თბილისმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის თემატურ კონგრესს უმასპინძლა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა და მართვა პოსტპანდემიურ ეპოქაში“

 

მაკა რუხაძე

 

თბილისმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) თემატურ კონგრესს უმასპინძლა. „ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა და მართვა პოსტპანდემიურ ეპოქაში“ - ამ თემაზე, სამეცნიერო კონფერენციები სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორი დღის მანძილზე გაიმართა. მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციასთან ერთად, კონგრესის ორგანიზატორი იყო ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია. მათი დახმარებით და ხელშეწყობით, საქართველოში ამ დარგის 250 გამორჩეული სპეციალისტი მოიწვიეს, მსოფლიოს 20 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კლინიკებიდან, რომლებმაც პოსტპანდემიურ ეპოქაში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. კონგრესის პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ რუსთაველის ფონდის და ევროკავშირის 2020-2022 წლების სოლიდარობის პროგრამ.

 

თემატური კონგრესის თანაპრეზიდენტმა და საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტმა, ეკა ჭყონიამ საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს, ცივილიზებული სამყარო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მისი თქმით, ამ დღეს დარგის სპეციალისტებს სამსჯავროდ გამოაქვთ წლის ყველაზე აქტუალურ თემა, რომელიც ფსიქიკური ჯანდაცვის უმთავრესი გამოწვევაა:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიამ შექმნა გლობალური კრიზისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და საფრთხე შეუქმნა მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, პანდემიამდე, 2019 წლის მდგომარეობით, დაახლოებით, რვა ადამიანიდან ერთი ცხოვრობდა ფსიქიკური აშლილობით, ხოლო 2020 წელს, პანდემიის პირველსავე წელს, 25%-ით გაიზარდა, როგორც შფოთვითი, ასევე - დეპრესიული აშლილობების მაჩვენებელი. მავდროულად, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხელმისაწვდომი სერვისები, შესაძლებლობები და დაფინანსება კვლავ დეფიციტურია, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. გარდა ამისა, პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებ შეფერა და შეამცირა მკურნალობის ხარისხიც. ხოლო სტიგმა და დისკრიმინაცია კვლავ ბარიერია სოციალური ინკლუზიისა და სწორი ზრუნვის ხელმისაწვდომობისთვის“, - აღნიშნა ეკა ჭყონიამ.

მისი თქმით, ჯანმო-ს ინფორმაციით, მზარდი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაჭიანურებული კონფლიქტები, ძალადობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციები გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. პანდემიისა და სხვადასხვა მიზეზით, 2021 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 84 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ეკა ჭყონიას განცხადებით, ჯანმო თვლის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც დაცული იქნება თითოეული ბენეფიციარის უფლება და ყველას ექნება  თანაბარი წვდომა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებზე.

2022 წლის 10 ოქტომბრის მასშტაბური კამპანიის მიზანი იყო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად ექცია. ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რადგან ერთი თემის ირგვლივ გაერთიანდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, ექიმები, ადვოკატები, მთავრობები, დამსაქმებლები, მედია თუ სხვა დაინტერესებული მხარეები. ჩვენ ვიმსჯელეთ, რა უნდა გავაკეთოთ უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის

თემატური კონგრესის ფარგლებში, „ვერსიამ“ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა „ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტთან. გეერტ დომთან. ვიდრე პოსტპანდემიურ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე ვკითხავდი, პირველ რიგში, დავინტერესდი, რა ტენდენციები გამოიკვეთა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებში პანდემიის დროს, როდესაც კორონავირუსის გამო, მთელი დედამიწა „დაპაუზდა“, ჩაიკეტა და რის გამოც, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პირებსაც კი გარკვეული პრობლემები შეექმნათ: 

