილებლად, არამედ სხვა მსგავსი მძიმე ინფექციების პრევენციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უმ ხორცთან შეხებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

უსაფრთხოების წესების დაცვა კი ეხება არა მხოლოდ მესაქონლეებს, ცხოველთა სასაკლაოებზე დასაქმებულებსა და ვეტერინარებს, არამედ ყველას, ვისაც უმი ხორცის დამუშავება უწევს, მათ შორის, საკვებ ობიექტებში დასაქმებულებს, დიასახლისებს და ა.შ.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, როდესაც ხორცს ვყიდულობთ, ის ჩვენამდე ყოველმხრივ შემოწმებული უნდა მოვიდეს, ამის აბსოლუტური გარანტიები, არ არსებობს, ამიტომ უნივერსალური წესია და ჩვენც, ინფექციონისტები, ყოველთვის ვიძლევით ამ რეკომენდაციას, რომ ხორცი, გინდ რიგით სამზარეულოში და გინდ სასაკლაოზე, აუცილებლად ხელთათმანით დამუშავდეს. ყირიმ-კონგო იშვიათი დაავადებაა, მაგრამ უმ ხორცთან კონტაქტით სხვა არაერთი მძიმე ინფექციაც ვრცელდება“.

მაია ბუწაშვილის თქმით, თერმულად დამუშავებული ხორცის მიღებით ყირიმ-კონგოს ცხელებით დაინფიცირება არ ხდება.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან?
რაკი უკვე ვთქვით, რომ ადამიანების უმეტესობა, 80-90%, ყირიმ-კონგოს ინფექციით ინფიცირდება ტკიპასთან კონტაქტით, ეს იმას ნიშნავს, რომ ტკიპების გააქტიურების პერიოდში, თბილი ამინდების დადგომისთანავე, მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული ამ პარაზიტებზე.

მანანა მურუსიძე, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის, ექიმი პარაზიტოლოგი, რადიო თავისუფლებასთან იმ რამდენიმე აუცილებლად შესასრულებელ პირობაზე საუბრობს, რომელიც ტკიპებთან კონტაქტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში, ტკიპებისგან შესაძლოა დაგვიცვას სწორად შერჩეულმა ტანსაცმელმა:

„სითბოს დადგომასთან ერთად, მოსახლეობას უფრო მეტი კონტაქტი უწევს ბუნებასთან. ამიტომ, როდესაც ასეთ სივრცეში ვხვდებით, აუცილებელია, რომ ჩავიცვათ ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი და ვეცადოთ, რომ კიდურები გვქონდეს დაფარული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტკიპა, რომელიც ადამიანის სხეულზე აღმოჩნდება, გარკვეული ხანი არ მაგრდება ხორთუმით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი დავბრუნდებით ბუნებიდან, მაშინვე გავიხადოთ ტანსაცმელი და კარგად შევიმოწმოთ სხეული“.

თუკი ტკიპა მაინც აღმოჩნდება სხეულზე, მაშინ აუცილებელია მისი უსაფრთხოდ მოცილება.

ტკიპის უსაფრთხოდ მოსაშორებლად უნდა დავივიწყოთ ე.წ. ხალხური მეთოდები, მათ შორის, როგორიცაა ტკიპას ზეთით, ფრჩხილის ლაქით, ან ტკიპაზე ანთებული ასანთის დადებით მოცილება:

„ტკიპის მოშორება სახლის პირობებში შესაძლებელია მოხრილი პინცეტის საშუალებით. ტკიპა უნდა მოვატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით და ისე ამოვიღოთ. აუცილებელია, რომ ტკიპის მოცილებისას დავაკვირდეთ, ხომ არ ჩარჩა სხეულში ტკიპის თავი, რადგან მას ანთებითი პროცესის გამოწვევა შეუძლია“, - გვეუბნება მანანა მურუსიძე.