„როდესაც პანდემიაზე ვსაუბრობთ, ორ ასპექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ერთია ინფექცია და მისი შედეგები და მეორე - სოციალური იზოლაცია ანუ ზომები, რასაც ვიღებთ პანდემიის შესაჩერებლად. თუ ვსაუბრობთ ინფექციებზე, დავინახეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ფსიქიკური აშლილობები, მაგალითად, დეპრესია ან ფსიქოზური ეპიზოდები, ისინი დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ და სამწუხაროდ, ისიც დავინახეთ, რომ როდესაც ინფექცია ჰქონდათ, უფრო მოწყვლადნი იყვნენ გართულებებისადმი. უნდა გავითვალისწინოთ გრძელი კოვიდიც, რასაც გრძელვადიან გართულებებს ვუწოდებთ და შემთხვევების, დაახლოებით, 20% გადადის გრძელ კოვიდში. ძირითადად, ეს ფსიქიკური და ნევროლოგიური გართულებებია, ვგულისხმობ, როგორც გუნება-განწყობის დაქვეითებას, ასევე, კოგნიტურ დეფიციტებს. ეს ჯგუფი მოწყვლადია, ინფიცირდება და სამწუხაროდ, ორმაგი მოწყვლადობაა გრძელი კოვიდის გამო. რაც შეეხება იზოლაციის ზომებს, რაც მოჰყვა კორონავირუსს, სამწუხაროდ, ამ ზომებმა დააზიანა ფსიქიკური დაცვის სისტემები და ადამიანები ვეღარ იღებდნენ შესაბამის სერვისებს, როგორც კლინიკაში, ასევე - ამბულატორიაში. ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეზღუდვებმა ნეგატიურად იმოქმედა ახალგაზრდებზე“, - განუცხადა „ვერსიას“ გეერტ დომმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ცხადია, დავინტერესდით, რატომ იმოქმედა პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ახალგაზრდებზე უფრო ნეგატიურად. გეერტ დომმა „ვერსიას“ განუმარტა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ სოციალური ინტერაქციები, ურთიერთობები, ერთმანეთის ნახვა, რაც „ლოქდაუნის“ გამო მოაკლდათ და ეს იყო მათი მდგომარეობის გაუარესების ძირითადი მიზეზი. თუმცა, იმის გამო, რომ მათი ჩვეული, რუტინული სტრუქტურები - სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი მოიშალა, ამანაც დიდი როლი ითამაშა. გეერტ დომის თქმით, პარადოქსი ის იყო, რომ ახალგაზრდები დაზიანდნენ ინფექციასთან ბრძოლის საშუალებებით და არა - უშუალოდ, ინფექციით.

„ვერსიის“ კითხვაზე, როგორ ახსნის პანდემიის დადებით ფაქტორს ანუ ახალ შესაძლებლობებს, რაც კრიზისის დროს, ერთგვარი სტარტაპების სახით ჩამოყალიბდა, მაგალითად, პირბადეების დეფიციტის პირობებში, ინდმეწარმეებმა ნაჭრის პირბადეები შეკერეს, გეერტ დომმა გვიპასუხა:

„ყველა კრიზისი შესაძლებლობაა. COVID-19-ის ფარგლებში, ჩვენ ვნახეთ გაცილებით ფართო თანამშრომლობა და მეტი ძალისხმევა ევროპის გაერთიანებისკენ. ფაქტობრივად, აფეთქება ტელეშესაძლებლობებისა ინდუსტრიაში, მაგრამ პირველ რიგში, ჯანდაცვაში, რაც ვაქცინების დამზადების სწრაფ პროცესში გამოიხატა და რაც მანამდე შეუძლებელი იყო.

რა თქმა უნდა, გეთანხმებით, დიახ, პანდემიამ უზარმაზარი ბენეფიტი მოგვიტანა, მაგრამ როდესაც ვფიქრობთ, რომ დასრულდა პანდემია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ, ვაცნობიერებთ, რა უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისიც დაგვიტოვა. სამწუხაროდ, ეს კრიზისი გაცილებით ხანრგრძლივი იქნება, ვიდრე პანდემია იყო. კრიზისის გამო კი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები დაზიადებიან“.

„ვერსიასთან“ საუბრისას, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრმა, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოაციაციის კონგრესის თანაორგანიზატორმა, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დირექტორმა, ნინო მახაშვილმა თემატური კონგრესი შეაჯამა:

„ნამდვილად დიდი განსაცდელი იყო კორონავირუსთან გამკლავება, ასევე, ღრმა სტრესთან, გაურკვევლობასთან, ახლობლების დაინფიცირებისა და ეკონომიკური ზარალის შიშის დაძლევა რთული იყო და ბევრმა ადამიანმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო. ეს მოსალოდნელიც იყო, როცა ძალიან დიდი ცვლილებაა ცხოვრებაში, თან ასეთი მასშტაბური, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მართალია, წელს გაცილებით დასტაბილურდა მდგომარეობა და პოსტტრავმატულმა სტრესულმა გართულებამაც იკლო, მაგრამ ეს მდგომარეობა უკრაინის ომის დაწყებამდე გავზომეთ. ახლა  მოგვიწევს, კიდევ ერთელ შევისწავლოთ, რა მოგვიტანა უკრაინის ომმა, რადგან საქართველო ისევე ჩართული, როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა. ეს დამატებითი სტრესია, რაც კვლავ გაგვირთულებს მდგომარეობას. თუმცა უმთავრესია, გვახსოვდეს, რომ კრიზისს მოაქვს შესაძლებლობები და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, როგორც ეს შესაძლებლობა, ასევე, პოზიტიური მარცვალი“.