იმისათვის, რომ ტკიპა არ მოხვდეს სახლში, კარგია თუკი ფანჯრები ბადეებით იქნება დაცული, ხოლო ცხოველები, პერიოდულად დამუშავდებიან ანტიპარაზიტული საშუალებებით.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ტკიპა ჯდება კოჭის მიდამოში, ამიტომ მისი თქმით, ბუნებაში გასვლისას მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი:

„ზაფხულში, ღია ფეხსაცმლით ბუნებაში გასვლა არ არის რეკომენდებული. აუცილებელია დახურული ფეხსაცმელი, სასურველია, რომ წინდაც ეცვას ადამიანს, რადგან, როდესაც პაციენტები მოგვმართავენ, ყველაზე ხშირად ტკიპები სწორედ კოჭ-წვივ-სახსართან არიან ხოლმე ჩამსხდრები. ამას თუ გავითვალისწინებთ, ასევე დავიცავთ თავს ბორელიოზისგან, იგივე ლაიმის დაავადებისგან, რომელიც მუდმივი პრობლემაა. ამიტომ დახურული ფეხსაცმელი და წინდა, ერთ-ერთი მთავარია, რადგან ბალახთან პირდაპირ კონტაქტს ვიცილებთ. გარდა ამისა, მშობლებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ ბუნებასთან კონტაქტის შემდეგ, მათ ყურადღებით დაათვალიერონ შვილების სხეული. ბავშვები თავად, დამოუკიდებლად, ვერ ახერხებენ ამა თუ იმ მწერის იდენტიფიცირებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ყირიმ-კონგოს ცხელებაზე. ტკიპები სხვა არაერთი საყურადღებო დაავადების გადამტანები არიან“.

რა დრო სჭირდება ტკიპას, რომ დააინფიციროს ადამიანი? - ამ კითხვაზე მაია ბუწაშვილი გვპასუხობს, რომ დასნებოვნების რისკი ტკიპასთან პირველივე კონტაქტიდან არსებობს, თუმცა, მისი თქმით, რაც მეტია ექსპოზიციის ხანგრძლივობა, რისკიც იზრდება: „ამიტომ, რაც მალე ამოვიღებთ ტკიპას სხეულიდან, მით უკეთესი“.

როგორ შევიტყოთ, ტკიპა, რომელთანაც შეხება გვქონდა, იყო თუ არა ინფექციის მატარებელი?

ტკიპების შესწავლა ხდება ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში. თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, „ტკიპების შესწავლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საეჭვო კერიდანაა ამოღებული“.

როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგო?
ამ ინფექციის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. თუკი ადამიანი ინფიცირდება ტკიპის კბენის შედეგად, საინკუბაციო პერიოდი, როგორც წესი, გრძელდება ერთიდან სამ დღემდე, მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 9 დღეს.

საინკუბაციო პერიოდი დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტის შემდეგ გრძელდება ხუთ-ექვს დღეს, დოკუმენტურად დაფიქსირებული მაქსიმალური პერიოდი — 13 დღეა.

რაც შეეხება სიმპტომებს, ის იწყება მაღალი ტემპერატურით, კუნთების ტკივილით, თავბრუსხვევით, კისრის, ზურგის ან წელის ტკივილით, თავის ტკივილით, თვალების ანთებითა და რიგ შემთხვევაში, ფოტოფობიით, ანუ სინათლის შიშით. შესაძლოა, ინფიცირებულს აღენიშნებოდეს გულისრევა, მუცლისა და ყელის ტკივილი, არეული ცნობიერება.

ყირიმ-კონგოს კლინიკურ ნიშნებს შორისაა გახშირებულ გულისცემას, ლიმფური კვანძების გადიდება, კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეულ გამონაყარი.

გამოჯანმრთელების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მან შეიძლება გასტანოს ერთი თვიდან 1-2 წლამდე.

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა ადამიანებსა და ცხოველებში გამოსაყენებლად არ არსებობს. 

წყარო: რადიო თავისუფლება